ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სამშობიარო დაწესებულებათა შემოწმება დაიწყო. კლინიკები, რომლებიც სახელმწიფო სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების მიზანი მკურნალობის დონის გაუმჯობესება და საკეისრო კვეთის შემცირებაა.
რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს მეან-გინეკოლოგები? ამის შესახებ For.ge ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს პალიკო კინტრაიას ესაუბრა.
რას უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით სამშობიარო დაწესებულებების შემოწმების მიზნით?
- ამ დღეებში საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ყრილობა ჩატარდა, რომელიც დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის საკითხს მივუძღვენით. ცნობილი პროფესორები მოსკოვიდანაც იყვნენ ჩამოსულნი. ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე, მაგრამ ეს ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის. სამწუხაროდ, გამოსავლის ძიებას იქიდან იწყებენ ხოლმე, საიდანაც არ უნდა დაიწყონ. რატომ გახსნეს ამდენი სამშობიარო და ამდენი კლინიკა, კითხულობს ვინმე? საერთოდ, მოსახლეობის რა რაოდენობას სჭირდება სამშობიაროს გახსნა? ადრე ცნობილი იყო, რომ დავუშვათ, ქალთა კონსულტაციაში იმდენი ექიმი მუშაობდა, რამდენიც მოსახლე იყო. ერთ ექიმზე უნდა ყოფილიყო არანაკლებ 500 ქალისა, რათა გაეხსნათ ქალთა კონსულტაციის ცენტრები. ახლა, ვინც ფულს იშოვის და სადმე შეძლებს დაიქირაოს ოთახი ან ააშენოს, ყველგან ხსნის სამშობიარო სახლებს. ფაქტი ისაა, რომ ძალიან მოიმატა როგორც ქალთა კონსულტაციების, ასევე, სამშობიაროების რაოდენობამ. ამიტომ ატესტაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სწორია. რომელი კლინიკაც აღჭურვილობითა და ექიმების ცოდნის დონით არ შეესაბამება სტანდარტს, უნდა დაიხუროს. რამდენი ხანია, არ ტარდება ექიმთა ატესტაცია, სერთიფიკაცია და არავინ განსაზღვრავს ექიმის ცოდნის დონეს. თუკი სამშობიარო სახლში წელიწადში 600 მშობიარეზე მეტი არ არის, ის უმდაბლესი დონის სამშობიარო სახლია. ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანს, რომელიც კვირაში ერთხელ აკეთებს ოპერაციას და ერთ მშობიარობას იღებს, რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს? სამშობიარო უნდა იყოს ისეთი, რომ დატვირთვით მუშაობდეს და ექიმს ყოველდღიური სამუშაო ჰქონდეს, რომ ექიმად ჩამოყალიბდეს. ამდენი სამშობიარო რომ გაიხსნა, ვინმემ დათვალა, სად რამდენი მშობიარობაა? სანამ გადაწყვეტდნენ სამშობიაროს გახსნის საკითხს, ვინმეს ხომ უნდა ენახა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო თუ არა საჭირო სამშობიაროების გახსნა?
მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ შობადობამ იკლო და მხოლოდ პატრიარქის მოწოდების შემდეგ თუ ჩნდებიან ბავშვები.
- ეს ნამდვილად ასეა. 1990 წლამდე საქართველოში წელიწადში 150 ათასიდან 160 ათასამდე მშობიარობა ტარდებოდა, ახლა მხოლოდ 60 ათასია. ამ დროს კი სამშობიაროების რაოდენობა, მე მგონი, ათჯერ მაინც გაიზარდა.
რამდენი სამშობიაროა თბილისისთვის ოპტიმალური?
- ოპტიმალურ რაოდენობაზე არ შემიძლია საუბარი, რადგან მე არ ვიცი, დღეს რამდენია თბილისის მოსახლეობა. საერთოდ, თბილისში ხუთი სამშობიარო იყო და ახლა კაცმა არ იცის, რამდენია. ჯერ ერთი, იმისთანა სახელებია მოგონილი, ადრე იტყოდნენ ხოლმე, ვთქვათ, კოწია ერისთავის სახელობის ქირურგიული ცენტრი. აქ იგულისხმებოდა, რომ იმ კაცის დამსახურების გამო მიენიჭა ეს სახელწოდება. ახლა რამდენი გვარის ადამიანიც გახსნის კლინიკას, იმის სახელობისაა. კაცმა არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი, უბრალოდ, იყიდა სამშობიარო და შეიძლება, არც არის გინეკოლოგი. ასე რომ, უნდა ჩატარდეს სამშობიარო სახლების ატესტაცია, მაგრამ ამ ატესტაციას ვინ ჩაატარებს, რა ცოდნის ხალხს დაევალება ამის შემოწმება? ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, თანამდებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად მცოდნეა. ადრე სამშობიაროს მთავარი ექიმი მისსავე დაწესებულებაში ყველაზე დიდი ცოდნის მქონე უნდა ყოფილიყო, ახლა ეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ახლა, შეიძლება, სამშობიაროს მთავარი ექიმი საერთოდ არ იყოს ექიმი. ამიტომ, პირველ რიგში, შემმოწმებლების კვალიფიკაციაც შესამოწმებელია.
სამშობიარო სახლების შემცირება საკეისრო კვეთის რაოდენობას შეამცირებს?
- სამშობიარო სახლების რაოდენობის შემცირებით საკეისრო კვეთა არ შემცირდება. საკეისრო კვეთა ძალზე რთული საკითხია. ეს საჭირო ოპერაციაა მაშინ, როცა აუცილებელია მისი გაკეთება, მაგრამ ღმერთმა დააწესა ისე, რომ ქალი ბუნებრივი გზით უნდა მშობიარობობდეს. ახლა კი, ეს გადაკეთდა ისე, რომ 100 ქალიდან 50 საკეისროთი მშობიარობს. აქ უამრავი მიზეზია გასათვალისწინებელი, მათ შორის, ძალიან ბევრია ადამიანის სინდისზე დამოკიდებული. ამას მთავრობა ვერაფერს გაუკეთებს. თვითონ მშობიარეს შეუძლია მოითხოვოს საკეისრო კვეთის გაკეთება. ჯერ კარებში შემოსული არ არის და უკვე იძახის, მე არ მინდა ტკივილებიო. კანონითაც მას უფლება აქვს, საკეისრო კვეთა მოითხოვოს.
მაშინ უპირველესად კანონია დასარეგულირებელი?
- რა თქმა უნდა, ეს არის დასარეგულირებელი. ექიმის პატიოსნებაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
ექიმები მშობიარეებს ურჩევენ, რომ საკეისრო კვეთა უმჯობესია, რადგან სახელმწიფოსგან გაცილებით მეტ დაფინანსებას ღებულობენ. თუკი ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარია, საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება.
- ეს დაფინანსებასთანაა დაკავშირებული და, აგრეთვე, იმასთან, რომ ექიმების ხელფასი უნდა გაიზარდოს. ცხოვრების პირობები თუ არ გაუმჯობესდა, ექიმს რამდენიც უნდა ელაპარაკო, სახლში რომ მშიერი შვილი ელოდება, ვერ აუხსნი, როგორ მოიქცეს. ამიტომ ხელფასებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობა იხდის მშობიარობისთვის თანხას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება შემცირდეს ზოგიერთ საკითხებში დაფინანსება. ალბათ, ეს ჭორებია.
გინეკოლოგთა ნაწილი ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების გათანაბრებაში ხედავს გამოსავალს. ეს გამოასწორებს მდგომარეობას?
- რა თანხაც გამოყოფილია ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, ის თვითონ ფიზიოლოგიურ მშობიარობას არ ყოფნის. იქ მედიკამენტებია გათვალისწინებული, რომელიც ვინ იცის, როდის არის შედგენილი. ძირითადად ეს იაფფასიანი, ნაკლებად ეფექტური მედიკამენტებია და, როცა ნამდვილად დასჭირდება მკურნალობა მშობიარეს, მისთვის დანიშნულ წამლებს ვერავითარი დაფინანსება ვერ ჰყოფნის. წამლების თანხები თვითონ უნდა გადაიხადოს და თქვენ იცით, მედიკამენტებზე ფასი როგორ არის მომატებული. ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, საკეისრო კვეთის ღირებულება გავუთანაბროთ ფიზიოლოგიურს, არასწორია. მაშინ გავუთანაბროთ ისე, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი ავწიოთ საკეისრო კვეთის ფასამდე და არა პირიქით, რომ საკეისრო კვეთაში რასაც იხდიან, ის დავწიოთ დაბლა და გავუთანაბროთ ჩვეულებრივ მშობიარობას. საკეისროსაც უნდა მოემატოს ღირებულება და ჩვეულებრივი მშობიარობის ფასიც უნდა ამაღლდეს და მაშინ ეს ფაქტორი, რომ სპეციალური დაინტერესებით აკეთებენ საკეისროს, მოიხსნება.
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის სამშობიარო დაწესებულებები, რომლებიც სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ. რამდენად მაღალია სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნილება?
- პირადად მე თუ მკითხავთ, ის სამშობიარო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, უნდა დაიხუროს. როცა სასადილო დაწესებულება მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, შეიძლება, მან მუშაობა გააგრძელოს? თუ პარიკმახერი არ შეიძლება მუშაობდეს მოუწყობელ საპარიკმახეროში, საავადმყოფოსთვის ეს დასაშვები უნდა იყოს? ახლა ლაპარაკია დაყოფაზე, რომელ სამშობიაროს შეიძლება მიეცეს უფლება, აწარმოოს ოპერაციები და რომელმა სამშობიარომ უნდა ამშობიაროს მარტო ჩვეულებრივი მშობიარეები. ჩვენ ვართ მაღალმთიანი რაიონების მქონე ქვეყანა, გვაქვს რაიონები, სადაც წელიწადში საერთოდ არ არის 300 და 400 მშობიარობა და იქ სამშობიაროს დონეზე რანაირად შეიძლება ილაპარაკო? იქ მომუშავე ექიმს როგორ შეიძლება მოსთხოვო რთული ოპერაციების გაკეთება, როდესაც მას ასეთი ოპერაცია წელიწადში ერთხელ არ შეხვდება? ამიტომ დღესაც სამშობიაროები დაყოფილია კლასებად, რომელ კლასს მიეკუთვნება - უმაღლეს თუ დაწყებითს, რომელს აქვს უფლება, გააკეთოს რთული ოპერაცია და რომელს არ აქვს. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ მესტიაში, ამისთანა პატარა დატვირთვის ადგილას, არ შეიძლება სამშობიარო იყოს, სად წავიდეს ქალი, როცა მშობიარობა დაეწყება? მას არ აქვს იმის საშუალება, დროზე გადაიყვანონ ქუთაისში. ხშირად ხდება, რომ ბრიგადები იგზავნება რაიონებში გადაუდებელი დახმარებისთვის, დარეკავ ცენტრში, მოგვაშველეთ დამხმარე ბრიგადა და გპასუხებენ, ახლა კატასტროფის მედიცინის მანქანა წასულია ბათუმში და, როგორც კი ჩამოვა, გამოვგზავნითო. ის რომ ჩამოვა იქიდან, მერე გინდ გამოგზავნონ, გინდ არა. ამიტომ არა მარტო სამინისტროს თანამშრომლებმა, არამედ წამყვანმა სპეციალისტებმაც უნდა განსაზღვრონ სამშობიაროსთვის აუცილებელი დაფინანსების ღირებულებაც და მისი სტანდარტების შეფასების საკითხიც.
ე.წ. იატაკქვეშა სამშობიაროებზე რას გვეტყვით?
- ცალკეული სამშობიაროები არ აკმაყოფილებენ პირობებს, რადგან, პირველ რიგში, ცოდნა არ ჰყოფნით, არ ჰყოფნით აღჭურვილობა. უბრალო მაგალითს მოგიყვანთ, კახეთში იყო ასეთი შემთხვევა, რომ კერძო სახლში სამშობიარო გახსნეს. დავუშვათ, იმ ადამიანმა დაკარგა სინდისი და მოითხოვა, მის სახლში სამშობიარო გაეხსნათ, რადგან დიდი სახლი ჰქონდა, მაგრამ ვიღაცამ ხომ ხელი მოუწერა ამ საბუთს? ის ხომ ოფიაციალური პირი იყო. სწორედ იმ ხალხს უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც ასეთ დაწესებულებებს ხსნის იქ, სადაც არ შეიძლება მშობიარობა ჩატარდეს. იმ სამშობიაროში ქალი დაიღუპა, პატრონებმა დააქციეს იქაურობა, ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცეს და ზუსტად რამდენიმე თვეში მის მეზობლად მისმა მეორე მეზობელმა გახსნა სახლში სამშობიარო. იმასაც ხომ ვიღაცამ მოუწერა ხელი და მისცა სამშობიაროს გახსნის ნებართვა? ამიტომ, თუ კომპლექსურად არ მივუდგებით ამ საკითხს, მარტო იმის ძახილი, რომ შევამციროთ საკეისრო კვეთა, შედეგს არ მოიტანს. კი ბატონო, შევამციროთ და შეიძლება, საკეისრო კვეთა ისეთ დროს არ გააკეთოს ექიმმა, როცა აუცილებელია ქალის სიცოცხლის გადასარჩენად. ამასაც მიხვედრა და ცოდნა სჭირდება, როდის არის აუცილებელი და როდის შეიძლება არ გააკეთონ. დადგენილებით ეს ვერ გამოსწორდება.
ჯერ ერთი, პედაგოგთა კვალიფიკაციაა შესამოწმებელი, ვინც მეან-გინეკოლოგობას ასწავლის სტუდენტებს, ისინი რა დონის პედაგოგები არიან და ვისაც ასწავლიან, ისინიც რამდენად ითვისებენ ნასწავლს. ეს რთული საკითხია. მშობიარობა იმდენად ბუნებრივი პროცესია. მე პირადად, როგორც ექიმი, წინააღმდეგი ვიყავი სამეანო მაშების. როდესაც ბავშვი იბადება, ძვალოვანი მენჯია, რომელიც თავმა უნდა გაიაროს და მენჯის ძვლები თავს აწვება მთელი ძალით, აქეთ საშვილოსნო იკუმშება, ძვლების შიგნით კი ნაყოფის თავის ტვინია და მას აწვება ეს ყველაფერი. ამას კიდევ მაშებს რომ მიამატებ, კიდევ უფრო დააწვები. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა არ არის სასურველი, მაგრამ, თუ ნაყოფის მდგომარეობა ისეთია, რომ ის რამდენიმე წუთში შეიძლება დაიღუპოს, სხვა გზა არ არის, უნდა დაადო მაშები. ამიტომ მცოდნე ექიმი ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანს მშობიარობას და არ გახდება საჭირო მაშების დადება, ასევე, მცოდნე ექიმი დროზე მიხვდება, საკეისრო კვეთა როდის უნდა გააკეთოს და როდის არა. მაგრამ ეს მცოდნე ექიმი საიდან მოვიყვანოთ? მომამზადებლებმა უნდა იზრუნონ ამაზე. ეს მიგვიყვანს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებამდე. ამიტომ სამშობიაროს, რომელიც დაიწუნება და ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მას მარტო საკეისრო კვეთა კი არ უნდა აუკრძალო, საერთოდ, მშობიარობის მიღება უნდა აუკრძალო.
როდესაც იხსნება სამშობიარო, ერთი ადამიანი არ კმარა სამშობიაროში, რა კადრებით აპირებს სამშობიაროს გახსნას? საიდან მოიყვანს კადრებს? თუ იყიდის სამშობიაროს, თავის ნათესავებს ღებულობს და სხვისი მიღება აღარ უნდა. მშობიარობა ბიზნესად გადაიქცა. ამ დროს კი მშობიარობა არ შეიძლება იყოს ბიზნესი. 25 წლის განმავლობაში მთავარი გინეკოლოგი გახლდით და მაშინ მივაღწიეთ მიზანს, როცა არანაირი პირობები არ იყო, ახლა კი იმაზე უარესი მაჩვენებლები გვაქვს.