ივნისის ბოლოდან მეწარმეებს ელექტრონულ აპარატებს მიუერთებენ

ივნისის ბოლოდან მეწარმეებს ელექტრონულ აპარატებს მიუერთებენ

[ეკა ბაქრაძე]

ერთი თვის თავზე, როდესაც ზაფხული ძალაში შევა, მეწარმეებს დამატებით დასცხებათ, რადგან ამ დროს საქართველოში ახალი ელექტრონული სალარო აპარატები შემოვა. წლის ბოლომდე ყველა წვრილსა თუ მსხვილ ბიზნესმენს მისი შეძენა მოუწევს. სახელმწიფო კი მხოლოდ ძალიან წვრილებს შეეშველება.

ივნისის ბოლოდან საქართველოში ახალი სალარო აპარატები შემოვა. შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, სალარო აპარატებთან ერთად ცენტრალიზებული მართვის სისტემაა საჭირო.

„მიმდინარეობს ახალი სალარო აპარატების დამზადების პროცესი. ბულგარული კომპანია პირველ პარტიას ამზადებს, თუმცა სალარო აპარატებთან ერთად ჩვენ მართვის ცენტრალიზებული სისტემა უნდა გვქონდეს. ახლა ჩვენი და ბულგარული კომპანიის პროგრამისტები მართვის აღნიშნული სისტემის შექმნაზე მუშაობენ“, - განმარტა ებანოიძემ.

ახალი სისტემის სალარო აპარატებთან დაკავშირებით მთავრობის გასული წლის 14 დეკემბრის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ცხაკაიამ ე.წ. „ახალი ეკონომიკური კურსის“ ფარგლებში ისაუბრეს.

როგორც მაშინ ბაინდურაშვილმა განაცხადა, „ამ სისტემის აპარატების დანერგვით ქვეყანაში საგადასახადო ადმინისტრირების ევროპული სისტემა ინერგება“. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აპარატები მეწარმეებს უფასოდ გადაეცემოდათ. მაშინ ბანდურშვილს არ უთქვამს, რომ საჩუქარი მხოლოდ მეწარმეთა ნაწილს ეხებოდა. ახლა კი სხვაგვარი რეალობაა.

იმ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო მათ, ვისი ბრუნვაც ამ თანხას აჭარბებს, სალარო აპარატის შეძენა მოუწევს. საერთო ჯამში, ახალი აპარატების მეწარმეებისთვის გადაცემა სახელმწიფო ბიუჯეტს 13,3 მილიონი ლარი დაუჯდება.

100 ათას ცალ სალარო აპარატს ტენდერში გამარჯვებული კომპანია DAISY TECHNOLOGH შემოიტანს, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპარატების ჯამური ღირებულება 13 300 000 დოლარს შეადგენს (დღგ-ს გარეშე). კომპანია აპარატების ეტაპობრივ მიწოდებას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს.

სალარო აპარატს 3-წლიანი გარანტია გააჩნია. აპარატის ღირებულება 135-150 დოლარი იქნება.

ახალი სისტემის დანერგვა ფინანსთა სამინისტრომ ადმინისტრირების გამარტივების მიზნით შეუმუშავა. გარდა ამისა, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა მეწარმის ნდობას მათ მიმართ მნიშვნელოვნად აამაღლებს, ვინაიდან საგადასახადო ოფიცერი თავად აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ შეამოწმოს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა. ამჯერად, ოფიცერს „ესემესით“ მიუვა შეტყობინება თუ სად უნდა წავიდეს და სად განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა და ეს სისტემა მთლიანად პროგრამირებული გახდება.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული შემოწმების სისტემა ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. მთავარია, რამდენად სწორად იქნება შექმნილი სამინისტროს მიერ გაკეთებული პროგრამა.