„დარწმუნებული ვარ, კეკუას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება კავშირშია ლომინაძის საქმესთან“

„დარწმუნებული ვარ, კეკუას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება კავშირშია ლომინაძის საქმესთან“

ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ხელოვნურად შექმნილი მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული. მთავარი პროკურორის განმარტებით, „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობის საქმზე პროკურატურა წარადგენს იმ ახალ მტკიცებულებებს, რაც მოიპოვა გამოძიების პროცესში და უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიჩნევს თუ არა ახალ მტკიცებულებებს იმ განაჩენის გამომრიცხავად, რაც აქამდე იყო გამოტანილი.

ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით, რომ გათავისუფლდეს გია გვიჩიანი. ირაკლი შოთაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში არსებობს სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც კონკრეტულ მსჯავრდებულებს განაჩენად გამოტანილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა.

„შესაბისად, ერთადერთი გზაა, სასამართლომ უნდა გადასინჯოს ეს განაჩენი, თუ მიიჩნევს, რომ ახალი მტკიცებულებებით ბათილდება ის მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობოდა განაჩენი, რა თქმა უნდა, ეს აისახება იმ სასჯელზე, რომელსაც მსჯავრდებულები იხდიან“, - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობის საქმზე პროკურატურას რამდენიმე ახალი მტკიცებულება აქვს. მათ შორის არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ლომინაძის მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ მომხდარა. საქმის მასალებში არ დევს მაყუჩიანი ტიპის იარაღი, რის საფუძველზეც გამოძიებამ ბრალი წაუყენა გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას.

გარდა ამისა, საქმეში არ არის მკვლელობის ტყვია. როგორც ირკვევა, საქმეში იყო მკვლელობის ტყვია, მაგრამ პოლიციის გენერალმა დავით კეკუამ იგი საქმიდან ამოიღო და სხვა ტყვია ჩადო, სულ სხვა ადამიანის იარაღიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ეს უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა და 8 თვე დაპატიმრებული ჰყავდა, მოგვიანებით კი, გაუშვა. გარდა ამისა, კეკუამ გააყალბა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. რატომ და ვისი დაკვეთით მოქმედებდა კეკუა უცობია, მაგრამ ფაქტია, რომ კეკუამ გამოძიებას კვალი აურია.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს იარაღი და ტყვია, არსებობს თითის ანაბეჭდი, მაგრამ ეს ანაბეჭდები ამ საქმეზე გასამართლებულების თითის ანაბეჭდებს არ დაემთხვა, ისევე, როგორც დნმ-ის ფრაგმენტები - თმის ღერები და სიგარეტის ნამწვი. ამერიკის ფედერალური ბიუროს გამოძიებამ დაასკვანა, რომ ერთი მოწეულია თავად ნიკა ლომინაძის მიერ, ხოლო მეორე უცხო ადამიანის მიერ. უცხო ადამიანში გამოირიცხა მისი ოჯახის ყველა წევრი, ასევე შემთხვევის ადგილას მისული საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები. for.ge-ს ინფორმაციით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება სამუდამოდ პატიმრობა მისჯილების სასარგებლოდ მეტყველებს.

ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა ტიპის იარაღით აქვს მიყენებული დაზიანება გარდაცვლილს და რატომ არიან ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია, თუ დაზიანება მიყენებული არ არის მაყუჩიანი იარაღით? - ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე საბოლოო სიტყვა მთავარმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა თქვას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა დავით კეკუამ თბილისის მე-7 საპყრობილეს საკანში თავი ჩამოიხრჩო. მას მტკიცებულებების გაყალბებაში და სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოტორად გამოყენებაში ედებოდა ბრალი. იგი ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. კეკუას ნათესავები მისი თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას არ იზიარებდნენ. თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ საკნებში დამონტაჟებული ვიდეო კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, როგორ ჩამოიხრჩო მან თავი. შესაბამისად, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, თუკი საკანში დამონტაჟებული იყო კამერა, რატომ არ აღკვეთა მაშინ სასჯელაღსრულებამ სუიციდის ფაქტი?

გია გვიჩიანის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ პოლიციის გენერალი დავით კეკუა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. მისი თქმით, კეკუამ იცოდა რეალურად ვის ეკუთვნოდა ტყვია და სწორედ ამიტომ შეცვალა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კეკუას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება კავშირშია ამ საქმეებთან. ერთ-ერთი საქმე ალბათ, იყო ლომინაძის მკვლელობის სკანდალური საქმე, რომ კეკუას არ ელაპარაკა. გამოძიებისთვის ცნობილია ადამიანი, რომელიც 8 თვე ყავდა კეკუას დაკავებული, როგორც მკვლელი. ტყვია, რომელიც ჩადო კეკუამ საქმეში, ამ ადამიანის იარაღს დაემთხვა და ამიტომ დააკავეს. კითხვები იყო უამრავი, რომელიც ჰქონდა დაცვის მხარეს წლების განმავლობაში გამოძიებასთან და სასამართლოსთან, მაგრამ მაშინ ხმას არ იღებდა არავინ, სასამართლო კვერს უკრავდა პროკურატურას ამ პროცესში და მივიღეთ ის, რომ ადამიანები 11 წელია უკანონოდ იხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ თქვა, რომ აქ არ არის მაყუჩიანი იარაღით მომხდარი მკვლელობა. დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც მაშინ იძულებით მისცეს არასწორი ჩვენება,  თითქოს მკვლელობის მომენტში იმყოფებდონენ ბახტრიონის ქუჩაზე. სინამდვილეში კი, ისინი ტაბახმელაში იმყოფებოდნენ და მათი ოჯახის წევრებს აიძულებდნენ არასწორი ჩვენება მიეცათ. ემუქრებოდნენ არასრულწლოვანი შვილების პრობლემებით.

ასევე გეტყვით, რომ დამუშავდა ამ ადამიანების სატელეფონო ანძები და გადაადგილებები, რომლითაც ასევე დადასტურდა, რომ ადამიანები, რომელთაც ედავებოდნენ, თითქოსდა ლომინაძის მარშრუტს სწავლობდნენ, აღმოჩნდა, რომ ლომინაძე და ეს ადამიანები საქართველოში ერთად მხოლოდ 2 საათი იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი სატელეფონო ზარები და გადაადგილებები ერთმანეთს არ ემთხვევა. საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც გვიჩიანის და ჩემიას უდანაშაულობას ადასტურებს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები არიან უდანაშაულო პატიმრები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანი ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ ორ დღეში და დაახლობით თვენახევარში ნოდარ ლომინაძე დაკითხა გამოძიებამ. სასამართლო დაკითხვაზე ლომინაძე ამბობს, რომ მისთვის არ არის ცნობილი ნიკა ლომინაძეს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდა თუ არა და უჭირს შეფასების გაკეთება, იყო თუ არა ნიკას მკვლელობა დაკავშირებული მის სამსახურთან.

„30 ოქტომბრის დაკითხვაში კი იძახის, რომ მკვლელობა შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო მის სამსახურთან, მისი აზრით, დამნაშავე იყო ნაცნობი, რადგან ნიკა უცნობს სახლში არ შეუშვებდა. „საფერფლეში ორი ღერი სიგარეტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკას ვიღაცასთან ჰქონდა საუბარი, რადგან უცნობთან იგი არ ისაუბრებდა“, - ამას ეუბნება გამოძიებას. არსად არ უწერია, მე ვარ მკვლელიო.

4 წლის შემდეგ, როცა დამაპატიმრეს, გამოძიებამ, კერძოდ სოდ-მა ხელმეორედ დაკითხა და ამ დაკითხვაში ის წერს, რომ მართალია, ნიკა არ საუბრობდა თავის სამსახურეობრივ საქმიანობაზე მასთან, მაგრამ ნიკამ მკვლელობამდე გარკვეული დროის წინ რამდენჯერმე ახსენა გვარი გვიჩიანი, რომ „თელასში“ აკეთებდა ფულს, საიდან და როგორ, ეს გასარკვევი იყო. წინა ორ ჩვენებაში ჩემი გვარი არ უხსენებია, მაშინ, როდესაც მას და მის მეუღლეს ყველა გარშემომყოფზე ჰქონდათ ეჭვი. ისე დამაპატიმრეს, რომ საქმე გამოძიებული არ ჰქონდათ. დაპატიმრების შემდეგ დაიწყო საქმის გამოძიება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია გვიჩიანი.

მისივე თქმით, გამოძიება მას სთავაზობდა არარსებული დანაშაულის აღიარებას, მკვლელობის შემკვეთად „თელასის“ გენერალური დირექტორის იგნასიო ირიბარენის დასახელებას სთხოვდნენ.

„მთავაზობდნენ, რომ მეთქვა შუამავალი ვიყავი და შემკვეთად დამესახელებინა „თელასის“ გენერალური დირექტორი, რომელიც ვენესუელაში ცხოვრობს. გამოძიებამ მითხრა, რომ მას ვენესუელიდან ვერავინ ვერ ჩამოიყვანს, დაადე მას ხელი და პირობითი მოგესჯებაო, რაც არ გავაკეთე. ამის შემდეგ, მოულოდნელად გადამიყვანეს სხვა ციხეში და შემიყვანეს იმ საკანში, სადაც 2 დღით ადრე ადამიანმა თავი ჩამოიხჩო. მაშინ მივხვდი, რომ დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია. იცოდნენ, რომ არ ვიყავი მკვლელი და არც მკვლელობის შემკვეთი, მაგრამ ამის მიუხედავად სასჯელის უმაღლესი ზომა, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მერწმუნეთ, რომ ეს რთულია უდანაშაულო ადამიანისთვის“, - აცხადებს გია გვიჩიანი.