შეუსევს თუ არა ერდოღანი ევროპელებს სირიელ ლტოლვილებს?!

შეუსევს თუ არა ერდოღანი ევროპელებს სირიელ ლტოლვილებს?!

„თუ უფრო შორს წახვალთ, საზღვრები გაიხსნება“, -ასეთი მუქარა მიიღო ევროკავშირმა ერდოღანისგან. თურქეთის პრეზიდენტი აფრთხილებს ევროპელებს, თუკი თურქეთთან მოლაპარაკების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებენ, თურქეთი მიგრანტებისთვის ევროპისკენ მიმავალ საზღვრებს გახსნის.

ეს განმარტება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკომისიასა და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერონ.

შეუსრულებს თუ არა ერდოღანი მუქარას ევროპელებს და შეუსევს თუ არა მათ სირიელ ლტოლვილებს?!

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერდოღანის მუქარა რეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მართლაც ძალიან ბევრი დევნილია ახლო აღმოსავლეთიდან. აქ არა მარტო სირიელ ლტოლვილებზეა საუბარი, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან შესულ დევნილებზეც.

„ერდოღანის პოზიცია გასაგებია. პრაქტიკულად, ევროკავშირმა თურქეთი მიატოვა და დევნილების პრობლემის წინაშე მარტო დატოვა. ეს მაშინ, როცა ევროკავშირი დაპირებული იყო თურქეთისთვის ფულად დახმარებას, რათა დევნილებს დახმარებოდა თურქეთი. ასევე, ევროკავშირი დაჰპირდა თურქეთს მრავალ პროექტში ფულადი სახსრებით დახმარებას, მაგრამ იმის გამო, რომ თურქეთმა არ შეცვალა ანტიტერორისტული კანონმდებლობა, ევროკავშირმა შეზღუდა მათთან მოლაპარაკება. ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირს სერიოზული პრობლემები აქვს ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგის გამო. მათ ეშინიათ, რომ ევროპაში მემარჯვენეები გაიმარჯვებენ. ბოლო გამოკითხვებით, საფრანგეთში მემარჯვენეები ლიდერობენ. მარი ლეპენი მოიგებს თუ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, არავინ იცის, მაგრამ დიდი შანსია, უმრავლესობით მოვიდნენ მემარჯვენეები, რომლებიც ისედაც აპირებენ საზღვრების დაკეტვას მიგრანტებისთვის და მიგრანტების დეპორტაციაზეც იქნება საუბარი“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

მისი თქმით, მართალია, ერდოღანი თავისი მუქარის შემსრულებელია, მაგრამ ერდოღანი უკვე წარსულის პოლიტიკოსია. მსოფლიოში მისი შემცვლელის თაობაზე უახლოეს ხანში შეთანხმდებიან რუსები, ამერიკელები და ევროპელები, როცა ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ამის შემდეგ სულ სხვა ვითარება შეიქმნება რეგიონში.

„როცა ჩვენ ვიძახდით, რომ ერდოღანი დიქტატორია და საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვისაც და საქართველოსთვისაც, მაშინ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. დღეს კი ჩანს, რომ ერდოღანი საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ იქნება ერდოღანის შემცვლელი. ჩვენი მთავარი პრობლემაა, ჯიჰადისტები არ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“,-აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპამ ყველაფერი გააკეთა, რათა ერდოღანის შანტაჟის მსხვერპლად ქცეულიყო. ევროპამ თავად დაიგო ხაფანგი და გაება საკუთარ ხაფანგში. ერდოღანი აცხადებს კიდეც, რომ ის სამ მილიონამდე ლტოლვილს ინახავს თურქეთის ტერიტორიაზე. მართალია, ევროკავშირმა დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ ევრომდე თანხა გამოუყო, მაგრამ თურქეთი თანხებს დამატებით ითხოვდა. ამიტომ ევროკავშირს იმთავითვე უნდა ეფიქრა, როცა ერდოღანს ხელში ჩაუგდო მძლავრმოქმედი იარაღი საკუთარი თავის წინააღმდეგ.

„ერდოღანი რომ ლტოლვილების თემას მუდამ გამოიყენებდა შანტაჟის იარაღად, ეს ცხადი იყო. გაოცებული ვარ, იმავე შულცმა, მერკელმა თუ მოგერინმა რატომ არ განსაზღვრეს ის, რაც მშვენივრად იცოდა ევროკავშირის ნებისმიერმა ჩინოვნიკმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟისკარ დ’ესტენი ჯერ კიდევ როდის ამბობდა, რომ ევროპა არასდროს მიიღებდა თავის რიგებში თურქეთს, ვინაიდან თურქეთს საერთო არაფერი ჰქონდა ევროპულ ფასეულობებთან. ეს ოცი წლის წინანდელი ამბავია, როდესაც თურქეთმა პირველად განაცხადა სურვილი ევროკავშირში შესვლის შესახებ. ამიტომაც თურქეთს არ იღებდნენ ევროკავშირში, დროს უჭიანურებდნენ. ამ მხრივ თურქეთსა და საქართველოს შორის დიდი განსხვავებაა. საქართველოს შეიძლება გაუჭიანურონ ნატოში, ევროკავშირში მიღება და საქართველო მორჩილად მიიღებს ამას, რადგან თმენის რეჟიმის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩენია, მაგრამ თურქეთს სხვა გზა აქვს. ნატოს შეიარაღებულ ძალებში ამერიკის შემდეგ თურქეთს ყველაზე მძლავრი და დიდი არმია ჰყავს. 15 ივლისის აჯანყების მცდელობის შემდეგ თურქეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები და 60 ათასი ადამიანი ციხეში ზის ყოველგვარი სასამართლოს გარეშე. ერთი ნაბიჯიღა აშორებს თურქეთს სიკვდილით დასჯის შემოღებამდე, რაც ჟრუანტელს გვრის ევროჩინოვნიკებს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, ახლა ფიქრობენ, ერდოღანის ნათქვამი ბლეფია თუ მართლაც შეუსევს ერდოღანი ევროპელებს სირიელ ლტოლვილებს, თუმცა ერდოღანის მუქარა 50/50-ზეა.

ამდენად, უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, იტყვის თუ არა უარს თავისი პრინციპების საჯაროდ დაცვაზე (ადამიანის უფლებების უზენაესობაზე, სიკვდილით დასჯის უარყოფაზე), თუ თურქეთთან განაახლებს მოლაპარაკებებს. ერდოღანი უკვე აღარ დაკმაყოფილდება ევროკავშირთან მხოლოდ მრავალწლიანი მოლაპარაკებით, ერდოღანი პირდაპირ მოითხოვს კონკრეტულ ვადებს, როდის გაწევრიანდება ევროკავშირში.

„თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია, რადგან ერდოღანმა მშვენივრად იცის, რა არის მისთვის რუსეთის ბაზარი და რა არის ევროპის ბაზარი. მან მშვენივრად იცის, რას ნიშნავს რუსეთთან ღია საზღვარი და ევროპასთან ღია საზღვარი. რუსეთი და თურქეთი ვერასდროს გახდებიან სტრატეგიული პარტნიორები. უბრალოდ, მათ შეუძლიათ თემატურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან. შანხაის ორგანიზაციაში ერდოღანი შევა, მაგრამ შევა, როგორც უმცროსი პარტნიორი. ცხადია, ჩინეთი ვერ აიტანს თურქეთთან თანაბარ უფლებებს. ვერც რუსეთი აიტანს თურქეთის თანასწორობას. რუსი მეფეები ისლამის მანიაკალური მტრები კი არ იყვნენ, ომები რომ ჰქონდათ თურქეთთან. სრუტეების საკითხი მუდამ იქნება, ერდოღანიც არ არის კარგ დღეში, მით უმეტეს, თუ ტრამპმა გული აიცრუა ნატოზე, ეს ნიშნავს, რომ გაფერმკრთალდება თურქეთის, როგორც ნატოს სამხრეთ ფლანგის მთავარი ძალის ფასი“.

სოსო ცინცაძის თქმით, ცივი ომის დროს ოქროს ფასად ღირდა თურქეთთან ურთიერთობა, რადგან ნატოს სამხრეთის ფლანგი გარანტირებული იყო თურქეთის მილიონიანი არმიით, ამერიკული შეიარაღებით. ახლა კი თუ ტრამპმა თავისი მუქარა სისრულეში მოიყვანა, თურქეთი ამერიკისთვის ისეთი საჭირო მოკავშირე აღარ იქნება. ამის მიუხედავად, ევროპისთვის 3-მილიონიანი ლტოლვილის შესევა კოშმარად რჩება. მით უმეტეს, რომ მილიონ სამასი ათასი ლტოლვილი უკვე ჰყავს ევროპას, აქედან ლომის წილი გერმანიაზე მოდის, რაც მერკელისთვის მეოთხედ კენჭის ყრის დროს მთავარი ხელისშემშლელი იქნება. თუ გერმანელებს კიდევ ახალი ლტოლვილები მიემატა, მერკელის პოლიტიკური შანსები გაქრება.

„დღეს მერკელი ლიბერალური ევროპის ერთადერთი იმედია. მერკელმა ითავა ეს ლიდერობა და, თუ მერკელიც დამარცხდა, სიტუაცია გაურკვეველი იქნება. ერდოღანმა რომც დაიწყოს ფლირტი რუსეთთან და შანხაის ორგანიზაციაშიც გადადგას ნაბიჯი, საეჭვოა, უცებ გახსნას კარი და 3-მილონიანი ბრბო შეუსიოს ევროპას. ამდენად, ერდოღანის სიტყვები მხოლოდ მუქარად მიმაჩნია“.