„ნაციონალებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ, მათ სააკაშვილს უნდა დაუმტკიცონ, რომ ისეთივე „მებრძოლები“ არიან, რომ სიტყვას არ შეარჩენენ ხელისუფლებას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, იქნება თუ არა კონსტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ უყურებენ თავიანთ პერსპექტივას, ან როგორი სტრატეგია ექნებათ არჩეული ადგილობრივი არჩევნებისთვის.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოუცხადა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, თუმცა მთავრობამ ვერ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერა. ტრადიციულად, მთავრობის კაბინეტის მოსმენა მწვავე დაპირისპირების და ურთიერთ ბრალდების ფონზე მიმდინარეობდა, რამდენად კონსტუქციული იყო ოპოზიცია?
ვახტანგ ძაბირაძე: მოდით, რეალურად ვთქვათ – ხელისუფლებას ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არ უნდა ილპარაკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლად ყირაზე რომ დადგეს პარლამენტში, ვერ შეძლებს წინ აღუდგეს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ნაციონალებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სტრატეგიულად მათთვის რა უფრო მომგებიანია, დარჩნენ იმ პოზაში რა პოზაშიც მთავრობის კაბინეტის მოსმენის დროს იყვნენ, თუ შეცვალონ თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.
როდესაც ვლაპარაკობთ კონსტრუქციულობაზე, ხელისუფლებას არაფერში არ სჭირდება ოპოზიციასთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მან გადაწყვეტილებები მიიღოს. მისი ნებაა, უნდა ითანამშრომლებს, უნდა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა კონსტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ უყურებენ თავიანთ პერსპექტივას ან როგორი სტრატეგია ექნებათ არჩეული ადგილობრივი არჩევნებისთვის. თუმცა, არ ველოდები, რომ ნაციონალები კონსტრუქციული გახდებიან.
ნაციონალებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ, მათ სააკაშვილს უნდა დაუმტკიცონ, რომ ისეთივე „მებრძოლები“ არიან, რომ სიტყვას არ შეარჩენენ ხელისუფლებას, რადგან სააკაშვილი წინააღმდეგი იყო ამ ჯგუფის პარლამნეტში შესვლის.
ახალ მთავრობაში ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ გუნდში განხორციელდა, შესაბამისად მთავრობა ამით ამბობს, რომ მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკა, მაგრამ გარდა ეკონომიკისა, რა გამოწვევის წინაშე დგას ახალი გუნდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ?
– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და ამასთანავე უდიდესი პრობლემებია. სამწუხაროდ, ის რაც ჩვენ გვჭირს, ეს არის კომპლექსური პრობლემა და თანაც ყველა მიმართულებით. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, გასული ოთხი წლის განმავლობაში, რეალურად ვერ შევძელით დიდი გარღვევა, თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვის კუთხით გარკვეულ პროგრესს. შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც იყო 2012 წელს, გაღრმავდა და კიდევ უფრო მწვავედ დადგა დღევანდელი ხელისუფლების წინაშე.
ამას ემატება საგარეო ფაქტორებიც?
– რა თქმა უნდა. ვხედავთ, რომ კიდევ უფრო აგრესიული ხდება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გნებავთ განცხადებებში და გნებავთ ქმედებებში, ვგულისხმობ ყირიმის აგრესიას, სულ ახლახან გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას და სამხედრო ხელშეკრულებებს, რომელიც სეპარატისტულ მთავრობასთან ფორმდება. ყველაფერი ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
აგრესიული საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, თვისობრივი ხასიათის არის სამთავრობო ცვლილებები?
– იცით, მთავრობის პროგრამა და 4 პუნქტიანი გეგმა, შესაძლოა, ძალიან ლამაზია და კარგი ჩანდეს შორიდან, მაგრამ რამდენად აქვს დღეს ხელისუფლებას რესურსი, რომ ამ პროგრამის რეალიზება მოახდინოს, აი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. სულ არ მინდა წინასწარ პესიმისტური პროგნოზები გავაკეთო, მთავრობის განახლება მოხდა, შიეცვალა ეკონომიკური გუნდიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადა უნდა მივცეთ მთავრობას, სადაღაც თებერვლის ბოლოს, მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე გამოჩნდება ახალი გუნდი გადაეწყო და შეცვალა მუშაობის პრაქტიკა, თუ ყველაფერი ისევ ისე განვითარდება, როგორც იყო ამ 4 წლის განმავლობაში.
თუ პროცესი ისევ იგივე ტემპით განვითარდა, მაშინ ოპტიმიზმის დიდი საფუძველი არ გვექნება. არსებული პრობლემები არის მოსაგვარებელი, ხელისუფლება უნდა იყოს უფრო ეფექტური და ქმედუნარიანი. შეძლებს თუ არა ამას ახალი გუნდი, ამას ვნახავთ გაზაფხულზე. პროგრამა მიმზიდველია, მაგრამ პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე ის 4-პუნქტიანი გეგმა.
პირველ რიგში, ხელისუფლების მთავარი პრობლემა იქნება სტაბილურობის შენარჩუნება და არ ვგულისხმობ მხოლოდ ეკონომიკურ სტაბილურობას, ვგულისხმობს პოლიტიკურ სტაბილურობას. შესაძლოა, გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი რყევები არ დაიწყოს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ შემდეგი წელი არის ადგილობრივი არჩევნების წელი.
ისევ ვერთვებით საარჩევნო ბატალიებში და შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც...
– კიდევ ერთხელ ვამბობ, საჭიროა უფრო მკვეთრი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა. მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ ხელისუფლება მიმართული არის პრობლემების გადასაწყვეტად. ამას სჭირდება არა მარტო პიარი, არამედ ახსნა საზოგადოებისთვის და ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ საზოგადოებისთვის მისაღები იყოს ის კურსი, რასაც ხელისუფლება აირჩევს. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრობლემა, მოგვიწევს დალოდება რას იზამს ხელისუფლება.
გაზაფხულზე ისევ შევდივართ პოლიტიკურად აქტიურ ფაზაში, მაგრამ ფაქტია, რომ პრაქტიკულად მოსუფთავებულია ოპოზიური ველი, ამ მოწმენდილ ველზე თვითმმართველობის არჩევნები იქნება რისკებთან დაკავშირებული?
- ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რადგან არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა არის ძალიან დიდი. ადგილობრივი არჩევნების დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს. გეთანხმებით, რომ პოლიტიკური ველი მოსუფთავებულია და ამას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთვება პიროვნული ინტერესები. რომელიმე რეგიონში პარტიის აქტივისტი და წევრი იბრძვის არა იმისთვის, რომ პარტიული სიით გავიდეს ვიღაცა, არამედ იბრძვის თავისთვის.
პოლიტიკური ველი მოსუთავებულია, მაგრამ გაზაფხულისთვის ახალ წარმონაქმნებს ნამდვილად ველოდები. ველოდები ახალ გადაჯგუფებებს, იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები ალბათ, მიხვდებიან, რომ მათთვის აზრი არ აქვს პოლიტიკაში ყოფნას, ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის. შესაბამისად, ეს ვითარება აიძულებს გარკვეულ ძალებს, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. ველოდები, რომ საარჩევნო ბლოკები შეიქმნება.
ამის ფონზე, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება როგორ შეძლებს ხელისუფლება უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევებს...
- სწორედ ამას ვგუსხმობდი, როდესაც სტაბილურობაზე გავაკეთე აქცენტი. ადგილობრივ არჩევნებზე არსებობს მეორე სპეციფიკური მხარეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტაქტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში გამოიყენა - ნაციონალების მტრის ხატად წარმოჩენა - ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ძალიან მცირე დოზით. იქ მოსახლეობას ვერ შეაშინებ იმით, რომ რომელიმე რაიონში ნაციონალები მოვლენ ხელისუფლების სათავეში და ამიტომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეთ მხარიო. რატომ ვერ იმუშავეს თვითმმართველობის შემთხვევაში, როდესაც იმუშავა საპარლამენტო არჩევნებში?
- რაიონებში ყველა ყველას იცნობს და ამ შემთხვევაში მის პარტიულ კუთვნილებას უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის პერსონალურ თვისებებს. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ აქ უკვე საკმაოდ გაუჭირდება, საკამაოდ დაძაბული კონკურენცია იქნება. ისეთი პროცესებს ველოდები, რომელიც მოხდა იგივე კორცხელში. ამიტომ, ხელისუფლებას სჭირდება იყოს ძალიან ფხიზლად, რომ კორცხელი არ განმეორდეს არა მარტო ერთგან, არამედ მასიურად არ მოხდეს რაიონებში. ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს.
ადგილობრივ არჩევნებში პარტიულ კუთვნილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ, „ქართულ ოცენებას“ მოუწევს საარჩევნო ტაქტიკის და სტრატეგიის შემუშავება. უფრო გადახალისებული და მორგებული სწორედ თვითმმართველობაზე, რაც არც ისე ადვილია ჩვენს პირობებში.
2017 წელს საქართველოში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2017 წელს პენსიები არ გაიზრდება. ერთი მხრივ გულწრფელი საუაბარი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, არჩევნების წინ რამდენად სწორი გზავნილია?
- ნამდვილად ვაფასებ პრემიერის გულწრფელობას და როდესაც ვლაპარაკობ მთავრობის ეფექტურ საქმიანობაზე, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ქვეყნის გამოყვანა უნდათ ამ ჭაობიდან, მთავრობას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გამიხარდა მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან, როდესაც თქვა, რომ არ გვაქვს ამის საშუალება და პენსიებს ვერ მოვუმატებთო. გასაგებია, მესმის პენსიონერების, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავინახე, რომ ხელისუფლებას ესმის საკითხი, პრობლემები და მას შეუძლია ასეთი არაპოპულარული განცხადება გააკეთოს.
ის, რომ პენსია არ იზრდება, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ადგილობრივ არჩევნებზე და ამას მოწინააღმდეგეები გამოიყენებენ. იმედს ვიტოვებ, რომ აგვისტოს ბოლოს, როდესაც უკვე აქტიური იქნება საარჩევნო კამპანია, ხელისუფლება არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და არ იტყვის, რომ მოვძებნეთ სახსრები და 10-10 ლარს მოვუმატებთ პენსიონრებსო. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა, ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორს. მეტსაც გეტყვით, არა მარტო განცხადებები, არამედ უფრო მეტი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას.