ფოტოგრაფების საქმეს „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნება

ფოტოგრაფების საქმეს „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნება

მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრეზიდენტის შვილი სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გადახედვა აქტიურ ფაზაში შედის და ამასვე ადასტურებს for.ge-ს ინფორმაცია, რომლის მიხევით მთავარი პროკურატურა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნის.

2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით 4 ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სასამართლომ, მოსამართლე ზვიად ესებუას ხელმძღვანელობით 4 ქართველი ფოტოგრაფი „დამნაშავედ“ სცნო ისე, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც ფოტოგრაფების დანაშაული დასტურდებოდა, არ იყო.

ამ გახმაურებულ საქმეში მთავარი მტკიცებულება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, რომ ფოტოგრაფები დაესაჯა, რადგან მათ 26 მაისის სადიზმი მსოფლიოს აჩვენეს. სწორედ მათ მიერ გადაღებული კადრებით გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი რეჟიმი.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი მოეხსნათ, თუმცა საქმეზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო საზოგადოებამ ვერ გაიგო, ვის „სასარგებლოდ ჯაშუშობა“ ედებოდათ ბრალად დაკავებულებს. for.ge-ს ინფორმაციით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა საქმეს „საიდუმლო“ გრიფს მოხსნის.

აღნიშნული საქმე, რომ შეკერილი იყო, ეს თავად ექსპრეზიდენტმა 2014 წელს გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა. მაშინ სააკაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფოტოგრაფების საქმე მთლად სუფთად არ იყო წარმართული და ეს ეჭვები დღემდე აქვს.

საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხნის მნიშვნელობაზე საუბრობს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, რომლის განცხადებით, სწორედ ამ პროცედურის დასრულების შემდეგ საზოგადოება შეიტყობს, როგორ შეიკერა და შეიქმნა მტკიცებულებების გარეშე ე.წ. ფოტოგრაფების საქმე.

„მოდით დაველოდოთ გამოძიებას. დამატებით ახალს ვერაფერს ვერ დავამატებ, გარდა იმისა, რომ გამოძიებას მივეცით ჩვენება. ჩვენ ადრეც ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ გრიფის მოხსნას. ძალიან კარგია თუკი ამ საქმეს მოეხსნება „საიდუმლო“ გრიფი. რადგან ყველა გაიგებს სინამდვილეში რასთან და ვითან გვქონდა საქმე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრიას ზურაბ ქურციკიძემ.

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია აქვთ ახალ დეპარტამენტთან, რომელიც გახმაურებულ საქმეებს იძიებს. მისი თქმით, გამოძიებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ წინ არიან წასულები და რაღაცა პერიოდი დარჩა იმისათვის, რომ გამოაშკარვადეს როგორ ხდებობდა ე.წ. ფოტოგრაფების საქმის შეთითხვნა. აბდალაძეს იმედი აქვს, რომ სამართლიანობა იზეიმებს.

„ჩვენი ამოცანაა ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელთა დაკვეთით და უშუალო ბრძანებით მოხდა ჩვენი დაპატიმრება და შემდეგ ამ საქმის შეთითხვნა. მოხარული ვარ, თუკი, გრიფი აეხსენება ამ საქმეს და ადამიანები გაიგებენ სინამდვილეში რა ხდებოდა. ყველამ უნდა იცოდეს ამ საქმის შინაარსი, რას გვედავებოდნენ და ვის ჰქონდა წვდომა ამა თუ იმ დოკუმენტაციაზე. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და ჩვენ მოგვეხსნება ის უკანონო ბრალდება, რაც გვქონდა ამდენი ხნის განმავლობაში“, - აცხადებს გიორგი აბდალაძე.

როგორც პროკურატურაში for.ge-ს განუცხადეს, საქმე თავისი შინაარსიდან გამომდინარე, საკმაოდ სკანდალურია, ასევე სკანდალური და ხმაურია იმ ადმიანთა ჩამონათვალი, რომელთა უშუალო მონაწილეობით შეიკერა ეს სკანდალური საქმე. for.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქმეში არსებობს მტკიცებულება როგორ მონაწილებოდნენ ძალოვანი უწყების პირველი პირები საქმის შეკერვაში. ამავე ინფორმაციით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ შეიქმნა.

გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ მათი დაკავების ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, ხოლო შემსრულებლები იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და შოთა უტიაშვილი. მისი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში აყალბებდნენ ყველა გახმაურებულ საქმეებს.

„აუცილებლად მოხდება ჩვენი რეაბილიტაცია და გამოძიება მივა დამკვეთებამდე. მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ბრძანების გამცემი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებელი იყო ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და შოთა უტიაშვილი. რაც ყველაზე მნიშვენელოვანია და რაშიც დღემდე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა ჟურნალისტების პროტესტი და იმ ადამიანების გვერდში დადგომა, ვინც ქუჩაში იდგა ჩვენს ქვეყაში და ასევე საზღვარგარეთ, იმ ჯოჯოხეთიდან თავს ცოცხალი ვერ დავაღწევდით. ეს პროტესტი რომ არა, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად დამთავრდებოდა.

გლდანის საპყრობილის უფროსი, „ქილერა“ პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ ჩვენი დასასრული იქნებოდა ზუსტად ისეთივე, როგორც იყო პოლკოვნიკ თეთრაძის. ამ საქმემ მოიცვა მთელი მსოფლიო, ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები იწყებდნენ ჩვენით, ჩვენ იმ პერიოდში გავაშიშვლეთ ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაღიარებინეს, მსოფოლიოს ჟურნალისტიკა მიხვდა, როგორი მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს.

თუ პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე დამნაშავე ვარ, დავბრუნდები საპყრობილეში და გავაგრძელებ სასჯელის მოხდას. მაგრამ, ჩვენ, არც ერთ ფოტოგრაფს არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის. ჩვენი ყველზე დიდი დანაშაული იყო 26 მაისის სადიზმის გაშუქება, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ რუსთაველზე დაატრიალა და რომელიც გავიტანეთ მსოფლიო პრესაში, ამის გამო დაგვსაჯეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი აბდალაძემ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში სწორედ ისეთ საქმეებს ადებდნენ „საიდუმლო“ გრიფს, რომელის გამჟღავნება ძალიან კარგად დაანახებდა ყველას, რომ ეს იყო შეთითხნილი საქმე და სწორედ ამ მიზნით ხდებოდა ამ ტექნიკის გამოყენება. რაც შეეხება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს, მუხაშავრია აცხადებს, რომ საქმის გასაჯაროვების შემდეგ ყველასთვის ცხადი გახდება, რა პრობლემებთან გვქონდა საქმე მართლმსაჯულების სახით.

„ამ საქმეს „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა იქნება პრეცედენტული საქმე იმიტომ, რომ დღმდე გრიფი ადევს ვახტანგ მაისაიას საქმეს, რომელიც ასევე შეკერიალია. მან ვერ მიაღწია გრიფის მოხსნას. არის კიდევ სხვა საქმეები, რომელზეც ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, ასეთი გახმაურებული არ არის, მაგრამ გრიფი ადევს. ეს მეთოდი კარგად იყო გამოყენებული, როდესაც პროკურატურას უნდოდა დაეხურა საქმეები და ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო არავისთვის, ხანდახან მხარეებისთვისაც კი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი, ეს პრეცედენტი შეიქმნება, ეს სხვებსაც გაუჩენს შესაძლებლობას, რომ მათაც მიაღწიონ შედეგს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშვრია.

იურისტი, საპროკურორო საბჭოს წევრი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა „საიდუმლო“ გრიფის დადება, რომ კარგად შენიღბულიყო და არავის ენახა ის მახინჯი პრაქტიკა, რა პრაქტიკითაც იკერებოდა საქართველოში საქმეები.

„უმძიმეს დანაშაულში სდებდნენ ბრალს ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ მისაღები იმ ხელისუფლების წარმომამდგენლებისთვის. არა მარტო ამ საქმეზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ იმ საქმეზე, რომელზეც უდანაშაულო ადამიანები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული და მათ საქმეს ადევს „საიდუმლო“გრიფი, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გრიფი მოეხსნას. საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს ამ ადამიანებმა მართლა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული, და იყო თუ არა სისტემა დამნაშავე მათ წინააღმდეგ შექმნილ ბრალდებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაიწყოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოძიება. მისი თქმით, სწორედ, პოლიტიკურად მოტივრებული იყო ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, რომელსაც „საიდუმლო“ გრიფი იმ მოტივით დაედო, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა ფოტოგრაფების ჯაშუშობა.

„ისინი დააპატიმრეს არა სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, არამედ 26 მაისის ღამეს გადაღებული ფოტოებისთვის, რომელიც ასახავდა სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმს. მათი დაპატიმრების რეალური საფუძველი იყო რეჟიმის მხილება. მტკიცებულებების არარსებობის გამო, ამ საქმეს დაედო გრიფი. მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ გრიფი მოეხსნას ამ საქმეს და საზოგადოებამ იურიდიული მტკიცებულებებით გაიგოს რა რეჟიმი მართავდა 9 წლი ამ ქვეყანას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.