რას გვიქადის მეცხრე მოწვევის პარლამენტში პარტიების სამომავალო თანამშრომლობის კონტურები

რას გვიქადის მეცხრე მოწვევის პარლამენტში პარტიების სამომავალო თანამშრომლობის კონტურები

„პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ თანამშრომლობაზე სულ უფრო მეტი განცხადებები კეთდება „ნაციონალებისა“ და მათდამი ლოიალურად განწყობილი ექსპერტების მხრიდან. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მომავალი პარლამენტი ხმაურიან დებატებს გვპირდება, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

მართალია, თავიდანვე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ პარლამენტის 15 კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე „ნაციონალები“ მიიღებდნენ 12 თანამდებობას, „პატრიოტთა ალიანსი“ კი - სამ თანამდებობას იმ პროპორციით, რა პროპორციითაც შევიდნენ ოპოზიციონრები პარლამენტში, მაგრამ მოადგილეების ოპოზიციური კვოტების გადანაწილება ხმამაღალი დებატებითა და ურთიერთბრალდებებით წარიმართა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის პირველი დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ იურიდიულ კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ნატო ჩხეიძეზე გააკეთა არჩევანი და არა - „ნაციონალ“ ოთარ კახიძეზე. ამის შემდეგ „ნაციონალებმა“ დაასკვნეს, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტში „ოცნებამ“ ამჯობინა ოპოზიციური კვოტითაც კი თანამოაზრე ჰყოლოდა გვერდით და არა - ნამდვილი ოპოზიციონერი.

თუმცა ნატო ჩხეიძეზე მეტად „ნაციონალების“ რისხვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ოპოზიციური კვოტით წარდგენილ ემზარ კვიციანს დაატყდა თავს.

ნატო ჩხეიძისა და ემზარ კვიციანის ფაქტორის გამო „ნაციონალები“ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ოცნების“ შესაძლო თანამშრომლობაზე ალაპარაკდნენ და აღნიშნეს, რომ ამ კანდიდატურების შერჩევამ კიდევ ერთხელ განამტკიცა აზრი, თითქოს „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი პოლიტიკური გუნდია.

როგორი კონტურები იკვეთება პარლამენტში პარტიების სამომავალო თანამშრომლობის კუთხით?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტში სულ სამი პარტიაა, ამიტომ, ბუნებრივია, სურთ თუ არა, მათ მაინც მოუწევთ თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა. თუმცა, თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ ზედმეტად მიებმება „ქართულ ოცნებას“, საეჭვოა, ეს დადებითი პერსპექტივის მომტანი იყოს თავად „ალიანსისთვის“ მომავალ არჩევნებზე. სწორედ ასე მოხდა, როდესაც „ქრისტიან-დემოკრატიული“, ანუ თარგამაძის პარტია ზედმეტად მიება „ნაცმოძრაობას“, რის გამოც მისი პერსპექტივა შემცირდა.

„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაცმოძრაობა“, როგორც ოპოზიციური პარტიები, წესით, უფრო უნდა იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ ოპონირების რეჟიმში. „პატრიოტთა ალიანსს“ მეტი ლავირება სჭირდება იმ მხრივ, რომ მოახერხოს ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებთან ოპონირების რეჟიმში ყოფნა. ამავდროულად, თვითონ საპარლამენტო მუშაობა გულისხმობს თანამშრომლობის რეჟიმს. საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ჩვეულებრივი პროცედურაა. შესაბამისად, „პატრიოტთა ალიანსმაც“ მიიღო რამდენიმე მოკრძალებული ადგილი და „ნაცმოძრაობამაც“ მიიღო არცთუ ისე ცოტა ადგილები. ჩვენი პარლამენტის მთელი სირთულე იმაშია, ისეთი უცნაური მოცემულობა გვაქვს, რომ ერთი მმართველი პარტიის გარდა გვყავს ორი ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთმანეთთან მიმართებით მკვეთრი მიუღებლობით ხასიათდება. ამიტომ ასეთი თანამშრომლობა, პირობითად რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს მხოლოდ ეტიკეტის დონეზე. სხვა შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღებისას არაფერში არ სჭირდება სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და შეიძლება ჰქონდეს ძალზე ფორმალური კომუნიკაცია“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

მანვე განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა შეუძლია, მასთან ერთად საერთო ინტერესების გადაკვეთა იპოვოს. მეორე შესაძლებლობა კი ის არის, რომ, თუკი „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, პასუხისგებლობა სრულად არ აიღოს საკუთარ თავზე, მაშინ ის გარკვეულ შემთხვევაში მოახდენს შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებთან და მათთან ერთად საერთო პასუხისმგებლობას გადაინაწილებს.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია საპარლამენტო დონეზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობას მიესალმება. For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი აცხადებს, რომ „ნაციონალებმა“ შეიძლება ინერვიულონ ამ თანამშრომლობის გამო, მაგრამ უარესი რამ ელით წინ, უახლოეს ხანში პარტია დაეშლებათ და ყრილობაზე ერთმანეთს მორიელებივით დაჭამენ.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა ჯანსაღი ურთიერთობის მაგალითი აჩვენა, რადგან პარტიები ერთმანეთთან მნიშვნელოვანი თემატიკის კუთხით თანამშრომლობენ, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საკმაოდ კარგი ჟესტი, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ მიიწვია სათანამშრომლოდ და „პატრიოტთა ალიანსმაც“ თანამშრომლობაზე დადებითად უპასუხა.

„დღეს ჩვენი პარლამენტი სამპოლუსიანია, ანუ სამპარტიულია და ეს მისასალმებელი ფაქტია. „ქართულმა ოცნებამ“ დაანახა დემოკრატიის მაგალითი, როცა მან სათანამშრომლოდ მიიწვია თვით „ნაცმოძრაობაც“ კი. რამდენად მოსაწონია ეს, სხვა საქმეა, მაგრამ თამაშის წესები ასეთია და „ქართული ოცნება“ ასრულებს იმ პირობას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდეს კონსტრუქციული დიალოგი. როდესაც „ნაციონალებს“ პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდათ, იმ პერიოდში არც ერთი პოსტი არ გაიმეტეს ოპოზიციისთვის. ის ფაქტი, რომ ემზარ კვიციანი წარადგინეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, მისასალმებელია. ის, რომ, „ნაციონალებმა“ ამაზე ერთი ამბავი ატეხეს, მხოლოდ დადებითად ახასიათებს ემზარ კვიციანს, რადგან ჯალათები ებრძვიან ამ პატრიოტ ადამიანს. მინდა მივმართო ტურებსა და ქონდრისკაცს, სახელსა და გვარს არ ვახსენებ, თვითონაც მიხვდება, ვისზეცაა ლაპარაკი, რომ სისხლიან ჯალათებს უფლება არ აქვთ, ხმა ამოიღონ ემზარ კვიციანზე. სწორედ „ნაციონალი“ ქონდრისკაცი იყო ჯალათი, ადეიშვილის მოადგილე და იგია ბრალდებული, რადგან სწორედ მან ჩაიდინა „იმედის“ დარბევა, მან მოახდინა გირგვლიანის მკვლელობის დამალვა, ეს ქონდრისკაცი არის მუხროვანის ამბოხის მთავარი ჯალათი და სისხლიანი პიროვნება. მისი ადგილი პარლამენტში კი არა, საპყრობილეშია. ჯალათებს ხმის ამოღების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მათი დრო წავიდა. ოთარ კახიძე არის 26 მაისის მთავარი ჯალათი, პირიქით, ბატონი ემზარი აუცილებლად უნდა გახდეს ნდობის ჯგუფის წევრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც და ის უნდა იყოს ამ ჯალათების საპირწონე“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.