გენგეგმზე მომუშავე ჯგუფი მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის საკითხს განიხილავს

გენგეგმზე მომუშავე ჯგუფი მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის საკითხს განიხილავს

დედაქალაქის გენგეგმზე მომუშავე ჯგუფი მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, აქ არ განიხილება მხოლოდ ელიავას ბაზრობის საკითხი, არამედ-დაწყებული დიღმის ჭალებიდან, დამთავრებული თითქმის ქალაქის ბოლომდე ზოგადად განიხილება მტკვრის კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს მტკვარი, როგორ გაიხსნას რეკრეაციული სივრცეები.

წიკლაური აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ელიავას ბაზრობა ხვალვე იხურება, იქ არიან კერძო მესაკუთრეები, იქ არის მოსახლეობა და საცხოვრებელი რაიონი. თუმცა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ვრცელი ტერიტორიაა, რომელიც უშუალოდ მიებმება მტკვარს და ეს სერიოზულად დასამუშავებელი პროქტია.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა სიტყვით შესანიშნავი იდეაა. კარგია, თუკი ქალაქს დაუბრუნდება მდინარე, რომელიც სარეკრეაციო სისტემის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას ხელს უშლის ორი მაგისტრალი. კერძოდ, ქალაქდაგეგმარების სპეციალისტის აზრით, მტკვრისა და მისი ნაპირების რეკრეაციულ ზონად გადაქცევისთვის აუცილებელია გამჭოლი საავტომობილო მაგისტრალების გაუქმება, როგორც მარჯვენა, ისე, მარცხენა სანაპიროზე. რეკრეაციულ ზონის მოწყობის შესაძლებლობა ჩვენი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლებელია, სადაც ეს მაგისტრალი უშუალოდ სანაპიროზე არ გადის, მაგრამ ქალაქის სხვა ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალი კითხვებს აჩენს. ამდენად, უნდა გამოინახოს ალტერნატივა ორივე გზისთვის, რათა ეს ორი გრძივი მაგისტრალი ქალაქისთვის საჭირო აღარ იყოს.

რაც შეეხება ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტეროტორიას, ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ მტკვარსა და ელიავას ბაზრობას გამოყოფს გამჭოლი მაგისტრალი და, თუ ის არ გაუქმდა, არავითარი აზრი არ ექნება ელიავას ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონის შექმნას. თავისთავად, მტკვრისგან მოწყვეტილადაც შეიძლება იქ რეკრეაციული ზონის-პარკის გაკეთება, მაგრამ ქალაქმა უნდა აწონ-დაწონოს, რა ურჩევნია- ბაზრობა თუ პარკი?!

„ამ კონცეფციისთვის გადამწყვეტი იქნება მტკვრის სანაპიროებზე მაგისტრალების შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი. თუ ისინი შენარჩუნდა, მტკვრის ჩართვა ქალაქის სარეკრეაციო სისტემაში შეუძლებელი იქნება. ცხადია, სამომავლოდ ეს უიმედო საქმე არ არის და შესაძლებელია, ორი მაგისტრალის ფუნქცია სხვა ტერიტორიებმა შეითავსონ. საკითხი უნდა გადაწყვიტონ ქალაქდაგეგმარების სპეციალისტებმა და სატრანსპორტო მობილობის დამგეგმავებმა. თუკი მტკვარი დაიბრუნებს რეკრეაციულ სტატუსს, ეს იქნება მის ისტორიულ ფუძესთან დაბრუნება, როგორც ეს თავიდან იყო, სანამ ქალაქში მაგისტრალები გაჩნდებოდა. მაგრამ წარსულთან დაბრუნება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სარეკრეაციო სისტემის შექმნა. ეს იქნება რევოლუციური ნაბიჯი ჩვენს ქალაქში რეკრეაციული მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ და განმარტა, რომ მსგავსი ტრენდი, მიმართულება მთელ მსოფლიოშია. ყველა ცდილობს, დაუბრუნოს მდინარე ქალაქს, რომელიც ბევრ უცხოურ ქვეყანაში სწორედ 50-60-იან წლებში დაკარგეს ტექნოკრატიული ქალაქის განვითარების გამო.

უფრო მეტიც, 20-30 წელია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და ძალიან ბევრ ქალაქში წყალი პირდაპირ სარეკრეაციო ზონასთან არის დაკავშირებული. ასე ხდება გერმანულ ქალაქებში, თუმცა არც აზიაა გამონაკლისი. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული მაგალითი იყო აზიაში, როცა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მთლიანად კოლექტორში მოქცეული მდინარე „გაათავისუფლეს“, სარეკრეაციო ზონა გააკეთეს და ხალხი დღესაც იყენებს ამ სივრცეს.

უბრანისტი ირაკლი მასხარაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის საკითხი კომპლექსურია. ეს მხოლოდ მტკვრის სანაპიროებს არ მოიცავს, არამედ ყველა შემადგენელი პოზიცია უნდა გაანალიზდეს. მათ შორის, ნომერ პირველი პრობლემაა ე.წ. სისხლძარღვები, ანუ მაგისტრალები. ასევე, არაპოპულარული იქნება ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხი, რადგან აქ უამრავი დასაქმებულია.

„ამ ეტაპზე მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება. მართალია, ელიავას ბაზრობა სტიქიურად წარმოიქმნა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ქალაქს სავაჭრო არეალი სჭირდება. ამ ბაზრობაზე უამრავი დასაქმებულია. იგი ქალაქის ცენტრშია და მასთან წვდომაც შედარებით მოსახერხებელია. ამიტომ საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემს ამაზე თავად გენერალური გეგმა?! ეს ხომ დელიკატური საკითხია?!“