„სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ასეა ამერიკაში და ასეა, ალბათ, თქვენს ქვეყანაშიც“, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ კითხვას. როგორც ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმი.
„მედიაში განსხვავებული აზრი შეიძლება იყოს კრიტიკულიც, თუმცა მედიაპლურალიზმს და აზრთა სხვადასხვაობას მედიაში მხარს ვუჭერთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება. არ მინდა საქართველოში ჩემი შეხვედრების საუბრის შინაარსის დაკონკრეტება, თუმცა საკითხი, რომ მედია პლურალიზმი მნიშვნელოვანია, თუნდაც „რუსთავი 2“-ის საკითხი, ჩემს მიერ იყო წამოწეული“, –აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.
უზენაესი სასამართლოს კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის ხელმძღვანელობით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის იურისტების სარჩელს განიხილავს. სარჩელის მიხედვით, ტელეკომპანია მოითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ასევე საქმე ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს განსახილველად. ტელეკომპანია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას მოითხოვდა, მაგრამ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურულია და მას მხარეები არ დასწრებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეში არ არის სამართლებრივი მხარე მნიშვნელოვანი, აქ არის პოლიტიკურად მოტივირებული დავა და პოლიტიკური მიზნები, რომლებიც მიმართულია „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენად ძლიერები არიან მოსამართლეები, კონკრეტულად ეს სამი მოსამართლე“, - ამბობს „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს „რუსთავი 2“-ის სარჩელს, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმედს იტოვებს, რომ იქნება მასობრივი სამოქალაქო პროტესტი. იმას, თუ რა შედეგი მოყვება მასობრივ სამოქალაქო პროტესტს, ამას გვარამიას განცხადებით, უკვე მოსახლეობა გადაწყვეტს.
„რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს, ეს ყველამ ვიცით. რა შედეგები მოყვება ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინც დაიცავს „რუსთავი 2“-ს. სხვა შანსი ამ ვითარებაში არ გვექნება. გამოვიყენებთ კანონის და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუს-კვო, რომელიც არსებობს. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ბოლომდე ევროინტეგრაციული მომავალი და დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი. ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2-ის“ ტელემაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს, დაიცავით „რუსთავი 2“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ მათ დაძახილზე და ფიზიკურად დაიცვან „რუსთავი 2“. მისი თქმით, დღეს წყდება სამი მოსამართლის პირადი და კარიერული ბედი, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის.
„დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ, საქართველო როგორ გზას აირჩევს. ირჩევა რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროცესის პარალელურად, უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანიის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, დაიცვან სიტყვის თავისუფლება და კონკრეტულად „რუსთავი 2“. მისი თქმით, პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, საჭიროა, ასევე ქართული საზოგადოების მხარდაჭერაც, რათა არ მოხდეს თავისუფალი სიტყვის და მედიის უფლებების შელახვა.
„დღეს, როდესაც საქართველოში დასრულდა არჩევნები, ხოლო აშშ-ში მიმდინარეობს ხელისუფლების შეცვლის და გადაბარების რთული პროცესი, არის იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ სწორედ ახლა არის შესაფერისი მომენტი „რუსთავი2“-ის საბოლოოდ წასაღებად, ამიტომ აუცილებელია გაგრძელდეს პოლიტიკური პროტესტი თავისუფალი მედიის დასაცავად.
ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია, გავაგრძელებთ „რუსთავი 2“-ის უფლებებისთვის ბრძოლას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ასევე ქართული საზოგადოების პოზიციას და საჭიროა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება იბრძოლებს თავისუფალი მედიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ სამართლებრივად „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით დავა ორივე ინსტანციაში მოგებული აქვთ. შესაბამისად, სალია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება „რუსთავი 2“–ის ადვოკატების განცხადებას, რომ საქმეში მნიშვნელოვანი არ არის სამართლებრივი მხარე, რადგან აქ არის პოლიტიკურად მოტივირებული დავა, სალია ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თავიდანვე დაიწყო აპელირება იმ თემით, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და, რომ ხელისუფლება დაინტერესებული არის „რუსთავი 2“-ის დახურვით.
„ჯერ კიდევ ერთი დღის შეტანილი იყო სარჩელი, როდესაც ჩემმა კოლეგებმა და „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ლამის მთელი სასამართლო სისტემა და სახელმწიფო დაადანაშაულეს იმაში, რომ ყველა ებრძვის „რუსთავი 2“-ს; ქიბარ ხალვაში არის მარიონეტი; აქ არანაირი სამართლებრივი დავა არ არის და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი აქვს ამ ყველაფერსო. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ თავის დროზე კონკრეტული გარემოებებისთვის მიექციათ ყურადღება და ნაკლებად ყოფილიყო პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პაატა სალია.
მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება დარღვეული საკუთრების უფლების აღდგენის საკითხს. როგორც სალია აცხადებს, ქიბარ ხალვაშის სახელზე რეგისტრიებული იყო წილები, რაც მისი საკუთრება იყო, რაც დადასტურდა და სადავო არ არის.
„ეს დასტურდება და ის, რომ დღეს ქიბარ ხალვაშს წილები არ აქვს, ესეც ფაქტია. რატომ არ აქვს ეს წილები, სწორედ ეს იყო სასამართლოს მიერ დასადგენი და კანონიერად მოხდა თუ არა მისთვის წილების ჩამორთმევა. შესაბამისად, საუბარი პოლიტიკურ მოტივზე აბსურდია. ყველა საქმეში შეიძლება ადამიანმა პოლიტიკური ქვეტექსტი იპოვოს, თუ ამის სურვილი აქვს, მით უმეტეს იმ შესაძლებლობის ტელეკომპანიას როგორიც არის „რუსთავი 2“. მათ შეუძლიათ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი შესთავაზონ მაყურებელს. ყოველი პროცესის წინ ახალ-ახალ ინფორმაციას აცხობდნენ, ასე მოხდა კვირას P.S–ში, როდესაც წამოწიეს ირაკლი ოქრუაშვილი თითქოს ახალი სარჩელი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს და ამასაც რაღაცისთვის იყენებენ.
ყოველ შემთხვევაში პოლიტიზირების მცდელობა ნამდვილად იყო ჩვენი მოწინააღმდიგის მხრიდან, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოეჩინათ ეს დავა, რომ ყველაფარი დანარჩენი მეათე პლანზე ყოფილიყო. ჩვენი დავა დაფუძნებულია საკუთრების უფლებების დარღვევასთან და დარღვეული უფლებების აღდგენასთან. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.