გადასახადების ზრდა აქციზის მოშველიებით

გადასახადების ზრდა აქციზის მოშველიებით

[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება საბიუჯეტო ხვრელების ამოვსებას აქციზის გადასახადის გაზრდით აპირებს. ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტში აქცენტი სწორედ ამ მიმართულებაზე კეთდება. აქციზი იზრდება ჯართზე, სპირტიან სასმელებზე, ხოლო მობილურ კავშირგაბმულობაში იგი პირველად “ინერგება”.

პირველ რიგში აქციზი ძვირდება ჯართის ექსპორტზე. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელიც პარლამენტში ახალ “საგადასახადო კოდექსთან” ერთად შევიდა. ამჟამად მოქმედი რედაქციით, შავი ან ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტიორები აქციზის სახით ტონაზე 80 ლარს იხდიან. კანონპროექტით, ჯართის ექსპორტიორებს აქციზის სახით ერთ ტონაზე 120 ლარის გადახდა მოუწევთ.

თუკი ჯართზე აქციზი უკვე არსებობს და იგი უბრალოდ იზრდება, ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროსთვის იგი ახალი ხილია. მიუხედავად ამისა, მთავრობა ცდილობს, რომ სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზით დაბეგროს.

ახალი კანონპროექტის თანახმად, კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა აქციზის 10-პროცენტიანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში დაიბეგრება, რომელსაც მთავრობა დაადგენს. კერძოდ, კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების გაწევა განიხილება როგორც აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და ასეთი მომსახურების გაწევის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიღებული და მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით აქციზის, დღგ-ს, ანდა პირგასამტეხლოს გარეშე.

მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ მობილურ ოპერატორებს დამატებით საკმაოდ სოლიდური გადასახდის გადახდა მოუწევთ და როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც ყველაფერი მომხმარებლის ზურგზე გადაივლის. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ მობილური ტელეფონით საუბრის ღირებულება 10%-ზე მეტით გაიზრდება, რადგან აქციზი წესდება არა მოგებაზე, არამედ კომპანიის ბრუნვის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა აქციზი ორმაგდება სპირიან სასმელებზე. როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, აქციზის გადასახადი, ტრადიციულად, არ შეეხება ღვინოს, სხვა ყველა სპირტიან სასმელზე კი, გადასახადი გაორმაგდება.

ბაინდურაშვილის თქმით, აქციზის გაძვირება, გარკვეულწილად, სასმელის ღირებულებაზეც აისახება. მისივე თქმით, მთავრობა დღგ-ს გადამხდელთა ქვედა ზღვარის ორჯერ გაზრდაზე შეგნებულად მიდის, ხოლო ბიუჯეტისთვის დაკლებული თანხების კომპენსაცია საგადასახდო წნეხის აქციზურ საქონელზე გადატანით მოხდება.

საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, ერთი ლიტრი არაყის აქციზის გადასახადი 3 ლარით განისაზღვრება, ლიქიორის გადასახადი - 4,6 ლარით, ხოლო 1 ლიტრი ლუდის გადასახადი - 40 თეთრით.

ხელისუფლება აქციზის გაზრდის (ან დაწესების) გადაწყვეტილებას მოსახლეობისადმი სოციალური ვალდებულებებით ხსნის. “ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი იყოს გათავისუფლებული გადასახადებისგან, ვინაიდან სახელმწიფოს აქვს უამრავი სოციალური ვალდებულება.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახია, რომელიც თვიდან თვემდე ელოდება იმ სოციალურ დახმარებას, რომელსაც მას სახელმწიფო აძლევს და ამ სოციალური ვალდებულების შესრულებას სჭირდება ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მობილიზება.

ამიტომ, ვარჩევთ ყველაზე ნაკლებად მტკივნეულ სფეროს, რომელიც, ერთის მხრივ არ მოახდენს გავლენას მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და, მეორეს მხრივ, ეს არ იქნება ისეთი უსაშველო ტვირთი, რომელიც გამოიწვევს ამა თუ იმ ბიზნესის დახურვას”, - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი.