ბოლო პერიოდში არასამთავრობოები თითქოს ერთმანეთს ეჯიბებიან პრორუსული გავლენის აღმკვეთი ღონისძიებების გატარებაში. ფუჭად ჩაივლის თუ არა მათი მცდელობა, ეს ყველაზე კარგად, ალბათ, ისევ ამ არასამთავრობოებმა იციან, რადგან არც ისე იოლია, ებრძოლო ნებისმიერი ქვეყნიდან შემოჭრილ იდეოლოგიას. ამის მიუხედავად, არასამთავრობოები დასავლეთის თვალში ამ მომგებიან საქმეს ერთგულად ასრულებენ.
სულ ახლახანს „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა და დროებითი ნორმის შემოღება შესთავაზა კანონმდებელს.
„საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი საკანონმდებლო წინადადება სამ კანონში ცვლილებების მომზადებას ითვალისწინებს. ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონი, საარჩევნო კოდექსი და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი.
მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონი გულისხმობს ისეთი ტიპის რეკლამის გადაცემას, ან ისეთ წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და ოკუპაციის ლეგიტიმაციას ამყარებს. ლიკა საჯაიას განმარტებით, დღემდე მოქმედი საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ ითვალისწინებდა მხოლოდ სიძულვილის ენის რეგულირებას, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას, მაგრამ მასში არაფერი იყო ნათქვამი პრორუსული ძალების პროპაგანდაზე, რომელიც ოკუპაციის ლეგიტიმაციას ისახავდა მიზნად.
რაც შეეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს, ამ კანონის მიხედვით, იკრძალება ისეთი პარტიის შექმნა, რომლის პროგრამაც შეიცავს პრორუსულ პროპაგანდას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ამიტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს და ასეთი პარტია არ გაატაროს რეგისტრაციაში. საკონსტიტუციო სასამართლოს კი უფლება აქვს, გააუქმოს ეს პარტია.
„ეს დროებითი ღონისძიებაა, რომელიც პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის მიმართ გარკვეულ ბარიერს შექმნის. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს სრულად აღმოფხვრის იმ პრობლემას, რაც არსებობს. ეს იქნება დროებითი ნორმა, რომელიც იმოქმედებს მანამ, სანამ არ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სანამ რუსეთის მიერ არ იქნება აღიარებული საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს საზღვრები. დღეს ჩვენ გვაქვს „კანონი ოკუპაციის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტად გამოცხადებულია რუსეთი. შესაბამისად, სანამ რუსეთთან ურთიერთობის ამ რეჟიმში ვართ, დროებითი ნორმების დაწესება მიზანშეწონილი და აუცილებელია“, - აღნიშნა ლიკა საჯაიამ.
აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უპასუხოდ დატოვა კითხვები. კერძოდ, ვინ უნდა დაადგინოს, რა არის პრორუსული აგიტაცია? ან კიდევ, პრორუსული იარლიყის მიწებება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად ხომ არ აღიქმება?
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, ასე იდენტიფიცირებულად რას გულისხმობენ არასამთავრობოები პრორუსულ პროპაგანდაში?!
„ცოტა არ მესმის, პრორუსული პროპაგანდა რა არის, რადგან ჩვენი ქვეყანა დაცული უნდა იყოს ნებისმიერი უცხო ჩარევისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. კანონი უნდა ატარებდეს უნივერსალურ ხასიათს. არ შეიძლება, კანონი ატარებდეს ერთ, თუნდაც ძალზე მტრულად განწყობილ ქვეყანაზე ორიენტირებულ ხასიათს. გარე ძალებისგან ნებისმიერი ჩარევა ცუდია. ავღანური რომ იყოს? დავუშვათ, მოჯაჰიდები ან სხვა ტიპის ტერორისტები რომ იყვნენ, დამცავი კანონი არ უნდა გვქონდეს? არ უნდა გვქონდეს კანონი, რომელიც მორგებული იქნება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე? მეჩვენება, რომ არასამთავრობოების ეს ინიციატივები ჩვენთვის არ არის განკუთვნილი. ვფიქრობ, უფრო სპონსორებისთვისაა გამიზნული, საიდანაც ისინი იღებენ დაფინანსებას, რომ მათ ასიამოვნონ. როგორ შეიძლება ასეთი ტიპის აზროვნება?“ - აცხადებს გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ, ცხადია, რუსული საფრთხე არსებობს, ისევე, როგორც საშიშია პოლიტიკურ მიზნებზე ორიენტირებული რუსული პროპაგანდა, თუმცა ასეთივე ტიპის პროპაგანდა შეიძლება მოდიოდეს სხვა ქვეყნებისგანაც.
შესაბამისად, კანონმდებლობას უნდა მივცეთ ზოგადი ხასიათი და კანონში არ უნდა ჩავწეროთ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელება.