ბარაკ ობამა ევროპელებს ამშვიდებს, რომ დონალდ ტრამპი ერთგული იქნება ნატოს მიმართ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება. ამიტომ აშშ-ის გავლენა გლობალური მასშტაბით არ შემცირდება.
თავის მხრივ, ამერიკელი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები დონალდ ტრამპის ყოველდღიურ სასიკეთო ტრანსფორმაციაზე ამახვილებენ ყურადღებას და ცდილობენ, მთელი მსოფლიო დაამშვიდონ, რომ რადიკალური იდეების მქონე ტრამპის მოსვლით მოკავშირეები არ დაზარალდებიან. თუმცა, სინამდვილეში, არავინ იცის, რამდენ ხანს უერთგულებს დონალდ ტრამპი ნატოს. იმ ნატოს, რომლის წესდების გადახედვასაც ტრამპი იმთავითვე აპირებდა და, რომლის შენახვასაც ამერიკისთვის ზედმეტ ტვირთად თვლიდა. მით უფრო, რომ ამ „არაეფექტური ორგანიზაციის“ დაარსების იდეა, ტრამპის აზრით, იმ პერიოდში გაჩნდა, როდესაც მსოფლიო სხვაგვარად იყო მოწყობილი.
დღეს ევროპელები ტრამპს თავს აწონებენ და ნატოს ალტერნატიული სამხედრო ალიანსის შექმნაზე ლაპარაკობენ, რომლის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან. ევროპული არმიის შექმნის მოწოდებით ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გამოდის. თუმცა იუნკერი იქვე განმარტავს, რომ აღნიშნული გეგმა „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნას არ ისახავს მიზნად.
ევროპის ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეას გერმანიის თავდაცვის მინისტრიც უჭერს მხარს. ამის მიუხედავად, ევროპელები ვერ გაექცევიან მთავარ პრობლემას, რომ ნატოს სანაცვლოდ ევროპული არმიის შექმნას დიდი თანხების მობილიზება სჭირდება. ამას ემატება ტექნიკის განახლებისა და საბრძოლო მზადყოფნის პრობლემებიც, რომ არაფერი ვთქვათ დუბლირების საშიშროებაზე. კერძოდ, აბსურდია, რომ ევროპული ქვეყნების არმიები ერთსა დ იმავე დროს ნატოშიც იყვნენ გაერთიანებულნი და ევროპის ერთიან არმიაშიც. ამდენად, ევროპელებს, სავარაუდოდ, ნატოს შენარჩუნება უფრო აწყობთ, ვიდრე ახალი ევროპული არმიის შექმნა.
ნატოს სანაცვლოდ ევროპული არმიის შექმნას გამორიცხავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ევროპული არმია არ შეიქმნება, რადგან ევროპელებმა ომი დაივიწყეს. მოკვდა ის დრო, როცა საფრანგეთში შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობის დროს ფრანგი ქალები ხელოვნურად იკიდებდნენ ათაშანგს, რათა დაეავადებინათ გერმანელი ოფიცრები. მოგვიანებით გერმანელები რომ იგებდნენ ამ ამბავს, ხვრეტდნენ ფრანგ გოგონებს.
„მართალაც შეაკვდნენ ფრანგები გერმანელებს, მაგრამ ახლა კარგ ცხოვრებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ევროპელები 70 წლის განმავლობაში ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ ცხოვრებას შეეჩვივნენ. ასე რომ, ევროპული არმიის შექმნის თაობაზე ევროკომიის თავმჯდომარის, ჟან კლოდ იუნკერის ნათქვამი უფრო განწირული ადამიანის წივილ-კივილს მაგონებს. ევროპა ჯიბეში უფრო ჩაიყოფს ხელს, ვიდრე საკუთარ ახალგაზრდებს საომრად გაუშვებს. ობამა ახლა ევროპელებს ამშვიდებს, თითქოს ტრამპი ერთგული იქნება ნატოს მიმართ. ისიც ფაქტია, დღეს ევროპელებს თავიანთი საბითუმო პროდუქტის 2%-იც არ სურთ, შეიტანონ ნატოს ყულაბაში და იმ 2%-საც ამერიკელები იხდიან. უმდიდრესი გერმანიაც კი არ იხდის ნატოს საწევროს. ევროპულ არმიაზე რა უნდა ვთქვათ, როცა ევროპაში არაფრის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
სულ ახლახანს არაბი მიგრანტი დაიჭირეს ბელგიაში 10 წლის ბიჭის გაუპატიურების გამო და სასამართლომ არაბი გაამართლა, თურმე არაბმა ბელგიური ენა არ იცოდა და ვერ მიხვდა, რომ ბიჭი წინააღმდეგობას უწევდა. კიდევ იქაურ მთავრობას დააბრალეს, ფულს რატომ არ გამოყოფს, რომ არაბმა ადგილობრივების ენა ისწავლოსო. ასეთია დღეს ევროპა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, ნატოზე რა უნდა ვთქვათ, როცა გაეროში რომ მიგვიღეს, ჩვენს მაგივრად ამერიკა და სხვა ქვეყნები იხდიდნენ საწევროს, შეღავათს უწევდნენ ჩვენნაირ ღარიბ სხვა ქვეყნებსაც. 200 ქვეყანაა გაეროში. ახლა კი გავყვირით, ნატო-ნატოო, მაგრამ შევიტანთ კი ნატოს საწევროს?
„ერთი ციცქნა ესტონეთს 40 მილიონი ევრო აქვს შესატანი. საიდან გადაიხდის ამ ფულს? სხვამ უნდა შეიტანოს? ამიტომ ტრამპს პრეტენზიები მარტო ნატოს მიმართ კი არ აქვს, არამედ გაეროს მიმართაც. ის ამბობს, რომ გაეროს კაპიკს აღარ მისცემს. ვითომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკელები მილიარდ დოლარს უხდიდნენ გაეროს და ამ დროს ეს თანხები გაეროს ჩინოვნიკების, მექრთამეების ხელფასებში იხარჯებოდა. ამიტომაც არის ტრამპი ამერიკაში პოპულარული“.
ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რთულია წინასწარ იმის თქმა, შეიქმნება თუ არა ევროპული არმია, თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დონალდ ტრამპს. ფაქტობრივად, სტოლტენბერგმა ღიად თქვა, რომ რუსეთთან ნატოს დაპირისპირება ამერიკის წინა ადმინისტრაციის ზეწოლით მოხდა. გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა, რომ ნატოს შეუძლია იკისროს ტერორიზმთან ბრძოლის აქტიური როლი, თუკი ამერიკა ამას მოითხოვს.
„ევროპელები თავადაც არ არიან ჩამოყალიბებულნი, ნატოს პარალელურად, უსაფრთხოების როგორი არქიტექტურის შექმნა სურთ. ევროპული არმიის შექმნა იდეის დონეზეა. ეს ერთ-ერთი ვერსიაა იმისა, თუ როგორ ხედავენ ევროპელები თავიანთ ადგილს ევროპაში. არავინ ელოდა ტრამპის გამარჯვებას, მსოფლიო ისტებლიშმენტი მოუმზადებელი შეხვდა ამ ამბავს და ახლა ცდილობენ, გააკეთონ ის, რაც ტრამპს ესიამოვნება. ევროპელები ფიქრობენ, ხომ არ სჯობს, ნატო გადაკეთდეს ანტიტერორისტულ ორგანიზაციად და არა - უსაფრთხოების გაუგებარ კონგლომერატად?! რა ფუნქცია აქვს დღეს ნატოს? თურქეთიც და საბერძნეთიც ნატოს წევრები არიან და ამ დროს მათ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. ამდენად, ნატოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი და ფიქრობს, რომ მსოფლიოში სულ სხვა უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოყალიბდება, როცა ევროპაში დღეს მოქმედ მემარცხენე მთავრობებს მემარჯვენეები ჩაანაცვლებენ.
მისი აზრით, მერკელი, „ეს ნაძირალა ქალი“, შეიცვლება. ასევე, ცვლილებები განხორციელდება საფრანგეთშიც, ხოლო ამერიკა აღარ იქნება მეწველი ძროხა, რომელსაც მთელი მსოფლიო წველის.