გაზიფიცირებულ რაიონებშიც კი შეშით თბებიან

გაზიფიცირებულ რაიონებშიც კი შეშით თბებიან

ზამთარი დღე-დღეზე იწყება და რეგიონებში სათბობის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ხალხმა შეშა ჯერაც ვერ მოიმარაგა, ხოლო სადაც გაზიფიცირება დასრულებულია, მოსახლეობა ხელმოკლეობას უჩივის და ყოველთვიური გადასახადის გადახდას ვერ ახერხებს.

კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (cenn) ინფორმაციით, საქართველოში სათბობი რესურსის 70 პროცენტი მყარ საწვავზე მოდის. სოფლების დიდი ნაწილი კვლავ გაზიფიცირების გარეშეა და შეშაზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია უმნიშვნელოა. თავად სატყეო რესურსის გამოყენებაც არაეფექტურად ხდება.

იმ დასახლებებში კი, რომლებიც უკვე გაზიფიცირებულია, მოსახლეობა გათბობას მაინც მყარი საწვავით ამჯობინებს, რადგან ის უფრო იაფი უჯდება. მაგალითად, კახეთში, მოსახლეობის უმრავლესობის გარდა, უმთავრესად მყარი საწვავით თბებიან სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. რეგიონში სულ 15-მდე სკოლაა, სადაც ცენტრალური გათბობა მუშაობს, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარს.

მოსახლეობის უმეტესობა კი ჩივის, რომ ყოველთვიურად დაბალი შემოსავალი აქვს. შესაბამისად, გაზით გათბობას ვერ ახერხებენ და უფულობის გამო, ზამთრისთვის ჯერ შეშაც არ შეუძენიათ. მათ შორის არის ლაგოდეხში მცხოვრები 75 წლის ქალბატონი. მართალია, მას სახლში ბუნებრივი აირი აქვს, მაგრამ თავის რჩენა პენსიით უწევს და ბუნებრივი აირით ვერ თბება, რადგან, მისივე თქმით, პენსიიდან გადასახადს ვერ გადაიხდის.

cenn-ში აცხადებენ, რომ შეიძლება მალე შეშის რესურსი მთლიანად ამოიწუროს:

„90-იან წლებში გახშირებულმა არალეგალურმა ჭრამ, ხე-ტყეზე დამოკიდებულების ზრდამ და მასობრივმა გაკაფვამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა შექმნა. ბოლო დროს საქართველომ 160 მილიონ ლარამდე ეკოლოგიური ზარალი განიცადა. ტყის ჭრა თუ არ შემცირდება, გაცილებით მეტი დანაკარგი იქნება. მართალია, გარკვეული ტერიტორიის გაზიფიცირება ხდება, მაგრამ მოსახლეობა ძირითად სათბობად მაინც შეშას იყენებს. ზოგს გაზის შეყვანის შესაძლებლობა არ აქვს, ზოგსაც - გადასახადის გადახდის. ტყეები დეგრადირებულია და მათ მოვლას წლები დასჭირდება. სახელმწიფო ვალდებულია, გათბობის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე დაფიქრდეს და გაუფრთხილდეს გარემოს“, - აცხადებს cenn-ის წამომადგენელი გიორგი იორამაშვილი.

მოახლოებულ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ მათ ვერ შეძლეს ტყეკაფების რესურსის ათვისება, რეგიონულ სატყეო სამსახურებს დაუკავშირდნენ.

„გაზაფხულის დადგომისთანაე მოხდა ტყეკაფების გამოყოფა და არსებულ ტერიტორიამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. მომზადდა საინფორმაციო სატელევიზიო ვიდეორგოლი და ყველა მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო დაფებზე, განთავსდა საჭირო ინფორმაცია. მოსახლეობის შეშით დროული უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ყოვეწლიურად, გაზაფხულის დადგომისთანავე, ახორციელებს ტყეკაფების გამოყოფისა (მოსაჭრელი ხეების მონიშვნის) და ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებობს წინა წლების ტყეკაფების ნაშთები, საიდანაც მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ხე-ტყის ათვისება“, - აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სოციალური ჭრის ფარგლებში, ყოველწლიურად დაბალ ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 7 კბ/მ და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 15 კბ/მ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია. სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებული მერქნული რესურსის გასხვისება-რეალიზაცია აკრძალულია.