21-26 მაისის აქციების შესახებ პოლიტიკოსებმა იმდენი ილაპარაკეს, ზოგმა - ტელეეკრანებიდან, ზოგმა - გაზეთებიდან... მათი პოზიცია უკვე აღარ არის საიტერესო. ხალხისთვის ჯერ არავის უკითხავს, რა აზრის არიან ხელისუფლება-ოპოზიციაზე.
„დაჭერის მეშინია, სიკვდილის - არა. საბჭოთა მილიციის არ მეშინოდა, ისინი ნარკოტიკს არ უდებდნენ მას, ვინც მომხმარებელი არ იყო. ახლა ხომ ხედავთ, რა ხდება! ჰოდა - მეშინია. ჩემნაირი დაშინებული ძალიან ბევრია. ამიტომ არ მინდა, რომ ჩმი გვარი დაწეროთ“, - ასე დაიწყო პრესაგე.ტვ-სთან საუბარი გაგრიდან დევნილმა ქალბატონმა მარინა კ-შვილმა, რომელიც უკვე გააფრთხილეს: „ნუ ხმაურობ, თორემ შვილები გყავს და“... ქალბატონმა მარინამ რჩევა „ყურად იღო“ და პრესაგე.ტვ-სთან ახმაურდა:
- აგიტაციას ვეწეოდი, წამოდით მიტინგზე მეთქი და გამაფრთხილეს ნუ ხმაურობო. ჩემს ირგვლივ ვინც იყო, ბევრი დაიჭირეს, ჯარიმები გადაახდევინეს. მაინც ვერ ვითმენ, გული არ ითმენს. ყველა მიტინგზე ვარ ნამყოფი, მიშას მიტინგებზეც დავდიოდი და ვყვიროდი - ძირს დიქტატორი შევარდნაძე!.. სააკაშვილმა ისე გააკეთა, შევარდნაძე მოგვანატრა! ვინც მიტინგებზე დავდიოდით, ეს ძალიან „ფეშენ ხალხი“ ჩვენზე სუნიანებიო, რომ იძახდნენ, მარშუტკაში რომ ადიხართ სუნი არ დგას? ან, იმას რომ ამბობენ, მიშაზე უკეთესი ვინ მოვაო, მე ვამბობ - დაიქცეს ის საქართველო თუ მეორე არ დადის ვინმე ისეთი ამ ქვეყანაში ვინც მიშას შეცვლის და ხალხს არ გაამწარებს მიშასგან განსხვავებით.
გახსოვთ, ბრეჟნევი რომ მოკვდა და მთელი საბჭოთა კავშირი ლამის მიწაში ჩაყვა - რა გვეშველებაო, ისეა ახლაც... მინდა ოპოზიციას კითხვები დავუსვა თქვენი მეშვეობით: გუბაზ სანიკიძევ, სად არის შენი დიდგორი? სულ ამბობდი, ხალხო თქვენ დაიწყეთ და თქვენთან ვართო. გამოვედით, სად დაიმალე შენი დიდგორიანად? ან, ახლა რისთვის გამოგვიყვანეს ან ადრე, სხვა მიტინგებზე?! 200 ათასი კაცი ხომ შევიკრიბეთ 9 აპრილის აქციების დროს? რა გამოვიდა - რაოდენობისთვის გვეძახდნენ და არა იმისთვის, რომ რამე შეეცვალათ?! ვეკითხები - თუ რაოდენობისთვის ვუნდოდით, ამ მიტინგების შემდეგ ათასობით ადამიანი რომ დააკავეს, რატომ არ აიღეს პასუხისმგებლობა, დღეს რომ გამოდიან ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და სხვები, რომ იმოძღვრებიან პასუხისმგებლობა სახალხო კრებამ აიღოს თავზეო. აიღოს, კი, ბატონო, მაგრამ თავადაც აიღონ პასუხისმგებლობა. რისთვის გამოგვიყვანეს მაშინ - საკრებულოში ორი ადგილი რომ აეღოთ და იქიდან რომ დავემოძღვრეთ? ან, ის ბუშლატიანი კაცი - პაატა დავითაია რომ დარბოდა მიტინგებზე, ახლა რატომ არ ახსოვს აფხაზეთი? გიორგი თარგამაძე გამოდის და მეუბნება, მეტი მიტინგი არ იქნება და არ იქნება ქუჩაში გამოსვლაო, ესე იგი თარგამაძე იმ ბოლო იმედსაც მართმევს, რომელსაც წლებია ვებღაუჭები - ეგებ შეიცვალოს რამე. აქამდე იმის იმედი მქონდა, რაღაცას ვიზამთ ხალხი-მეთქი და გამოვედით გარეთ. რა მივიღეთ?
თქვენ რისთვის გადიოდით ქუჩაში?
- მე მაინც მეგონა, რომ ხალხს არ მოატყუებდნენ. ახლა გამოდიან და ამბობენ, ქუჩაში დგომა არაფერს შეცვლისო. არჩევნები არ გაყალბებულა თუ, როგორაა საქმე? მე რატომ გავდიოდი ქუჩაში? იმედი მქონდა და მჯეროდა, რომ ამით ეს ხელისუფლება გადადგებოდა. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებს გვეზიზღება შევარდნაძე, მან დაგვაკარგვინა მშობლიური მიწა და იმედი გვქონდა, სააკაშვილი გვერდით დაგვიდგებოდა, მაგრამ დღეს რა ხდება? სამაჩაბლოდან დევნილები, რომლებიც მიშამ უსახლკაროდ დატოვა, ამბობენ, მიშა გვიყვარსო! რატომ, კაცო? რისთვის უყვართ?
გორში, ომის დროს ვნახე პოლიციელები, ეს „მოტივირებული და უშიშარი ხალხი“, როგორ გამორბოდნენ და დაჭრილებსაც კი არ უჩერებდნენ მანქანას... სამაჩაბლოს დევნილები საკუთარი მიწა-წყლიდან გამოყარეს და არც სხვაგან გაახარეს, ჩვენ რუსეთს მაინც შევაფარეთ აფხაზეთის ომის შემდეგ თავი.. დღეს რა ხდება? ჩემს ახლობელს ძმისშვილი უკვდება მოსკოვში და ვერ მიდის, ვიზაც რომ მოგვცენ, სამგზავრო ფული არა გვაქვს. როგორ დადიან „ნაციონალები“ რუსეთსა და ამერიკაში? რუსეთი-რუსეთიო, რომ გაიძახიან - მტერიაო, გორში ვინ დაყვებოდა „შოფრად“ ბორისოვს? ვარძელაშვილი არ იყო მისი გამცილებელ-მასპინძელი? გივი თარგამაძე არ დაყვებოდა? დღეს პირს რომ ვერ აღებს. ხომ იყო ასე? მაშინ, რა მოხდა დღეს ასეთი?! ზოგი შეიძლება მეგობრობდეს რუსეთთან და ზოგი - არა? როდიონოვი რომ გააკრეს თავის დროზე ჯვარზე, ახლა უარესი არ მოხდა?
როგორ ფიქრობთ, ხალხი ამ ფონზე როგორი ემოციით შეხვდება არჩევნებს?
- მე არ წავალ არჩევნებზე. „რვიანმა“ ხომ კარგად დაინახა რაც ხდება! „ნაციონალები“ არ თმობენ ხელისუფლებას. „რვიანს“ მისცემენ ორ-სამ ადგილს, აიღებენ ხელფასს, ივლიან მანქანებით, გაინაღდებენ პენსიას და ხალხს რა? რა იქნება ხალხისთვის? საკრებულოს სხდომა ათმა კაცმა დატოვაო... მერე რა? ვერ ჩაატარეს სხდომა? ზუსტად იგივე იქნება პარლამენტში. რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას? ვთქვათ, მივედი. მერე რა? რა შეიცვლება ამით? არც არაფერი. არჩევნებს იგებს ის, ვინც ხმებს ითვლის. შევა ოპოზიციიდან პარლამენტში 50 კაცი, ამ 50-დან 25 ნაციონალი გახდება, როგორც თარგამაძე.
ამ ლოგიკით არც ქუჩაში გამოსვლას აქვს აზრი...
- გახსოვთ, ბადრი რომ გაწირა ოპოზიციამ და სასიკვდილოდ გაიმეტეს? ანალოგიური ხდება ახლაც. ბურჯანაძის და გაჩეჩილაძის გულისთვის არ მივსულვარ მე მიტინგზე. ხომ გახსოვთ 2007 წელს რიყის აქციიდან ოპოზიცია როგორ გაიქცა და რამდენი დღე ვეძებდით? სად არის კონსტანტინე გამსახურდია, ხომ იჭერდნენ? რატომ არ დაიჭირეს?! შალვა ნათელაშვილი არ მოსულა მიტინგზე, მაგრამ კაცურად თქვა სიმართლე და უკან არ დაიხია. ესენი სად არიან და რას ამბობენ? 50 წლის ქალი ვარ, ვიპრანჭები შეძლებისდაგვარად და ამ დროს სიბერეს ვნატრულობ, პენსია რომ დამინიშნონ. რა ვქნა აბა? სამსახური მე არა მაქვს და პენსიაც არ ვინატრო? გინახავთ ვინმე სიბერეს ნატრობდეს? 28 ლარი მაქვს დახმარება, სანდრა რულოვსისთვის 28 ლარი საკმარისი თანხაა?
„რვიანის“ გასაგონად მინდა ვთქვა - რისი სჯერა ამ ხალხს? და, საერთოდ, რა უნდათ? რად მინდა ის ოპოზიცია, რომელიც მიტინგზე რაოდენობის გაზრდისთვის მიმიყვანს, მერე კი ამ რაოდენობით მიშასთან ვაჭრობას დაიწყებს. რა საჭიროა ეს ოპოზიცია? მაშინ რატომ გვიკეტავენ ხალხს გზას? იქნებ, ჩვენც შეგვიძლია რამე გავაკეთოთ?