გეოსტრატეგიული სამკუთხედი საქართველოსა და ნატოს წინააღმდეგ

გეოსტრატეგიული სამკუთხედი საქართველოსა და ნატოს წინააღმდეგ

კავკასიის რეგიონში მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რუსეთი და სომხეთი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას ქმნიან. განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა. განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას. 

პროექტის თანახმად, რუსეთი და სომხეთი კავკასიის რეგიონში მხარეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნიან ორი ქვეყნის გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას. სამხედრო შენაერთის მიზანი იქნება შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) და მხარეთა წინაშე წარმოქმნილ სხვა გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. დაჯგუფების მეთაური სომხეთის მთავარსარდლის მიერ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთათვარსარდალთან წინასწარი შეთანხმებით დაინიშნება. 

ასევე, მშვიდობიან დროს დაჯგუფების მეთაური სომხეთის გენერალური შტაბის უფროსს დაემორჩილება, ხოლო საომარი მოქმედებების დროს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის დაქვემდებარებაშიც გადავა. პროექტში აღნიშნულია, რომ წინამდებარე შეთანხმება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. შეთანხმება 5 წლის ვადით დაიდება და ავტომატურად გაგრძელდება შემდეგ ხუთწლედებში, თუ ერთ-ერთი მხარე არ გამოთქვამს თანამშრომლობის გაწყვეტის სურვილს.

როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ახალი ტრენდია, საბაჭო კავშირის შექმნის შემდეგ, კავკასიის რეგიონში რუსეთი უკვე სამხედრო კავშირებს აღრმავებს. გასულ კვირას რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან გააფორმა ხელშეკრულება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ. როგორც ჩანს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა სწორედ სამხედრო კავშირების გაღრმავების და გაძლიერების დროა, ვინაიდან ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც გაუგებს რუსეთს და მოისურვებს მასთან გარკვეულ თემებზე თანამშრომლობას.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს ეცდება, რომ მაქსიმალურად გაიუმჯობესოს პოზიციები და მოიკიდოს ფეხი ყველა მისთვის საინტერესო სივრცეში, განსაკუთრებით ახლო სამეზობლოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და უკვე ამ პოზიციიდან ესაუბროს ტრამპს.

„სომხეთ-რუსეთის გაერთიანებული სამხედრო შენაერთები; მოლდოვის ახლადარჩეული პროპრორუსი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად აცხადებს, რომ წესით, ყირიმი რუსეთის ნაწილად უნდა ვაღიაროთო და ამბობს: ერთადერთი მაფერხებს, დნესტრიპირეთში იგივე არ განმეორდესო, თან პირობას დებს, რომ გადახედავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; ბულგარეთის ახალი, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი - ნატოს და ევროკავშირის მორიგი თავის ტკივილი - და ორივე პრეზიდენტი სოციალისტური პარტიიდან - ეს ყველფაერი გუშინდელი დღის მონაგარია. 

ტრამპის ადმინისტრაციის და მისი საგარეო პოლიტიკის ფორმირებამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა. გახსოვთ ალბათ, რუსეთმა რომ სირიაში თავისი სამხედრო შეირაღება სასწრაფო წესით განალაგა და ამ პოზიციიდან წარსდგა გაეროს ტრიბუნაზე. ამჯერადაც, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს ეცდება, რომ მაქსიმალურად გაიუმჯობესოს პოზიციები და მოიკიდოს ფეხი ყველა მისთვის საინტერესო სივრცეში, განსაკუთრებით ახლო სამეზობლოში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და უკვე ამ პოზიციიდან ესაუბროს ტრამპს. 

ამ რეალობაში უწევს ოპერირება საქართველოს ძველ-განახლებულ ხელისუფლებას. კონსერვატიზმითა და სოციალიზმით გაჯერებული დასავლეთი მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის სამზადისშია. შეიძლება ითქვას, რომ სუფთა ატომური ნაზავია, ვემზადებით ამ გამოწვევებისთვის თუ ველოდებით ქარი საით წაგვიღებს?!“, - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კისინჯერის მიერ  2014 წელს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, როდესაც ამერიკას მოუწოდებდა დაეტოვებინა უკრაინა და რუსეთს პასუხი კავკასიიდან გასცეს, ზუსტად ორ კვირაში, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა სპეციალური სამინისტრო.

„ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა პუტინის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, მას ვკითხე - რა რეაქცია მოჰყავა კისინჯერის განცხადებას და როდესაც მან ახსენა კავკასია, იგულისხმებოდა თუ არა ჩრდილო კავკასია? -მიპასუხა - არა, პირიქით, უფრო დიდი საფრთხე ელოდა რუსეთს და იყო შესაძლებელი, რომ სრულიად მოულოდნელად, ყოველგავრი წინმსწრები განცხადებების გარეშე სომხეთი გამხდარიყო ნატოს წევრიო. მან თქვა, რომ ამ კუთხით ბევრად უფრო წინ იყო სომხეთი, ვიდრე საქართველოო. 

როგორც ჩანს, ყარაბახის საკითხი გადაწყდება და სომხეთისთვის უკვე სულ ერთია, როგორ გადაწყდება, მაგრამ როგორც კი გადაწყდება, მთელი სომხეთი გეზს ევროპისკენ აიღებს. ასე რომ, პუტინის გადაწყვეტილება სერიოზული თითის დაქნევაა აზერბაიჯანისთვის, რადგან სომხეთს წარმოაჩენს როგორც საკუთარ ნაწილს უსაფრთხოების სივრცეში, ამ დროს ხუთჯერ მეტი იარაღს აძლევს აზერბაიჯანს. ვიდრე რაიმე დამდასტურებელ ფაქტებს არ შევკრიბავთ, ძნელი სათქმელია რაიმე სიკეთის მომტანია თუ არა სომხეთისთვის კრემლის გადაწყვეტილება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. 

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ, რუსეთმა მისი ანალოგი საბაჟო კავშირი შექმნა და უკვე სამხედრო კუთხით ანვითარებს ამ მიმართულებას, რაც ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ვინაიდან რუსეთსა და სომხეთს სამხედრო სფეროში გარკვეული თანამშრომლობა აქვთ, რუსული სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან სომხეთში.

„რასაკვირველია, ეს არის დაპირისპირების გამოვლინება დასავლეთთან. სომხეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ბუნებრივია, ასე ხელაღებით ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ალიანსში ერთიანდება, ალბათ, სწორი არ იქნება. ასეთი საგარეო პოლიტიკა აქვს, ჩვენი მეზობელია და გვამრთებს, რომ ძალიან მკაცრი შეფასებებისგან თავი შევიკავოთ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში ღრმა ინტეგრაციას. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაზე ხელშეკრულება გააფრომა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ქმნის დამატებით ახალ საფრთხეს, როდესაც ასეთ ალიანსში გაწევრიანებულია მეზობელი სახელმწიფო. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ საქართველოს მართებს კიდევ ერთხელ გადახედოს თავის სამხედრო პოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე საგარეო საფრთხეებს და გამოწვევებს, ამ ანალიზის შედეგად შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება გაუმკლავდეს ამ საფრთხეებს. 

„ბუნებრივია, ამ ბაზის გარეშეც რუსეთს ხელი ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ახლა უფრო მეტის მიღწევის საშუალება აქვს. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას რეგიონი, ფაქტია, რომ ვერ თავისუფლდება გარე გავლენისგან, პირიქით საერთაშორისო კონტექსტიც კი ხელს უწყობს ამას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირების ხაზი საქართველოსა და უკრაინაზე გადის. 

საქართველო ცდილობს განთავისუფლდეს რუსული გავლენისგან, თავისი ინსტიტუციების ინტეგრირება მოახდიონოს ევროატლანტიკურ სტუქტურებში, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. რუსეთს თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნია, აქვს პრეტენზია, რომ ის არის განსაკუთრებული ძალა მსოფლიო პოლიტიკაში და, რომ მას შეუძლია კლიმატის შემქნა მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში. ბუნებრივია, ეს კონტექსტი მოქმედებს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე რეგიონში, მორიგი ლეგიტიმაცია გააჩინა რუსეთმა თავისთვის.

სომხეთისთვის საქართველო არის ფანჯარა დანარჩენ მსოფლიოში, მაშინ, როდესაც მას ორივე მხარეს თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი დაკეტილი აქვს. მიუხედავად ამ ხელშკრულებისა, სომხეთი რჩება ჩვენს პარტნიორ ქვეყანად. სტრატეგიული მოთმინებით უნდა მოვეპყროთ ნებისმიერ განცხადებას. ბუნებრივია, რუსეთს ექნება მცდელობა, რომ გაართულს ეს ურთიერთობები და რაღაცა სხვა ფაზაში გადაიყვანოს მდგომარება. ბუნებრივია, რომ მარტივად არ დგას საკითხი, მაგრამ არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს რეგიონალური ტიპის ახალი უსაფრთხოების ელემენტის შემოტანას, რომელიც ხორცილდება არა რუსეთ-სომხეთის, არამედ მრავალმხრივი ახალი სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ფორმატში. მისი თქმით, ამ გასაიდუმლოებული სამხედრო სტრატეგიის მიხედვით, ყალიბდება კრიზისების მართვის ოპერატიული სარდლობა, რომელსაც დაემორჩილება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება.

„ეს იქნება სამხრეთ მიმართულებით ნატოს წინააღმდეგ განხორციელებული ზომების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ფაქტიურად, ეს ნატოს და ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს გარკვეულწილად ითვალისწინებს თურქეთის წინააღმდეგ შეკავების პოლიტიკის წარმოებას. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და ფორმალურად მოწინააღმდეგე მხარედ ითვლება ამ ალიანსისთვის. როგორც ჩანს, მოსკოვი თავს იზღვევს იმ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რომელიც დღეს არსებობს რუსეთსა და დასავლეთს შორის და განსაკუთრებით რუსეთსა და ნატოს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ფორმატში ჯდება აფხაზეთში შექმნილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება, რითაც რუსეთი ხელს უწყობს სეპარატისტული აფახაზეთის საერთაშორისო აღიარების ტენდენციების განვითარებას. 

„არ გამოვრიცხავ დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებიც რაღაცა ფორმით ჩართონ ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის ამ მოდელში. ცხადია, რომ რუსეთი აფახაზეთის ტერიტორიას საკუთარი გეოსტარტეგიული ინტერესებისთვის იყენებს. ასეთივე დაჯგუფების შექმნას გეგმავს ცხინვალის რეგიონში. 

მოგეხსენებათ, რომ ცხინვალის სეპარატისტული სამხდერო ფორმირებები გადავიდნენ რუსეთის ფედერაციის პირდაპირ დაქვემდებარებაში. სოხუმი, ცხინავალი და გიუმრი -გეოსტრატეგიული სამკუთხედი იკვრება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოსა და ნატოს წინააღმდეგ. რასაკვირველია ერთგვარი ზეწოლის ფორმაა აზერბაიჯანზე, მაგრამ ჩვენთვის არის პირდაპირი საშიშროება, რადგან პირდაპირი დარტყმის საფრთხე არსებობს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.