რამდენიმე დღეში 18 ნოემბერი მოგვიახლოვდება, დღე როდესაც თბილისის „დინამო“ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გამარჯვებულის წოდებას პირველად დაეუფლა. ოქროს მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში, შორეულ ტაშკენტში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვის „ტორპედო“ დაამარცხეს - 4:1.
1964 წლამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდებას მხოლოდ მოსკოვური გუნდები და კიევის „დინამო“ ფლობდნენ. ქართველები ამ ტიტულთან ახლოს რამდენჯერმე იყვნენ, მაგრამ საქმეში ყოველთვის „უხილავი“ ძალები ერთვებოდნენ და სანუკვარი ოქრო თბილისისაკენ მომავალ გზას ვერ პოულობდა.
დღევანდელ წერილში სიტყვას „ოქროს მატჩის“ მონაწილეებს გადავცემ, რომლებიც იმ შესანიშნავი დღის პერიპეტიებს კიდე ერთხელ გაიხსენებენ.
მურთაზ ხურცილავა
„1964 წელს თბილისის „დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. პირველობა გუნდის ძირითად მოთამაშედ დავიწყე, მაგრამ ოქროს მედალი მაინც არ შემხვდა. სტარტზე 8 შეხვედრაში ვითამაშე და შემდეგ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე. დავბრუნდი და კიდევ ერთხელ არ გამიმართლა - კიევის „დინამოსთან" მატჩში კუნთი გამიწყდა. ახლა მის მოშუშებას მოვუნდი ნახევარი წელი... მოკლედ, სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა. მაშინ ასეთი წესი იყო - თუ ფეხბურთელი მატჩების გარკვეულ რაოდენობას არ ჩაატარებდა, მედალს ვერ იღებდა. მეც ამიტომ დავრჩი ოქროს გარეშე.
1964 წლის სეზონი მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დავიწყეთ, მაგრამ ჩემპიონის მედლები გავრილ კაჩალინთან ერთად მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ იმ „ოქროს გუნდის" შენება სწორედ იაკუშინმა დაიწყო. კაჩალინი ძალიან კარგი, განათლებული და კულტურული კაცი იყო, მაგრამ მიმაჩნია, როგორც მწვრთნელი, ის იაკუშინზე სუსტი იყო“.
ილია დათუნაშვილი
„ტაშკენტის მატჩისთვის 2 კვირით ადრე დავიწყეთ მზადება. სხვათა შორის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაგვაბინავეს, სავარჯიშოდ კი სპეციალური ავტობუსით სტადიონზე დავყავდით. უზბეკეთში 14 ნოემბერს გავფრინდით - ლამის მთელმა თბილისმა გაგვაცილა! მაშინ ტაშკენტში დღეში ერთი რეისი სრულდებოდა - ასკაციანი ტუ-104 დაფრინავდა, მაგრამ იმ დღეებში იმდენი გულშემატკივარი გამოგვყვა, რომ რამდენიმე დღით დღეში 5 რეისი დაუშვეს!
„ტორპედოს" კარში გატანილი გოლები არასდროს დამავიწყდება! პირველად ბურთი ახლო ძელთან ჩავაწოდე, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მეორედაც იგივე გავაკეთე. კვლავ კუთხური. მესამედ შორეულ ძელთან ჩავახვიე: მეკარე მარცხენა ძელთან ელოდა ბურთს და როცა მიხვდა რომ შეცდა, გოლი უკვე გასული იყო! დამატებით დროში მეორე ბურთიც გავიტანე - მიშა მესხი საჯარიმოში ჩვეულად შეიჭრა და ბურთი დამიგორა, თითქმის ცარიელი კარის წინ აღმოვჩნდი და ზუსტადაც დავარტყი.
წლების მერე „ოქროს მატჩის" არბიტრმა მიკელის რუბენისმა გვითხრა, თამაშის მერე მსაჯთა ოთახში საკავშირო ფედერაციის თავმჯდომარე მოშკარკინი შემოვიდა და მოსკოველთა არჩათვლილი გოლის და თქვენს სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო ტყავი გამაძროო.
„ოქროს მატჩის" დასრულებისთანავე სტადიონიდან პირდაპირ „ფახთაქორის" ბაზაზე წავედით - „ტორპედოსთან" მატჩამდე იქ ვცხოვრობდით. ჩემპიონობა არ გვიზეიმია, ბარგი ჩავალაგეთ და აეროპორტში გავემგზავრეთ. იქ, აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში იმდენი ქართველი დაგვხვდა, თავი თბილისში მეგონა! დინამოელები სპეცრეისით მოვფრინავდით და ყველას ჩვენთან ერთად სურდა წამოსვლა. მახსოვს, მოსაცდელი დარბაზის რესტორანში რომ შევედით, იქაურობა ქართველებით იყო სავსე - ჩვენ სადღეგრძელოს ხალხი 11 ჭიქით სვავდა! მე არ დამილევია, მაგრამ ჯემალ ზეინკლიშვილი ვერ გავაჩერეთ - გაგვეპარა და რამდენიმე ჭიქის გამოცლა მოასწრო!“
გიორგი სიჭინავა
„17 წლისა უკვე ძირითადში ვთამაშობდი! დასამალი რაა: ბასა ღოღობერიძე მედგა გვერდით და მეც ვუჯერებდი. თუმცა ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, რა თქმა უნდა, ანდრო ჟორდანიამ ითამაშა. და საერთოდ, 1964 წლის დაუვიწყარი გამარჯვებაც, ჩემი აზრით, სწორედ მან გამოჭედა - ყველა ფეხბურთელს მან მოუძებნა ის ამპლუა, სადაც მერე მთელი კარიერა გაატარეს.
მიხაილ იაკუშინთანაც ვიმუშავე და გავრილ კაჩალინთანაც. იაკუშინი უფრო მკაცრი იყო, კაჩალინი - შედარებით ლმობიერი. 1964 წელს კაჩალინის ხელმძღვანელობით გავხდით ჩემპიონები, მაგრამ იაკუშინის წვლილი ამ გამარჯვებაში არანაკლები იყო. სხვათა შორის, სწორედ მან შეცვალა „დინამოს" ტაქტიკური განლაგება: 3-5-2-დან 4-4-2-ზე გადაგვიყვანა.
იცით რატომ ვერ შევინარჩუნეთ ჩემპიონის ტიტული? ზეიმი ნამეტანი გაგვიგრძელდა და ამიტომ - ბურთი და ყანწი ერთად? გამორიცხულია! ფეხბურთელები თითქმის მთელი წელიწადი „პახმელიაზე" ვიყავით: ხან ერთ რესტორანში გვპატიჟებდნენ, ხან მეორეში, ერთი „დიდი კაცის" სუფრას მეორესი ცვლიდა და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ყველგან და ყველასთვის უძვირფასესი სტუმრები ვიყავით?!“
სერგო კოტრიკაძე
„1964 წლის გადამწყვეტი მატჩი შეიძლება არც გამართულიყო მოსკოვის „ტორპედოს" კიევის „დინამოსთან" რომ მოეგო. ის თამაში ფრედ დასრულდა, კიეველთა მეკარე ბანნიკოვმა კი მოსკოველთა პენალტი მოიგერია. ამ ამბის შემდეგ ბანნიკოვი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო თბილისში. ისე, ჩვენც დავკარგეთ ქულები ქუთაისში - „ტორპედოსთან" მატჩის მერე ისეთი ამბები ხდებოდა იმერეთში, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა.
„ოქროს მატჩამდე" კრწანისში, სამთავრობო რეზიდენციაში მიგვიწვიეს - რესპუბლიკის პირველი პირები შეგვხვდნენ და იმის ახსნა დაგვიწყეს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა „ტორპედოსთან" მატჩს და რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბიჭებს გულში გვეცინებოდა, ამ თამაშს ისედაც მთელი ცხოვრება ველოდით და უკან დახევას არც ვაპირებდით.
0:0-ზე, შჩერბაკოვის თავურის შემდეგ, ბურთი ძელმა აისხლიტა. ჩვენი კარის უკან ფოტოკორესპონდენტი კონსტანტინე შანიძე იდგა, რომელმაც მომაწოდა ის ბურთი. კოსტიას ვუთხარი, ეხლა ისე გადავრჩით, მგონი, განწირულები არ ვართ, ამ თამაშს უეჭველი მოვიგებთ-მეთქი!
პირველ ტაიმში უზბეკი გულშემატკივრები ორად იყვნენ გაყოფილნი - ნახევარი ჩვენ გვქომაგობდა, მეორე ნაწილი - „ტორპედოს", მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, ყველა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. მეორე ტაიმის ბოლოს და დამატებით დროში მთელი სტადიონი „დინამო", „დინამოს" ყვიროდა!
ჩემპიონობის შემდეგ თბილისიდან წამოსულმა გულშემატკივრებმა, იქვე, ტაშკენტის აეროპორტის რესტორანში დიდი სუფრა გაშალეს. უნდა გენახათ რა ამბავი იყო! ჩვენი „სვისტუნა" - ჯემალ ზეინკლიშვილი ეგრევე მოქეიფეებთან დაჯდა და ნახევარი საათის შემდეგ, როცა თვითმფრინავში ამოვიდა, უკვე კარგა მაგრად შექეიფიანებული იყო. თბილისში რომ ჩამოვედით, ჯემალმა ფეხსაცმელები გაიხადა და ქომაგებს უსახსოვრა.
„ოქროს სეზონი" მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დავიწყეთ და გავრილ კაჩალინით „დავასრულეთ". ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო. იაკუშინი შედარებით მკაცრი გახლდათ, უფრო მომთხოვნი იყო. „დინამო" 4-2-4 განლაგებაზე მან გადაიყვანა. ასევე მის პლუსად უნდა ჩაითვალოს ფიზმომზადება - ეს კომპონენტი ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა. რაც შეეხება კაჩალინს, ის უფრო მეგობრული იყო, ფეხბურთელებს ოჯახებში გვესტუმრებოდა ხოლმე.
ოქროს მატჩის" შემდეგ ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა და პრემიებსაც გვაძლევდნენ. მაგალითად, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციამ 400 მანეთი გადმოგვცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე 400 მანეთით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, მოოქროვილი, 160-მანეთიანი საათები და იმხანად მოდური იაპონური რადიომიმღებიც გვისახსოვრეს“.