გაურკვეველი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი

გაურკვეველი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რომლის შესახებ მოლაპარაკებები უკვე 11 წელია, მიმდინარეობს, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. ერთ-ერთი მიზეზი ქართული კულტურულ- რელიგიური ძეგლი - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. ამ ეტაპზე საზღვრის 480 კმ-იანი მონაკვეთიდან შეთანხმება მხოლოდ 65%-ზე მოხერხდა, თუმცა კვლავ რჩება სადავო ტერიტორიები და მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. აზერბაიჯანულ მხარეს მიაჩნია, რომ ძეგლი ალბანური წარმოშობისაა.

ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ "რეზონანსს" განუცხადა, რომ საზღვრის მესამედი კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, იგი თითქმის მთლიანად (დაახლოებით 98%) განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე და მას არავინ გვედავება.

 თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამჟამად შეუთანხმებელია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთი, მათ შორისაა 2,5-კმ-იანი მონაკვეთიც, რომელზეც განლაგებულია კლდეში გამოკვეთილი კელიები (მცირე სენაკები) და ზოგიერთი სხვა ძეგლი.

ისტორიკოსები კი ამბობენ, რომ ძეგლის ალბანურ წარმოშობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ მონასტრების ისტორია კარგადაა ასახული მონასტრების კედლებზე და ყველაფერი ნათლად მიუთითებს ქართულ წარმომავლობაზე. "საქმე ან დემაგოგიასთან ან საკითხის უცოდინრობასთან გვაქვს", - ამბობს ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

ბოლო შეხვედრა ამ საკითხზე 14 ივლისს გაიმართა. ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დავით ჯალაღანია და ხალაფ ხალაფოვი შეხვდნენ, ორივე მათგანი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელია.

ამ შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები განიხილეს. ისაუბრეს ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ექსპერტებს შორის გამართულ შეხვედრაზე. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საზღვრის გამავალი ხაზის შესახებ შეთანხმების საკითხში წინ წაწევა დაფიქსირდა.

ასევე შედგა შეთანხმება, მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნული სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ.

სააგენტო "ჯიეიჩენის" ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის გადაუწყვეტელობა ამდენი ხანი, სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობის - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა დაკავშირებული. სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით - 60 კილომეტრში მდებარეობს. მთავარ მონასტრად ითვლება წმინდა დავითის ლავრა, რომელიც მთის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, სწორედ ეს მთა ჰყოფს საქართველოსა და აზერბაიჯანს.

საგულისხმოა ისიც, რომ კომისია 1999 წლიდან მუშაობს.

აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გარიბ მამედოვმა კი განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე - კეშიკჩის გორაზე განლაგებული მონასტერი ალბანური წარმოშობისაა.

იგი ჯერ კიდევ 2007 წელს აცხადებდა, რომ კომისიის სხდომებზე ქართულ მხარეს დავით გარეჯის კუთვნილებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ საკითხი არასოდეს დაუყენებია.

"ალბანური ძეგლის თემა სადავო საკითხია, თუმცა კომისიის ფუნქციაა, განისაზღვროს მონაკვეთი, სადაც უნდა გაიაროს საზღვარმა, რომელიც ორ ქვეყანას გაყოფს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს კომისიის კომპეტენციაში არ შედის", - იტყობინება "ჯიეიჩენი" ხალაფოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჩვენ დავით ჯალაღანიას ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. მან პასუხი მეილის მეშვეობით გაგვცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, საკითხების გადაწყვეტის მექანიზმებზე და დასახეს კონკრეტული გზები. დაფიქსირდა გარკვეულ პოზიციათა თანხვედრა და მხარეთა მზაობა დელიმიტაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად. შეხვედრის შედეგები იმედისმომცემია, შესაბამისად, შეხვედრა უნდა მივიჩნიოთ წარმატებულად.

"სახელმწიფო კომისიების დონეზე ამჟამად შეთანხმებულია საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთლიანი პერიმეტრის დაახლოებით 65%. არ იქნება სწორი გამონათქვამი, რომ დანარჩენი 35% შემთხვევაში პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს ასე არ არის. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შეუთანხმებელი მონაკვეთების შემთხვევაში უფრო მეტი სპეციფიკური ნიუანსია გასათვალისწინებელი, შესაბამისად, მეტი სამუშაო სრულდება, რასაც უფრო მეტი დროც მიაქვს. კომისიების მომდევნო სხდომა გაიმართება სექტემბრის მეორე ნახევარში, აზერბაიჯანში. ვიმედოვნებთ, რომ ისიც წარმატებული იქნება", - აცხადებს ჯალაღანია.

მისი განცხადებით, ამჟამად შეუთანხმებელია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთი, მათ შორისაა 2,5-კმ-იანი მონაკვეთიც, რომელზეც განლაგებულია კლდეში გამოკვეთილი კელიები (მცირე სენაკები) და ზოგიერთი სხვა ძეგლები.

"რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, იგი თითქმის მთლიანად (დაახლოებით 98%) განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე და მას არავინ გვედავება. ვიმედოვნებთ, რომ საზღვრის ამ და სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე საკითხი გადაწყდება მართლზომიერად და ისე, როგორც შეშვენის ორ კეთილმეზობელ ქვეყანას", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, რომ დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება იწყება მეექვსე საუკენეში. დავით გარეჯელმა დღევანდელ დავითის ლავრის ტერიტორიაზე დაარსა მონასტერი, შემდეგ მისი მოწაფეები დოდო და ლუკიანე აარსებენ ასევე სხვა მონასტერებს, დღეისათვის არსებობს 20-მდე სხვასხვა მასშტაბის სამონასტრო კომპლექსი.

"აქ გვაქვს საქმე ან დემაგოგიასთან ან ელემენტარულ უცოდინრობასთან, თუ ვინმე აცხადებს ამ ძეგლების ალბანურ კვალზე. ამ მონასტრების ისტორია კარგადაა ასახული მონასტრების კედლებზე. ეპიგრაფიკული წარწერები, ქართული ფრესკები და ა.შ. ყველაფერი ნათლად მიუთითებს მის ქართულ წარმოშობას და რაიმე ალბანურ კვალზე საუბარი, უბრალოდ, გამორიცხულია", - ამბობს კუდავა.

აღნიშნულ საკითხს სწავლობდნენ "კონსერვატორებიც". ძიძიგურის თქმით, პრეზიდენტმა ოდესღაც განაცხადა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა, სტრატეგიული სიმაღლეები და კელიები დარჩებოდა აზერბაიჯანს, ისტორიული ძეგლები იქნებოდა ჩვენს მხარეს, სინამდვილეში კი სწორედ იმ სტრატეგიულ სიმაღლეებზე მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსის ყველა ეკლესია.

 "აუცილებელია, ეს პროცესი გამჭვირვალე გახდეს. არსებობს დემარკაციის რამდენიმე რუკა, სადაც სხვასხვაგვარად გადის საზღვარი, როდესაც ეს საკითხი პარლამენტში დავაყენეთ, ასე გვითხრეს, რომ რა დროს ამაზე დავაა, გაზს გვაძლევენ უფასოდო", - ამბობს ძიძიგური.

მისი თქმით, პარლამენტში "კონსერვატორებმა" სხდომაც კი მოიწვიეს, რომელსაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან წარმომადგენლები ესწრებოდნენ და თავის დროზე ამ საკითხის კონსერვაცია მოხდა, რათა აზერბაიჯანულ მხარეს არ გადასცემოდა ძეგლები.

აღნიშნული მასალა "რეზონანსში" დაახლოებით 10 დღის წინათ უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ მინისტრის მოადგილის პასუხებმა დაიგვიანა, ჩვენ მას მხოლოდ ახლა გთავაზობთ.