დიტო გელოვანი: წითელი და სველი ასფალტის ფერი

დიტო გელოვანი: წითელი და სველი ასფალტის ფერი

- ... ერთი თვალის ფოსოში, მაგალითად, ხელის შუა თითი ჩავჩაროთ, გრანდისსიმოჰალე, მეორეში კი - ფეხის ცერი, და ეს გარემოება თვალსაჩინო დისპროპორციას შეიტანს, გვერდითა, ხელუხლებელი პროპორცია კი, ამ შემთხვევაში ყურების სახით, უფრო ხაზს გაუსვამს სახის შიდა შეუსაბამობას, ტუჩების მოჭრა-ლიკვიდაციაც სასურველია, კბილების გაშიშვლება სასურველ ეფექტს გამოიღებს ნატურალურად, გრანდისსიმოჰალე, რადგან გარკვეულ ასოციაციას იწვევს.
„ნიჭიერია, ვირიშვილი“, - გაიფიქრა მარშალმა ბეტანკურმა.
- თუ მაპატიებთ, დიდო მარშალო, ერთი შენიშვნაც უნდა გამოვთქვა, თუ ნებას მომცემთ. ვთქვა?
- მიდი!
- თავი ბოლომდე არ უნდა მოგეჭრევინებინათ... წკიპზე დაკიდებული უფრო წარუშლელ შთაბეჭდილებას დაიმსახურებდა...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

ნიჭიერები არიან ვირიშვილები, უფრო სწორად - ნაბიჭვრები, ანუ ნაბიჭვარი ვირიშვილები. მაგარია, მაგარი... ნამდვილად მაგარია, მაგრამ ვირიშვილია და თანაც - ნაბიჭვარი. ყველანი მაგრები არიან და ყველანი ნაბიჭვრები. რამდენი ნაბიჭვარია საქართველოს ხელისუფლებაში? რომ დავსხდეთ და ვიდავოთ, ბევრ დროს წაგვართმევს, ხოლო დრო ნამდვილად აღარ გვყოფნის და სივრცესაც გვიზღუდავენ.

ორი რამ ყოფილა ამქვეყნად უსასრულო - დრო და სივრცე. დრო გადის, სივრცეს გვიზღუდავენ და მესამე უსასრულო რამ ემატება ამ ყველაფერს - ჩვენი სიბრიყვე, დროში გაწელილი, სივრცეში გაბერილი.

რამდენი ნაბიჭვარია საქართველოს ხელისუფლებაში? რომ დავსხდეთ და ვიკამათოთ, იმას დაემგვანება - „რამდენი ანგელოსი დაეტევა ნემსის წვერზე?“ უსაგნო კამათია, უაზრო და თუ კითხვა მაინც ითხოვს პასუხს, ჯობს უპასუხო სწრაფად და მარტივად.

და, რამდენი ნაბიჭვარია ოპოზიციაში? ჩემი პასუხი ასეთია: ოპოზიციაში არც ერთი ნაბიჭვარი არ არის და ყველა ნაბიჭვარია, ვინც ოპოზიციონერობას იბრალებს.

ამ კამათში გადის დრო და იზღუდება სივრცე. არადა ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კითხვას გაეცეს პასუხი სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

მაგალითად, ხელისუფლებას შეეძლო, მოემზადებინა გეგმა „ბ“: სადმე, რომელიმე სამხედრო ბაზაზე, მაგალითად - ვაზიანში, ჩაეტარებინა აღლუმის რეპეტიცია და თავად აღლუმი ჩაეტარებინა რესპუბლიკის მოედანზე. მეწისქვილის ქლიშვილი პირში ჩალაგამოვლებული დარჩებოდა.

მიტინგის ორგანიზატორებს შეეძლოთ 12 საათზე ხალხი გადაეყვანათ ტროტუარზე და... „არ ვმიტინგობ, ბიჭო, ტროტუარზე ვდგავარ“. იდგებოდნენ რუსთაველის მთელ სიგრძეზე და ვეღარავინ იტყოდა, ღონისძიების ჩატარებაში ხელს გვიშლიდნენო.

ბენზინის ბაკში მხოლოდ ბენზინს თუ ჩაასხამ. ვისაც სისხლი წყურია, წყურვილის გრძნობას მას მხოლოდ სისხლი თუ მოუკლავს.

ორივე მხარეს სისხლი წყუროდა. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, პოლიტიკა - რაც შეიძლება მეტ მსხვერპლს. ყოველ შემთხვევაში, აქ ასეა და აქ განათლების მინისტრსაც კი სისხლი წყურია, თქვენ სისხლს დავლევო - მინისტრმა უთხრა დირექტორებს, დირექტორებმა - სასწავლო ნაწილებს, სასწავლო ნაწილებმა - პედაგოგებს, პედაგოგებმა - მოსწავლეებს. მანდატურები იღრიჭებოდნენ. იღრიჭებოდა ტარიელ ჭანტურია...

ბავშვობაში წიგნი მქონდა - „ფრინდი, ფრინდი, ზურია. ტარიელ ჭანტურია“. რა თქმა უნდა - დიდი სისულელე. ჩემთვის - სისულელე, ვიღაცისთვის - ცხოვრების კრედო. ერთი სტრიქონი დამამახსოვრდა იმ წიგნიდან. „თუ არ მოგწონს ეს გუბე, ადექი და ისკუპე“ - ორი ბაყაყის საუბარია. ბაყაყს თუ მოკლავ, წვიმა წამოვა.

დილიდან ბაყაყებს ხოცავდნენ, დაღამდა თუ არა - ადამიანების ხოცვას შეუდგნენ. მოსკოვში იღრიჭებოდნენ.

ზუსტად შვიდი წლის წინ და ორი თვის წინ პირველად დავწერე, სააკაშვილი რუსეთის კაცია-მეთქი. ასე ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ხედავ (ყველა ხედავდა), არ უნდა დაუშვა, რომ „თელასი“ რუსებმა ჩაიგდონ ხელში. მაშინ, „წვიმის მუსიკოსების“ ის „წვიმის მსმენელებიც“ კი ამიჯანყდნენ, რომლებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი, საკუთარ ბავშვობაზე რევანშს მოწყურებული, ჩვეულებრივი ბიჭი იყო. ბოლო ოპონენტმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა, რომ მაშინ მართალს ვამბობდი. და არა მხოლოდ მაშინ - 2003 წლის ნოემბერშიც.

მაშინ ითქვა: „ჩავრეცხოთ“. მერე ითქვა: „ჩავწიხლოთ“. გასულ კვირაში საბოლოო განაჩენი გამოიტანეს - „ჩავხოცოთ“.

სააკაშვილი რუსეთის კაცია-მეთქი... თურმე ვცდებოდი - სააკაშვილი რუსეთის არაკაცია. რამდენი არაკაცია ხელისუფლებაში? კოვზების მბრძანებელი ბაქრაძე, უსახური გილაური, დეფექტიანი ხაბაზი, პრეფექტიანი ხერხეულიძე, თავხედი გაბაშვილი, უზრდელი ცისკარიშვილი, დოლ-გარმონ ხაჩიძე, წიკლა-ნუგზარა, გასაპნული ბარამიძე, სიდედრის მინაშვილი, ბეყე გოროზია, გაბერილი წერეთელი, დაჩუტული მალაშხია...

რამდენი არაკაცია „ოპოზიციაში“? მეწისქვილის ქალიშვილი, ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა, დაღლილი ვირი, მასხარა შალვა, უსაქმური ჯონდი, ყალბი ოქრო...

რამდენი არაკაცის სახელი მიეცა დავიწყებას? კობა ბექაური, ზაზა ბეგაშვილი, მაია ნადირაძე, ბიძინა ბრეგაძე, დავით სანიტარ-მესხიშვილი, მიხეილ ქარელი...

ყველა ერთად მოვიხსენიოთ, ვინმე არ გამოგვრჩეს.

ნუ დავივიწყებთ ბენდუქიძეს - თავისუფალი უნივერსიტეტის მამა, ლიბერალებად თვითწოდებული შავრაზმელების მამილო...

და კიდევ ის - გრიგოლ ვაშაძე, რუსეთის მოქალაქე...

ეგ რაღამ გამახსენა?! ალბათ, რუსეთმა. პუტინი ზის და იღრიჭება.

„კრემლი, კრემლი, კრემლი...“ - სახელისუფლებო მედიას რუსეთის სიძულვილი შეუკვეთეს. ხვალ ამერიკის სიძულვილს შეუკვეთავენ და ამათ შეძულდებათ. საქართველო არც არასოდეს ყვარებიათ. რამდენი ნაბიჭვარია ქართულ მედიაში?

რამდენი ნაბიჭვარია ქართულ მედიაში - ეს, ალბათ, მედია-ექსპერტებს და მედია-მკვლევარებს უნდა ვკითხოთ - შეჭმუხნული წარბები, დაფიქრებული სახეები, დაკვირვებული გამოხედვა... „სიუჟტი, სტატია, გადაცემა... დაბალანსებული უნდა იყოს. სიძულვილის ენამ დაისადგურა ქართულ მედიაში. ერთი გრანტი გადმომიგდე, თორენ შავ დღეს დაგაყენებ“.

კი, კი, როგორ არა... ბებიათქვენისამ! დავინახე ღორი და როგორ უნდა დავწერო? ასე -„წვრილჩლიქოსანთა კლასის, დინგოსანთა ოჯახის, გრეხილკუდიანთა ტიპის“? ასე დავწერო? ეგრე არ შემიძლია. დავინახე ღორი და დავწერე „ღორი იწვა ტალახში, სიამოვნებით ნაბავდა თვალებს, ღრუტუნებდა და გოჭებს ეუბნებოდა: „ნუ შეგრცხვებათ, გოჭებო, ღორებივით მოქცევა. თუ გინდათ, რომ კარგი მენეჯერები გამოხვიდეთ. ჩვენი რეალითი შოუს მიზანი სწორედ ეს არის“.

ასე დავწერ და ყელში მეცემიან ეთიკური ჟურნალისტიკის გაკაპასებული დედები და კასტრირებული მამები.

იცით რა მინდა? მინდა, რომ მანანა კარტოზიამ მეტი შვილი აღარ გააჩინოს და გიგა ბოკერიამ მეტი ცოლი აღარ მოიყვანოს. მაგათ და კიდევ ზოგ-ზოგიერთს იყო, გასულ კვირაში თემურ ნანეიშვილმა ხმადაბლა რომ შეუყვირა; „დირექტივებს კი ნუ იძლევით, თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ“. მე დავამატებდი: „და რაც აქამდე გაგიკეთებიათ, უკან გაიკეთეთ“. მკითხველთან ბოდიშს ვიხდი.

როგორც იმ ღამეს ჩამოიქცა ცა, ისე გვექცევა ქვეყანა, რადგან ვინც სრულ სიბნელეს ქადაგებს, სწორედ იგი არიგებს ბრწყინვალების ორდენებს. იცეკვეთ, ბატონებო, ოღონდ ფრთხილად იყავით - ასფალტი სისხლს არ იშრობს და ემანდ ფეხი არ აგიცურდეთ. ვერტმფრენებიდან კანფეტებს სხვა დროს გადმოყრიან, არ იდარდოთ - ბუშტებს სხვა დროს გაუშვებენ. ტყვიის კანფეტები, შარდის ბუშტები, მასტიკაში შემწვარი ვირთხა, ყვავის ბულიონი, განგრენიანი ფეხების ხაში... სამოქალაქო საზოგადოება. მიირთვით, მაგრამ გაითვალისწინეთ - „ლევომიციტინი“ ძალიან მწარე წამალია. ფრანგულ ფუნთუშებს ინგლისური მარილი მოაყარეთ, ამერიკულ ოცნებას კაცი არ მოუკლავს.

არ იცეკვეს... მეთქი - არ მიირთვეს. ძმა ამბობს, არ მივირთვითო. და ამბობს, ნერწყვები გვდიოდაო, მაგრამ... რიგითებს ყელში ბურთები აქვთ გაჩხერილი. ბურთების ქიმიური შემადგენლობა განსხვავებულია და გასაანალიზებელია.

მასწავლებელო, მასწავლებელო... კითხვა მაქვს - „ხორუმი“ ჯერ კიდევ ქართული ცეკვაა?

კი, ჯერ კიდევ ქართული ცეკვაა. ძალიან საეჭვოდ გაყავდათ მიშამაგარიას მცველებს სუხიშვილების მოცეკვავე და მიშამაგარიას იმ საღამოს, მარჯანიშვილის თეატრში ძალიან გასაგებად უთხრეს: „შენ ხარ მკვლელი!!!“ და მეორე დღეს მკვლელს ნამუსს წმენდდნენ ლოთი (ბრაძიაგა) ქობალია და მიწათმოწყობის ინსტიტუტის აბსოლუტური ჩემპიონი (1970-1987წწ.) დომინოში, ნემო ბურჭულაძე.

ნემოი და კაკოი - მაგათ დაუკრეს პირველი ტაში პირველის მიერ წესიერი ხალხის სუკის აგენტებად“ პირველად გამოცხადებას. მაგათ უწოდეს პირველს „მესია“ და მას შემდეგ, ვინც პირველი არ არის, ყველა სუკის აგენტია და ვინც პირველია - მესიაა.

ეგეთ „მესიებს“ რა-ა? ზახრუმა!!!

რამდენი ნაბიჭვარია ამ ქვეყანაში? გასულ კვირაში კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ითქვა, მიხეილ სააკაშვილს ენდობა გამოკითხულთა 73 პროცენტი. „რუსთავი 2“-ის უდუმო ჯოჯოები ენას არ აჩერებდნენ, ციფრებს ატრიალებდნენ. ციფრებით გვეუბნებოდნენ, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებთა 73 პროცენტი არის ნაბიჭვარი.

საერთოდ, როგორც ამ ბოლო დროს ვაკვირდები, მთელი სახელისუფლო მედია ქართველი ხალხის გინებაზეა გადასული - მერაბიშვილი რომ არა, ერთმანეთს დავხოცავდით; შაშკინი რომ არა, მოსწავლეები დახოცავდნენ ერთმანეთს; სეფერთელაძე რომ არა, გაუნათლებლები დავრჩებოდით და კვეზერელი რომ არა, ვინ ჩამოიყვანდა საქართველოში მამალ ძროხებს? ნიკოლაიშვილი გზებს გვიგებს და ეგ რომ არა... ბარამიძე ბრიუსელში იყო და ეგ რომ არა... ვერა ქობალიამ აუქციონი ჩაატარა და ეგ რომ არა...

იქ, მთავრობაში, სხედან და გეგმებს აწყობენ: „ქართველები რომ არა... ოღონდ ეგენი არა!!!“ დედითქვენის... ტუუუ... როგორ არა!

გინებას დაგაწყებინებენ სახალხოდ. მარტო გინება რომ იყოს, ჯანდაბას. ვინც იმ ღამეს იქ იყო და მასაც, ვინც არ იყო, ყველას სპეცრაზმელების სისხლი წყუროდა. სპეცრაზმელებსაც წყუროდათ სისხლი.

ვინც ხალხს ერთმანეთის სისხლი მოაწყურა, იმას რა-ა?

წივილ-კივილში გავიდა გასული კვირა. ვინც დაბრუნებას აპირებდა - გადაიფიქრა, ვისაც ორი ჩანთა ჰქონდა ჩალაგებული - სასწრაფოდ მესამეც ჩაალაგა, ვისაც საკუთარი საფლავი აქ ეგულებოდა, ლამისაა ახლობლებიც უცხოეთში გადაასვენოს.

„ეგ აღარ დაბრუნდება“ – „მიმინოდან“ გამახსენდა. ოქრუაშვილი წავიდა, ნოღაიდელი წავიდა... ნინო, ანზორას ერთავ, შენც წადი და მერე ამათაც მოგაყოლებთ - მიშას, გრიშას და ყველას. ოღონდ წადი და ჩვენსკენ ნუ მოიხედავ. წადი, მოგყვებიან და როცა დავწყნარდებით და ვიკითხავთ - „რამდენი ნაბიჭვარია ამ ქვეყანაში?“ - პასუხი იქნება წყნარი, მარტივი და იმედისმომცემი - „გაცილებით ნაკლები, ვიდრე მაშინ“.

ხორუმი ჯერ კიდევ ქართული ცეკვაა, მაგრამ რამდენი ქართველი დარჩა ამ ქვეყანაში?

რ.გ.რ.გ. (რა გითხრათ, რით გაგახაროთ) - ... ნუ გგონიათ, რომ ცუდ და უბედურ დროს დაიბადეთ. იქნება, მართლა კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, ზღაპარ-ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი... და რომ იცოდეთ, უბედნიერეს დროში ხართ გაჩენილი, ყველანი, ძმებო, - სიბინძურეში ამაღლების საშუალება უფრო არსებობს და თქვენ მოგეცათ.