ჩვენ – ტრამპი თუ ტრამპმა – ჩვენ?!

ჩვენ – ტრამპი თუ ტრამპმა – ჩვენ?!

თუმცა დიდხანს ველოდით და უფრო ადრეც (გულდათუთქულნი ვღიღინებდით, „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“), მაგრამ, მისმა ჩამოსვლამ ეს ჩვენი მოლოდინით გადაღლილი გულები მაინც გვარიანად გაახარა.

ერთი სიტყვით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, როგორც იქნა, ქართულ მიწას ფეხი დაადგა. ჩვეული მანერით, ქვეყანაც მოგვიწონა, რეფორმებიც (დაახლოებით, ასეთი პათოსით: „თქვენს სიმღერებს ხალხი მღერისო“) და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც (ამჯერად, შემართებით: რა დედამ შობაო). თბილისიც მოიარა და, ბუნებრივია, ბათუმიც, სადაც შავიზღვისპირეთში ყველაზე მაგარი შენობის აგებასაც დაგვპირდა, არანაკლებ მაგარი სახელით: „ტრამპ თაუერი”. მის მიმართ არ დაუშურებიათ ეპითეტები: „მწვანე შუქი“, „სავიზიტო ბარათი“, ცისფერი ოცნება (ეს ბოლო ეპითეტი პირადად მე მეკუთვნის) და ა. შ.

ნანატრი სტუმრის ნახვით მოგვრილი აღფრთოვანება ლამის ისევ პიკში იყო, როდესაც დონალდ ტრამპის არცთუ დიდად თაყვანისმცემლებმა განაცხადეს, რომ 2 მილიარდის მფლობელი აშშ-ელი ბიზნესმენი საკუთარი სახსრებით არაფრის აშენებასაც არ აპირებს, „შავიზღვისპირეთში ყველაზე მაგარ შენობას“ ჩვენებური „სილქ როუდი“ ააგებს, ოღონდ, ტრამპის სახელს გამოიყენებს. გამოყენების მიზანი მარტივია: ინვესტორების მოზიდვა (არც დაუმალავს ჩვენს ქ-ნ მინისტრ ქობალიას, რომ ტრამპის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ინვესტიციების ცვენას ელიან).

ხოლო, სანამ ინვესტცვენა დაიწყება, გაირკვა, რომ, რაკი პატ. ტრამპი ქველმოქმედი არ არის, თავისი სახელის გამოყენებისთვის თანხას იღებს. „კომერსანტის“  ინფორმაციით, ჩვენს შემთხვევაში ეს 10 მილიონი აშშ დოლარია (პროექტის განსახორციელებლად კი 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა ყოფილა დაგეგმილი).

ჩვენ ვერ გეტყვით, მოაზიდვინებს თუ არა 10 მილიონი 100 მილიონს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ „ტრამპ თაუერის” აშენების შემდეგ გაეცემა პასუხი რიტორიკულ კითხვას: საბოლოოდ, ჩვენ – ტრამპი თუ ტრამპმა – ჩვენ?!