რა იგულისხმა ივანიშვილმა კოსოვოს მოდელში

რა იგულისხმა ივანიშვილმა კოსოვოს მოდელში

საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები რჩება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გამუდმებით მსჯელობს მათი მოგვარების გზებზე, ეძებს მოდელს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ქართულმა მხარემ ოცწლიანი დაპირისპირების მოსაგვარებლად. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში კოსოვოს მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ამ მოდელის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა კოსოვოს მოდელი მისაღები იქნება თუ არა რუსეთისთვის, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. რუსეთის გავლებულ "წითელ" ხაზებზე გვესაუბრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო მაგალითად კოსოვოსა და სერბეთის მოდელი დაასახელა. რა იგულისხმა ივანიშვილმა?

- საუკეთესო მაგალითიაო, არ უთქვამს. მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.„კოსოვოს მოდელი მართლაც საინტერესოა. 1999 წელს, ნატოს სამხედრო აქციის შემდეგ, კოსოვოში შეიყვანეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ამ აქციაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. თითქმის 10 წელი ამ ტერიტორიას გაეროს მანდატი იცავდა. ამ ხნის მანძილზე ყველა დევნილი დაბრუნდა საკუთარ სახლში. კოსოვოში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები. განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი... მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ... ასეთი მოდელის მისადაგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა. კოსოვოს მოდელთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით სადავო ბევრი არაფერია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. თუმცა, თუკი ზემოხსენებული ქმედებები ამ რეგიონშიც განხორციელდება, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მართებული და დემოკრატიული პროცესი იქნებოდა.

შესაძლებელია, რომ რუსეთმა ასე აქტიურად ჩართოს საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში და, რაც მთავარია, დევნილები დააბრუნოს?

- სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა დღეს არ ჩანს. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს თემა მოსკოვმა„წითელ ხაზად გამოაცხადა, რომელზე საუბარიც არ სურს.

კოსოვოში მილოშევიჩის ნაციონალისტური მთავრობის შეცდომებმა და კოსოვოს გენოციდმა შეუქმნა პლაცდარმი მის დამოუკიდებლობას. ჩვენთანაც საუბრობენ იმაზე, რომ დაიწყოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. თუ ქართული მხარის დანაშაული განსაკუთრებით წარმოჩნდა, ხომ არ მივიღებთ იმას, რაც მიიღო სერბეთმა, როცა კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება მოუხდა?

- გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და ეს პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფონზე. ასეთი გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა პროცესი ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის შეჩერდა. ახლა დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი გაგრძელების შესახებ. თუკი გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ეს პროცესი საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს, მით უმეტეს, რომ არსებობს ევროკავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის ავტორიტეტული დასკვნა, ევროპის საბჭოს ორგანიზაციების დასკვნა და რეკომენდაციები, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა...

შეუძლებელია არ გკითხოთ ქართველთა გატაცებების შესახებ. ბოლო დროს ძალიან გახშირდა ტყეში ჯონჯოლზე წასული მოსახლეობის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავება. საქართველო ძალიან ფრთხილია რუსეთთან, ყველაფერს აკეთებს გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, თუმცა იგივე არ იგრძნობა რუსეთის მხრიდან, რაზეც ეს გახშირებული გატაცებებიც მეტყველებს. ამ პროცესს XXI საუკუნის ლეკიანობაც კი უწოდეს.

- მსგავსი ფაქტები ყოვლად მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს ე.წ. ჟენევის ფორმატით შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და პრევენციის მექანიზმი, რომელიც ოპერატიულად უნდა განიხილავდეს და აგვარებდეს ასეთ შემთხვევებს. ხშირად ასეც ხდება. თუმცა ვითარება არ არის იოლად სამართავი, გონივრულ ქმედებას მოითხოვს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივა?

- ჩვენ დავიწყეთ იმ თემებზე საუბარი, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული პოლიტიკური ნება არ სჭირდება - სავაჭრო ურთიერთობა, სატრანსპორტო კავშირი, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობა, სამეცნიერო თანამშრომლობა. გარკვეული წინსვლა ნამდვილად არის ამ სფეროებში. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ღვინო და მინერალური წყლები, ალბათ, მალე დაბრუნდება რუსულ ბაზარზე. შესაძლებელია, გარკვეული კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გამარტივდეს. შეინიშნება რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურობაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით... ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის.

არის თემები, რომლებზეც რუსეთთან ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი. თუმცა მომავალს მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ.