დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვმა მსოფლიოშიც და საქართველოშიც მკვეთრად იმატა. რა გახდა ამის მიზეზი? აქვთ თუ არა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულიერად დაავადებულ ადამიანებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრა" ექიმ-ფსიქიატრს ნინო ნანეიშვილს ესაუბრა:
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით, ქართველები უბედური ერების სიაში ხშირად მოწინავე ადგილზე ვართ. რითია ეს განპირობებული?
- ბევრი სტრესული ფაქტორი არსებობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ბოლო მოეღო უზრუნველ ცხოვრებას. ადრე ადამიანის ფსიქიკა აქეთ იყო მომართული, "თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე", რისი შეცვლის აუცილებლობაც დადგა. 20 წელი არ არის დიდი დრო, ზოგი შეეგუა მენტალიტეტის ცვლილებას, ზოგი - ვერა. ერთი ფორმაციიდან მეორეზე გადასვლას ბევრი სხვა უბედურება მოჰყვა, იყო ომები, მათ შორის - სამოქალაქო, დავკარგეთ ტერიტორიები, გამოვიარეთ უშუქობა, უწყლობა, მიწისძვრაც... ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. ჩემი აზრით, ქართველები სხვას უფრო ბევრს ვთხოვთ, ვიდრე საკუთარ თავს, ხელს სიზარმაცეც გვიშლის. ისიც პრობლემაა, რომ ბევრი შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს, რაც უარყოფითად აისახება ფსიქიკაზე. ამასთან, ნარკომანების რიცხვის მატებაც ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.
როგორც ვიცი, თუ პაციენტი აგრესიულია, მაგრამ არ სურს მკურნალობა, მისი კლინიკაში მოთავსება ძნელია. რატომ არის ეს პროცედურა გართულებული?
- თუ პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ დახმარებას, ის სასწრაფო დახმარების მანქანას პატრულის თანხლებით მიჰყავს კლინიკაში. 48 საათის განმავლობაში იკრიბება ექიმთა კომისია, რომლის აზრს მოსამართლე ისმენს და საბოლოოდ ის იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის სტაციონარში დატოვების ან შინ გაშვების შესახებ. სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ პაციენტი ავტომატურად აღირიცხება ქალაქის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. მხოლოდ ამბულატორიული მომსახურებით მისი რეგისტრაცია არ ხდება.
ალბათ, პაციენტის სტაციონარულ მკურნალობას ხელს გადავსებული კლინიკებიც უშლის...
- თბილისში სულ 5 ფსიქიატრიული კლინიკაა. ერთი საშუალოდ 80-100 კაცზეა გათვლილი. ზოგჯერ მართლაც შეზღუდულია ადგილების რაოდენობა, მაგრამ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში პაციენტი სტაციონარული მკურნალობის გარეშე მაინც არ დარჩება.
ხშირად ავადმყოფის ფსიქიკურ აშლილობას გარშემომყოფნი მანამდე ვერ ამჩნევენ, სანამ ეს არაადეკვატური ქცევით არ გამოიხატება. ამას კი ბოდვითი ან სმენითი ჰალუცინაციები განაპირობებს. მაგალითად, ახლახან პაციენტი მყავდა, რომელიც პურს საპნით ქაფავდა, ერთ-ერთი კი შინ კარით კი არა, ფანჯარაზე მიდგმული კიბით შედიოდა.
როგორც მკურნალობის შემდეგ ამიხსნეს, სმენითი ჰალუცინაციის გამო დაუძლეველი შიში ჰქონდათ, რომ "მტრისგან" საფრთხე (მოწამვლის, თავდასხმის) ემუქრებოდათ და ამგვარად ამიტომაც იქცეოდნენ. არის შემთხვევები, როცა პაციენტი თავიდან აგრესიულია, მკურნალობის შემდეგ კი მშვიდდება. ზოგჯერ პაციენტი ფსიქიატრსაც სწვდება თმაში, დარტყმას ცდილობს. წლების წინ პაციენტმა ერთი ფსიქიატრი მოკლა კიდეც. დაავადებულის მამამ ექიმს დაურეკა, ჩემი შვილი ძალიან აგრესიულია, ახლა თქვენთან მოდის და ფრთხილად იყავითო. ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ პაციენტის მოთოკვა შეეძლო და მას კარი გაუღო, რაც ტრაგიკულად დამთავრდა, - პაციენტმა დანით მოკლა მკურნალი ექიმი.
ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებს თუ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
- კი, ამას საქართველოს კანონი "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" არეგულირებს. თუ პირი სასამართლომ არ აღიარა ქმედუუნაროდ, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა. ქმედუუნაროდ აღიარებენ იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, არ შეუძლია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და მეურვეს საჭიროებს, რომელიც მის ნაცვლად ხელს მოაწერს დოკუმენტებს და სხვ. როგორც ვიცი, ქმედუუნარო ფსიქიკურად დაავადებულთა რიცხვი მცირეა.
დასახელებული სტრესული და ფსიქიკური ფაქტორები განაპირობებს თუ არა იმას, რომ ქართველებს მოსწონთ ქარიზმატული, ეგზალტირებული ლიდერები?
- ქართველებს მოგვწონს ის, ვინც მოწინააღმდეგეს ლანძღავს და არა ის, ვინც გეგმებს სახავს. ეს არ არის ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების არჩევანი, რომელთა რიცხვი მცირეა და ზოგად პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის. ისე, არაერთ გენიოსს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. ფსიქიატრები იმასაც ამბობენ, თუ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დამართნია დეპრესია, აღმასვლა ვერასდროს ექნებაო. უფრო მეტიც, საზოგადოებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები რომ მოაცილო, ის ერთფეროვანი და უინტერესო გახდება.