კონტროლის პალატამ საბიუჯეტო თანხები კონტროლზე აიყვანა

კონტროლის პალატამ საბიუჯეტო თანხები კონტროლზე აიყვანა

[ეკა ბაქრაძე]

კონტროლის პალატა ბიუჯეტს მიადგა და ხან აქედან უტრიალებს, ხან – იქედან. ბეჟუაშვილის უწყება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზნობრიობას, განაწილებას და ეფექტურობას სწავლობს. საბოლოო დასკვნები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ რაც უკვე გაცხადდა, ადასტურებს, რომ პალატა მორიგ ხმაურიან კვლევას წარმოადგენს.

კონტროლის პალატა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის სისტემური კვლევის საბოლოო დასკვნას, დაახლოებით, 2 კვირაში გამოაქვეყნებს. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დაგვიანების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პალატაზე ზეწოლა განხორციელდა. კონტროლის პალატაში ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე შრომატევადი იყო, შესაბამისად, მის მომზადებას დროს სჭირდებოდა. 

კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, კლასიკური გაგებით აუდიტი მოიცავს, როგორც ხარვეზების აღმოჩენას, ისე რეკომენდაციებს ხარვეზების გამოსწორებისთვის. „ყველაფრის განხორციელებას კი დრო სჭირდებოდა. სამუშაოები დასრულებულია, ამჯერად, დასკვნის საბოლოო ვარიანტზე მიდის მუშაობა“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

თუმცა, სანამ კონტროლის პალატა საბუჯეტო თანხების არამიზნორივი ხარჯვის დარგობრივ ანალიზს გამოაქვეყნებდეს, მანამდე ზოგადად საბიუჯეტო პრობლემებზე მიუთითებს. მაგალითად, პალატაში 2010 წლის ბიუჯეტში ხარჯების არათანაბარ გადანაწილებაზე საუბრობს. 

„ბიუჯეტის შესრულების 2010 წლის ანგარიშის“ მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების მაქსიმალური ოდენობა წლის ბოლოზე მოდის და დეკემბერში ეს თანხა 584 მილიონ ლარს აჭარბებს.

კონტროლის პალატის მოხსენების მიხედვით, წლის ბოლო 2 თვეში ახალი ვალდებულებების აღებას, სხვადასხვა დაუგეგმავი მარაგების შექმნას და დროის მცირე მონაკვეთში იმ ხარჯების გაღებას, რომლებიც წლის დასაწყისში არ იყო დაგეგმილი, სხვადასხვა ხარისხის გავლენა აქვს ქვეყანაში ფულადი მასის ზრდაზე. ამასთან, ეს გავლენას ახდენს ინფლაციასა თუ საბიუჯეტო დეფიციტზე. 

ამიტომაც, კონტროლის პალატა საქართველოში ინფლაციის კონტროლის და თანმიმდევრული შემცირების ერთ-ერთ საშუალებად ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას და მართვას ასახელებს. მთავარი მაკონტროლებლის მიერ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესების ანალიზს. იქვე მითითებულია, რომ ინფლაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზები მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენცია, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ ფულის მასას და სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ პროდუქციას შორის თანაფარდობის დარღვევაა.

კონტროლის პალატის ანგარიშს ექსპერტთა გამოხმაურებებიც მოჰყვა. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვა სერიოზული ხარვეზებით ხდება. ექსპერტის შეფასებით, როცა ნახევარმილიარდიან სესხს ისე იღებენ, რომ წინასწარ არაფერია გათვლილი, ბუნებრივია, ეს ინფლაციურ პროცესებზე გავლენას ახდენს.

მისი თქმით, ბიუჯეტში არის მუხლები, განსაკუთრებით ფონდების ნაწილში, რომელიც არ არის წინასწარ გაწერილი და პრემიერის ბრძანებებით რეგულირდება.

„არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფლაციის ზრდა მხოლოდ გარე ფაქტორებს დაუკავშირონ, როგორც ამას მთავრობა და ეროვნული ბანკი აკეთებს.  ინფლაციის ზრდა ფულადი მასის ზრდასთან არის პირდაპირ კავშირი და მაღალ სამთავრობო ხარჯებთან“, - განმარტავს ექსპერტი.