ისე მოხდა, რომ ჯერ პანკისის ხეობაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ადგილობრივი ქისტები და ქართველები (საბედნიეროდ, ყოფით ნიადაგზე), შემდეგ კი სოფელ ჭელაში ჯერჯერობით მუსლიმი და ქრისტიანი ქართველები – მინარეთის ყოფნა-არყოფნის თემაზე. ამ ამბავმა რუს პოლიტოლოგებს კვლავ ათქმევინა, რომ აჭარა საქართველოსთვის პერსპექტიული ცხელი წერტილია. არსებობს თუ არა რელიგიური დაძაბულობის გაღვივების საფრთხე არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში და რას უპირისპირებს ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევას, რომელშიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების კვალიც მოჩანს? – თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობიდან, საკმარისია მეჩეთებისა და ეკლესიების რაოდენობა?
– საკითხი ასე არ დგას. მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ, ნებისმიერ სოფელსა და თემს უნდა ჰქონდეს თავისი აღმსარებლობის საკულტო ნაგებობა. პრობლემა ის არის, რომ „ნაციონალების“ დროს შეიქმნა კანონი, რის მიხედვითაც ვერ გაარკვევ, ვის აქვს და ვის არ აქვს უფლება, მოითხოვოს საკულტო ნაგებობა; ვინ უნდა ააშენოს ის და ასე შემდეგ. ეს საკითხები ბუნდოვანი და გაუგებარია. შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში საერთოდ უყურადღებოდ იყო მიტოვებული, შემდგომში კი ეს კანონი, შესაძლოა, სპეციალურად შეიქმნა გაუგებრობებისთვის. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ სოფელში რამდენიმე მეჩეთია, ზოგიერთში – არც ერთი. მაგალითად, მთიან აჭარაში 160-მდე მეჩეთია. ხშირად ზოგიერთ სოფელს არც სჭირდება ამდენი მეჩეთი, ისევე, როგორც ეკლესია. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს.
კანონმდებლობას გულისხმობთ?
– დიახ, აუცილებლად კანონით უნდა დარეგულირდეს საკულტო ნაგებობის მშენებლობის წესი, თორემ, გამოდის, რომ, ვისაც ფული და სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, ააშენოს საკულტო ნაგებობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს როგორ რეგულირდებოდა ეს საკითხი?
– სადაც საჭირო იყო, უცებ ხდებოდა ძალის დემონსტრირება. „ნაციონალებმა“ შექმნეს სისტემა, რომელშიც საზოგადოების ერთი ნაწილი აქციეს აგენტურად და მეორე ნაწილზე ამ აგენტურის მეშვეობით მოქმედებდნენ. თუ ვინმეს მოუნდებოდა მეჩეთის აშენება, აგენტურის მეშვეობით იგებდნენ და ამ აგენტურისავე მეშვეობით მიდიოდა ზემოქმედება ძალით, რომ მეჩეთი არ აშენებულიყო. ვიღაცას, შესაძლოა, მოეწონოს ეს მიდგომა, თუმცა, მაგალითად, ზემო აჭარაში არც ძალის გამოყენების შემთხვევები ყოფილა და არც აგენტურის: როგორც უნდოდათ, ისე აშენებდნენ მეჩეთებს. საბოლოოდ, ეს არაეფექტიანი მეთოდია, რადგან, მხოლოდ კანონს შეუძლია, დაარეგულიროს ეს საკითხი; არა იმიტომ, რომ მე დასავლური პრინციპების ერთგული ვარ, უბრალოდ ასე უფრო მოსახერხებელია. აი, კანონმა დაარეგულირა და შვეიცარიაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მინარეთი არ აშენდეს, რადგან, მინარეთი საუკუნეებით ჩამოყალიბებული შევიცარიული კულტურისთვის უცხო ხილი და მიუღებელია.
ჩვენებური ულტრალიბერალები მინარეთის ყოფნა-არყოფნის არგუმენტს უპირისპირებენ მეორე არგუმენტს: ასევე შემაწუხებელია არამართლმადიდებელი მრევლისთვის სამრეკლო, ანუ, მაშინ ზარების რეკვაც უნდა აიკრძალოსო.
– შერეულ სოფლებში, შესაძლებელია, ასეთი მიდგომაც იყოს დემონსტირებული: სიტუაცია რომ არ დაძაბონ, გარკვეული რიტუალები მოიხსნას. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ქართული სოფლები, რომლებშიც ცხოვრობს მუსლიმანი მოსახლეობაც, რადგან, სწორედ ეს გახდა ამ ბოლო დროს კამათის საგანი. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს პრობლემად „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ აქცია. ეს არის სპეციალურად შექმნილი კონფლიქტები, რომ ხაზი გაუსვან სახელმწიფოს სისუსტეს, იყოს მუდმივი დაძაბულობა და მსოფლიო საზოგადოების თვალში მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ საქართველო არატოლერანტული ქვეყანაა. მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც საქართველოს პატრიოტები არიან და, არ უნდათ, ბოლომდე ავნონ ქვეყანას; ამიტომ, მხოლოდ ქართულ სოფლებში აკეთებენ ამას და ჯერჯერობით არ ეხებიან ქვემო ქართლსა და პანკისის ხეობას.
თუმცა, პანკისში მაინც მოხდა გაუგებრობა.
– იქ შეეცადნენ, რომ საყოფაცხოვრებო დაპირისპირება ქართველებსა და ქისტებს შორის რელიგიური დაპირისპირებისთვის გამოეყენებინათ. ფაქტია, რომ შეეცადნენ და მომზადებულები არ ყოფილან, რადგან, გონიერი ადამიანების ჩარევით როგორც ქისტების, ისე ქართველების მხრიდან, კონფლიქტი მალე ჩაქრა. მინდა, საზოგადოებამ მიაქციოს ყურადღება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა ინსპირირებული ყველა ის დაძაბულობა, რაც შექმნილია ნიგვზიანში, სამთაწყაროში და ახლა – ჭელეთში. ასევე, ამაში ჩართულია დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებში არსებული მეხუთე კოლონა და ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის სპეცსამსახურები.
მენიშნა თურქეთის მუფტის სიტყვები: ჩვენ გული მოგვიკვდა, რაკი ამ მუსლიმანურ სოფელს არ ჰქონდა მინარეთი და, გადავწყვიტეთ, შეგვეძინა, რათა შორიდანვე ჩანდეს, რომ ეს სოფელი მუსლიმანურიაო. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სოფელს უნდა ეტყობოდეს, თუ ის მუსლიმანურია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო განცხადებას, რომ თურქეთის ოფიციალური პოლიტიკაა ოსმალეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე თავისი გავლენის აღდგენა, მუფტის ეს განცხადება საგულისხმო მგონია.
– როდესაც განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება, ჭელეთში დაგეგმილი იყო დავით ოღლუს ჩამოსვლა კონფიდენციალური ვიზიტით, მაგრამ, არ ჩამოვიდა. გულახდილად ვილაპარაკოთ: მინარეთები და მეჩეთები არ შენდება მორწმუნე თემის ფულით, ასეთი რამ უიშვიათესი გამონაკლისია. არც ეკლესიები შენდება მრევლის ფულით. ეკლესიებს, ძირითადად, აშენებენ მდიდარი ქართველები ან საპატრიარქო – შემოწირულობით. მუსლიმანური თემის შემთხვევაში განსხვავება არის ის, რომ, როგორც წესი, ეს არის სხვა სახელმწიფოს ფული, მცირე გამონაკლისის გარდა, როდესაც მდიდარი მორწმუნე ქართველი ან აზერბაიჯანელი აშენებს მეჩეთსა თუ მინარეთს. მე კატეგორიულად ავკრძალავდი ნებისმიერი რელიგიური ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე.
თუმცა, მაგალითად, იგივე „კათარზისმა“ ბევრი ადამიანი გადაარჩინა შიმშილითა და უწამლობით სიკვდილს.
– ვგულისხმობ „კათარზისსა“ და „ხსნის არმიას“. იმიტომაც არსებობს სახელმწიფო, რომ თავის თავზე უნდა აიღოს ამგვარი პრობლემების მოგვარება, ან, ასეთ ორგანიზაციებს ავუკრძალავდი რელიგიურ ცხოვრებაში ჩარევას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონმა უნდა დაარეგულიროს, იმიტომ რომ, საქართველო არის სუსტი სახელმწიფო, მან უკვე გაიარა ეთნოკონფლიქტების ხანა და დღეს მავანი ცდილობს, ხელოვნურად ისევ გამოიწვიოს ეს პროცესები. თუ საქართველო კანონს არ დაუპირისპირებს ამ პრობლემას, მაშინ აქ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.
ქისტებსა და ქართველებს შორის ყოფითი კონფლიქტი მოგვარდა უცხოთა ჩარევის გარეშე, მაგრამ, აი, ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს შორის კონფლიქტმა ისევ აქტუალური გახადა რუსი პოლიტოლოგების საყვარელი თემა, რომ შემდეგი ცხელი წერტილი იქნება აჭარა. ანუ, რუსეთმა მეორე ხმა მისცა თურქეთს?
– რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ამ საკითხში ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. რუსეთისთვის თურქეთის აქტივობა კავკასიაში უაღრესად გამაღიზიანებელია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უახლოესი სავაჭრო პარტნიორები არიან: დაახლოებით, 40 მილიარდი დოლარია მათი ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა. რუსეთისთვის ერთ-ერთი სერიოზული მოწანააღმდეგე, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არის თურქეთი და, არა მხოლოდ კავკასიაში. მეც ვამბობ, რომ აჭარა, შესაძლოა, იქცეს ცხელ წერტილად. როდესაც რამეს ვამბობთ, უმჯობესია, ვთქვათ პირდაპირ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ოღლუ არის თურქეთის ახალი ნეოოსმალური იდეის ავტორი. არ მალავენ, რომ თავის დროზე ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ყველა ქვეყანა არის თურქეთის ინტერესების სფეროში. ამიტომაც, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ არა ღარიბი მეზობლის უხერხული ღიმილი, არამედ, აქტიური ქმედება. თურქეთის საზოგადოება მიაჩვიეს აზრს, რომ აჭარა თურქეთია. თუ ამას წინ არ აღუდგება თვითონ აჭარის მოსახლეობა – როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმანი, ეს მალე ასეც იქნება. მაგრამ, იმისთვის, რომ აჭარის საზოგადოება ამას წინ ვერ აღუდგეს, საჭიროა, რომ იმ საზოგადოებაში იყოს შიდა დაპირისპირება, რისთვისაც ადვილი გამოსაყენებელია აჭარის მუსლიმანი მოსახლეობა. ერთი უბედურებაა, რასაც სცოდავს სახელმწიფო და აჭარის ქრისტიანული მოსახლეობა, მაგრამ, მთავარია ის, რომ სახელმწიფო არანაირ პოლიტიკას არ უპირისპირებს ამ გამოწვევას. ვერც ერთ ხელისუფალს ვერ შევაგნებინე, რომ საგანმანათლებლო საფარის ქვეშ ტარდება ანტიქართული პოლიტიკა ყველა მეზობლის მიერ! ყველა მეზობელი გვებრძვის ამ მეთოდით, რუსეთის გარდა, იმიტომ რომ, ყველაზე ნაკლებად გონიერები არიან და ტანკებითაც გვებრძვიან.
ტანკი აშკარაა და, ვხვდებით, რომ გვებრძვის.
– დიახ, დანარჩენი მეზობლები კი თავიანთი გავლენების გატარებას ცდილობენ საგანმანათლებლო სფეროსა და ეკონომიკის მეშვეობით. არ ვიცი, რა ტიპის ვალდებულებები აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თურქეთის წინაშე, რომ ამდენის უფლებას აძლევს თურქეთი თავის თავს საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც, ამდენივეს უფლებას აძლევენ თავს ირანი თუ არაბული სახელმწიფოები. ერთია კეთილმეზობლური ურთიერთობა და, მეორე – სახელმწიფო უსაფრთხოება. ეს არ ესმოდა არც ერთ ხელისუფალს და, მხოლოდ უშიშროების სტრუქტურებით სიტუაციის შეკავება არ გამოვა.
პირადად მე იმაშიც მეპარება ეჭვი, უშიშროების შესაბამისი სტრუქტურები ისეთი პროფესიონალებით გვყავდეს დაკომპლექტებული, ჩაშალონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გეგმები.
– მე სერიოზულად მეეჭვება, უშიშროების სტრუქტურაში იყოს იმ ტიპის კადრები, საგანი კარგად ესმოდეთ. მეტსაც გეტყვით, არც ხელისუფლებაში დარჩა ხალხი, ვისაც ეს საგანი კარგად ესმის.
საზოგადოებაში დაგვრჩა ხალხი, კრიტიკულ მასას გვგულისხმობ, ვისაც ეს საგანი კარგად ესმის?
– მაგალითად, მე მესმის ეს საგანი.
აქვე უნდა ვთქვა, რომ, თემის გაშუქებისას, გამჭვირვალობა-დემოკრატიის მოტივით სცოდავენ ჩემი კოლეგებიც, რომლებიც ხშირად აბუქებენ პრობლემას და ამით ხელოვნურად ამწვავებენ.
– ეს ფსევდოგამჭვირვალობა და ფსევდოტოლერანტობა წამგებიანია ქვეყნისთვის, განა მათ არ ესმით, მაგრამ, ზოგიერთი თქვენი კოლეგა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ კატეგორიებით არ ფიქრობენ, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და იმ კატეგორიებით, როგორც ისინი ფიქრობენ, რასაკვირველია, ილახება ვიღაცის უფლებები. მინარეთში არ არის საქმე: ის, რაც გააკეთა საბაჟო სამსახურმა, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. თან, გაითვალისწინეთ, ადიგენის რაიონი ერთადერთია, სადაც ხელშეუხებლად დგას „ნაციონალური მოძრაობა“, საკრებულოც მთლიანად მათია და გამგებელიც. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მინარეთი უნდა აიღონ და, ზემოთ, ვიღაც უტვინო, თუ შეკვეთა არ ჰქონდა, წამოეგო ამ პროვოკაციას. ვიდრე არ შეიქმნება სახელმწიფოს შესაბამისი რგოლი, რომელიც რელიგიათაშორის საკითხებს დაარეგულირებს, არაფერი გამოვა; ხოლო, თუ დიდხანს გაგრძელდება ეს უმოქმედობა, ეს რგოლი უკვე აღარ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ რელიგიურ ომში აღმოვჩნდებით.
თუ ჩავთვლით, რომ მოისინჯა ნიადაგი ქართველი მულიმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირებით, შესაძლებელია, ველოდოთ რელიგიურ პრობლემებს ახლა უკვე ქართველებსა და არაქართველებს შორის?
– ეს სავსებით რეალურია. ქვემო ქართლის მოსახლეობას დიდი ხანია, უჩიჩხინებენ, მაგრამ, იმ ქვეყნის ემისრების ძირითადი ამოცანა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, აზერბაიჯანის სახელმწიფოს დასუსტებაა. მაგალითად, გარდაბნის რაიონის ერთ პატარ სივრცეში არის ვაჰაბიტი, შიიტი და სუნიტი მოსახლეობა, მაშინ, როცა მხოლოდ შიიტები იყვნენ და, შესაბამისად, ერთმანეთს გავლენისთვის ებრძვიან ირანი, არაბული სამყარო და თურქეთი. როდესაც დაამთავრებენ ერთმენთთან ბრძოლას და გამარჯვებული გამოვლინდება, აი, მაშინ დაგვიდგება ძალიან რთული დღეები. ჩემი რეცეპტი მარტივია: ნუ მივცემთ ნურც ერთ ქვეყანას საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეები წაიყვანონ თავიანთ უმაღლეს, განსაკუთრებით – რელიგიურ სასწავლებლებში. აქ შევქმნათ ეს უმაღლესი სასწავლებლები; მხარი დავუჭიროთ ტრადიციული ისლამის გაძლიერებას, რასაც კავკასიური, ქართული ისლამი ერქვა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არის სოფელი საბათლო, სომხური სოფელი, რომელშიც აჭარელი ეკომიგრანტების 20 ოჯახია. აი, იქიდან წაიყვანეს ბავშვები თურქეთში სასწავლებლად. როგორ მიაგნეს?! ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემაა. ვხედავ, რომ სერიოზული შემოტევაა საქართველოზე, ზეწოლაა ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტზე: ეკლესია, ტრადიცია, ცხოვრების წესი... შესაძლოა, ბევრი რამ მახინჯია, მაგრამ, ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ. გარდა ამისა, ხელოვნურად ფერხდებოდა და ფერხდება საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ამას ემატება ტოტალური უსამართლობა, რაც ზრდის საზოგადოების იმედგაცრუებას. ეს იწვევს დეპრესიას, დეპრესიული საზოგადოება კი ვერანაირ პროდუქტს ვერ ქმნის. „ქართული ოცნების“ წევრი ვარ და არც ვაპირებ მის დატოვებას, მაგრამ, ჩემთვის მიუღებელია, რაც ხდება პარტიასა და სახელმწიფოში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა. ქართველი საზოგადოება, რომელიც ყოველთვის იყო პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი, დღეს ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს. მოლოდინის რეჟიმი არ არის სწორი, ჯობია, ადგე და შეცვალო. ამიტომ, ხელისუფლებზე ზეწოლა აუცილებელია. აი, ამ იდეისთვის, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტე, 14 სექტემბერს მოვაწყო დიდი შეკრება, რომ დავინახოთ, შეუძლიათ თუ არა ქართველებს რამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, რომ შეეძლოთ.