ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდა... პოლიტიკურად ეს პროცესი მომგებიანია - თუ გინდა, ყოფილი უმრავლესობა დაჩაგრო, უმცირესობად უნდა აქციო! ალბათ, საქართველოში კარგად ესმით გერმანიის კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის გამონათქვამი: "რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები".
კოაბიტაციასა და კოაბიტირებულების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ამჟამად "ოცნების" "მუნდირში" გამოწყობილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გვესაუბრება:
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდით ახალი ხელისუფლების რჩეული?
- ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოპოზიციას გაემარჯვა. ყველაფერი გავაკეთე, რომ მაქსიმალური შედეგისთვის მიმეღწია იმ საქმეში, რაც საქართველოში ხდებოდა... ამას ხმამაღლა ვიტყოდი, დავწერდი, თუ რას ვიზამდი, ჩემი გადაწყვეტილება იყო. ალბათ, გაწეული შრომა გახდა იმის მიზეზი, რომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა... მანამდე ჩემი მეგობრები "ქართულ ოცნებასთან" აქტიურად თანამშრომლობდნენ, რომლებიც ჩემი მეშვეობით მოხვდნენ პარტიაში. როცა ჩემი ავანსცენაზე გამოსვლის ჯერი დადგა, ეს ნაბიჯიც გადავდგი...
ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილი ლობირებს ირაკლი შიხიაშვილსო, მართალია?
- არა, ეს ჭორია.
საზოგადოება "ნაციონალური მოძრაობის" თანაგუნდელად გიცნობთ. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვები, მიაჩნიათ, რომ თქვენს პრინციპებს უღალატეთ.
- როცა ჩერჩილი ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადავიდა, არავის უთქვამს, მოღალატე ხარო. მეც რაღაცები გადავაფასე, გავაანალიზე... რაც მანამდე ვერც კი წარმომედგინა, ის დავინახე. ვისი მოღალატე ვარ, "ნაციონალური მოძრაობის"? აი, დარდი! როცა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, განკითხვის უფლება არავის აქვს.
ყველას ახსოვს თქვენი განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით. მაშინ პოლიციელების სისასტიკე გაამართლეთ და მომიტინგეები სახელმწიფოს მტრებად შერაცხეთ.
- არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩავდგე, მაშინ დეტალური ინფორმაცია არ მქონდა. ვხედავდი, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთში იყო... ამის შემდეგ დაიწყო პროცესები. იქმნებოდა მობილიზებული ჯგუფები, ახალგაზრდებს ხელკეტები დაურიგეს... ახლაც მიმაჩნია, რომ იმ ღამეს პოლიციელებს ტერიტორია უნდა გაეთავისუფლებინათ, რათა დამოუკიდებლობის 20 წლისთავი ჩატარებულიყო.
გამოდის, ამართლებთ იმ მოვლენებს, მაშ მერაბიშვილს რაღას ვერჩით?
- მერაბიშვილს არ ვამართლებ. რამდენჯერაც უნდა დამიტრიალოთ შეკითხვა, იმდენჯერ გიპასუხებთ: ვამბობ, რომ პოლიციელები დამნაშავეებად არ უნდა გამოვაცხადოთ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
მერაბიშვილმა დანაშაული მარტო მათ მიმართ კი არ ჩაიდინა, ვინც დაარბიეს, არამედ პოლიციელების წინაშეც, რომლებსაც ასეთი დავალება მისცა.
სანამ განცხადებას გააკეთებდით, კითხვა არ გაგჩენიათ, რატომ დასაჯეს ასე მკაცრად ეს ხალხი. ხომ შეიძლებოდა ათასობით სპეცრაზმელს სისასტიკის გარეშე გაენეიტრალებინა მომიტინგეები?!
- მინდოდა, დესტაბილიზაცია მასობრივ არეულობაში არ გადაზრდილიყო. პროცესები მართვადი იყო, თუმცა მიტინგის ორგანიზატორებს ძალიან დაბალი პასუხისმგებლობა ჰქონდათ. ჩემი განცხადება ეკუთვნოდა ადამიანებს, ვინც ეს მოაწყო, და არა იქ შეკრებილ ხალხს...
მიმართვაში ამბობთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფოზე თავდასხმას. მართლა გჯეროდათ ამის?
- არ მითქვამს, რომ ყველა შეიარაღებული იყო და დესტაბილიზაციას–ცდილობდა. ვაღიარებ, მაშინ ბევრ რამეს ვერ აღვიქვამდი ადეკვატურად, მწირი ინფორმაცია მქონდა.
თუმცა არც მაშინ ამოგიღიათ ხმა, როცა გმირთა მოედანზე ომის ვეტერანები დაარბია ხელისუფლებამ.
- განცდა, რომ ხელისუფლებას დავპირისპირებოდი, სწორედ მაშინ გამიჩნდა, როცა ვნახე ვეტერანი ბიჭები, რომლებმაც მტრის ტყვია საკუთარი მკერდით გააცივეს...
მაშინ ხელისუფლება სახალხოდ არ განვსაჯე ერთი მარტივი მიზეზის გამო - სათანადო დროს ველოდი. შეიძლება საბრძოლო მასალა ცოტა მქონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის გამოვიყენებ.
საზოგადოებას დააჯერებთ, რომ თქვენი ჩუმი ტაქტიკა უფრო შედეგის მომტანი იყო, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ საჯაროდ ლაპარაკი?
- თუ უდროო დროს ამოიღებ ხმას, ვერავის უშველი და ვერც შედეგს მიიღებ.
თქვენ საკმაოდ რაციონალური ყოფილხართ, ანუ ყოველთვის იქ ჩნდებით, სადაც სიტუაცია სტაბილურია...
- ვიტყვი, რომ უფრო პრაქტიკული, მაგრამ თან სენტიმენტალური ვარ.
მწვანე ბერეტებს აქვთ სამი ისარი. ვიბრძვი ცაში, ვიბრძვი ხმელეთზე, ვიბრძვი ზღვაში...
წლების განმავლობაში რამდენიმე პარტიის სახელით იბრძოლეთ, ახლა "ქართული ოცნების" ფრთის ქვეშ ხართ. ახალი ძალის გამოჩენის შემთხვევაში, გუნდს რა გარანტია აქვს, რომ სხვა ძალას არ შეუერთდებით?
- თუ ახალი გუნდი სამართლიანობას და სიმართლეს ემსახურება, ასეც უნდა მოიქცე... თუ მხოლოდ შენი მერკანტილური მიზნები იკვეთება, სადმე გადასვლა მიუტევებელი შეცდომაა.
რადგან ომის მონაწილე ბრძანდებით, 2008 წლის ომიც შეგვიფასეთ.
- ამბობენ, ომი საქართველომ დაიწყოო, მე ასე არ მიმაჩნია. თუმცა
ომის ასარიდებლად ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. რაც შეეხება მთავარსარდალს, ნაპოლეონის სიტყვებს მოვიყვან: "ლომებს, რომლებსაც სარდლობს ცხვარი, იოლად დაამარცხებენ ცხვრები, რომლებსაც სარდლობს ლომი". ჩვენს ლომებს სარდლობდა ციკანი...
წლების განმავლობაში ერთგულებას უმტკიცებდით სააკაშვილს, დროულად ვერ მიხვდით, ციკანთან თუ გქონდათ საქმე?
- როცა დაპირებებს იძლეოდა, ხშირად მიფიქრია, ნეტავ ერთხელ მაინც შეასრულოს-მეთქი. მიშა რომ კარგისკენ შეიცვლებოდა, ამის იმედი ბოლოს მომიკვდა. ცოდნა შეიძლება მიიღო, მაგრამ გული უნდა გქონდეს, ეს გული ვერ დავინახე... განათლებულია, ნაკითხი და ორატორია, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულფასოვნების კომპლექსით არის შეპყრობილი.