NATO საკუთარი მისიის გადაფასებას ენთუზიაზმის გარეშე ახდენს

NATO საკუთარი მისიის გადაფასებას ენთუზიაზმის გარეშე ახდენს

[“The Christian Science Monitor” - სარედაქციო წერილი]
დროა (და შესაძლოა უკვე დიდი ხანია, რაც დროა) ნატო საუკუნის ახალი საფრთხეების (ტერორიზმით დაწყებული, კიბერომებით დასრულებული) შესაბამისად გადაეწყოს. მაგრამ ბიუჯეტის შემცირება, ავღანეთის რთული ომი და ვალებთან დაკავშირებული პრობლემები ამ მოწოდებებს კეთილ სურვილებად აქცევს.

ნატო წლობით აგვიანებს საკუთარი მიზნების კარდინალურ გადახედვას. ტრანსატლანტიკურმა სამხედრო ბლოკმა სარკეში ბოლოს 1999 წელს ჩაიხედა ანუ 9 სექტემბრის მოვლენებამდე, კიბერშეტევების გახშირებამდე, იქამდე, ვიდრე რუსეთი, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დემოკრატიული გზიდან გადაუხვევდა.

დღეს, 1949 წელს საკუთარი წევრების საბჭოთა ქვეყნების ბლოკის თავდასხმისგან დაცვის მიზნით დაფუძნებული ალიანსი, როგორც იქნა მიუახლოვდა იმას, რომ ახალი „სტრატეგიული კონცეფციის“ მონახაზი გააკეთოს – მისი ახალი „პირადობის მოწმობა“.

ძალიან დიდი დრო ხომ არ დასჭირდა ამისთვის? დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბლოკის 28–ვე წევრმა, კანადიდან თურქეთამდე, დაიწყეს იმ რეკომენდაციების გადახედვა, რომლებიც ნატოს გეოგრაფიული საზღვრების მიღმა (ავღანეთი, სადაც ალიანსის ყველა წევრი ჩართულია) ჯარების განთავსებას უჭერდა მხარს – ამ ომმა ბნელ ფაზაში შეაბიჯა. მარჯაში შეტევითი ოპერაცია ისე წარმატებულად არ ვითარდება, როგორც ვიმედოვნებდით, ყანდაგარის ოპერაცია ჭიანურდება, საბრძოლო მოქმედებათა საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად დანაკარგები იზარდება.

აშშ–ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ავღანური არმიის გაწრთვნისთვის ნატოს 450 ინსტრუქტორი ვერა და ვერ იპოვა. აშშ–ს გენერალი სტენლი მაკკრისტალი ისევ იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაანაცვლოს კანადური და ჰოლანდიური სამხედრო ფორმირებები, რომლებმაც ავღანეთი ამ ზაფხულში დატოვეს.

პასუხისმგებლობის ზონის მიღმა სამშვიდობო ოპერაციების წარმოება ძვირი ჯდება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე საბრძოლო ტექნიკის და მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თანაც ვალების ტალღა, რომელიც აშშ–ს და ევროპის სახელმწიფოებს აწევს, აქამდეც აღწევს და მთავრობებს ბიუჯეტის შეკვეცას აიძულებს. სამხედრო ხარჯების მიმართ სიძუნწით ცნობილ ევროპაში, თავდაცვა თავს დათხოვნის ზღვარზე გრძნობს.

წამყვანი ბრიტანელი ანალიტიკოსი გამოვიდა წინადადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები 20%–ით შემცირდეს, მათ შორის საჰაერო და საზღვაო ფლოტი – და ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, სადაც თავდაცვაში ინვესტიციას ძალიან სერიოზულად უდგებიან. შეკვეცილი ბიუჯეტი – შესანიშნავი მიზეზია ნატოს რეფორმისთვის, მისი ასობით კომიტეტის და გაბერილი აპარატის შესამცირებლად, სადაც ფუნქციები დუბლირებულია, – მაგრამ არა არმიის შემადგენლობისა და მისი აღჭურვის შემცირებისთვის.

ამ დროს კი პოლიტიკური კინკლაობა ბლოკის შიგნით და მის წევრ ქვეყნებს შორის ფართოვდება, რასაც ეკონომიკური კრიზისი აძლიერებს. ევროპაში ბოლოდროინდელი (ბოლო ათი წელი) განხეთქილება დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის (ახალი დემოკრატიები ძველების წინააღმდეგ) ღრმავდება განხეთქილებით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის (მდიდარი დემოკრატიები ღარიბების, ვალებში ჩაფლულების წინააღმდეგ). გერმანულ–ფრანგული ღერძი ირყევა, რომელიც ევროპული პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემია. გერმანიის კოალიციური მთავრობა ბიუჯეტის შეკვეცაზე საერთო აზრამდე ვერაფრით მივიდა. პატარა ბელგიას ენობრივი და ეკონომიკური სხვაობები ტანჯავს.

ისეთ დროს, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყნები მიდრეკილები არიან საკუთარი საშინაო პრობლემებით დაკავდნენ, და არა საგარეოთი. ობამამაც კი განაცხადა, რომ იმისთვის რომ გარეთ ძლიერი იყოს, ერი ძლიერი უნდა იყოს საკუთარ სახლში.

მაგრამ ნატოს მისიის და მისი ვალდებულებების გადაფასების დრო სწორედ ახლა დადგა. საგარეო საფრთხეები არ იცდის. ეს მკაფიოდ განმარტა ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც აშშ–ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობდა. ჯგუფმა სტრატეგიული კონცეფციისთვის საკუთარი რეკომენდაციები 17 მაისს გამოაქვეყნა. ახლა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს რეკომენდაციები შავად უნდა გადაწეროს, ლისაბონში, ნოემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე წარსადგენად.

ამ რეკომენდაციებში გაოცებს ის, თუ როგორ გეცნობა ისინი. ძირითადი მიზანი ნატოს შექმნის დღიდან უცვლელი რჩება – ბლოკის დემოკრატიული წევრი სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების გარანტირება. მაგრამ საფრთხე შეიცვალა და ეს საბჭოთა კავშირი აღარ არის მის მოკავშირეებთან ერთად, არამედ უამრავი არაპროგნოზირებადი და განუსაზღვრელი საფრთხე: ტეორირიზმი, კიბერშეტევები, შეფერხებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებით (როგორც საზღვაო მარშრუტებით, ასევე მილსადენებით) მომარაგებაში, ირანი, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.

თუმცა ამ „ახალმა“ საფრთხეებმა სიახლე დაკარგა. სინამდვილეში, ნატო მათ მთელი ძალით ებრძვის, თუმცა ერთბაშად ყველაფერთან გამკლავება არ შეუძლია. ნატოს ინსტრუქტორები ერაყში გაემგზავრნენ, ნატოს ჯარები – ავღანეთში, ნატოს ხომალდები აფრიკის რქასთან პატრულირებენ და პირატობას ებრძვიან.

„ექსპერტების“ ჯგუფი პრობლემების კლასიფიკაციას გონივრულად ახდენს, გვთავაზობს რა მათი გადაწყვეტის სპეციფიკურ გზებს: სარაკეტო ფარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად; ევროპაში ბირთვული იარაღის შენარჩუნება, რადგან ის მაინც მთელ მსოფლიოშია; იმის აღიარება, რომ საფრთხეები შეიძლება წამოვიდეს ნატოს საზღვრებისგან ძალიან მოშორებული ადგილებიდან და რომ ალიანსმა მათზე სწრაფი რეგირება უნდა შეძლოს, უნდა გააჩნდეს საკუთარი ძალების შორეულ საზღვრებთან სწრაფად განთავსების უნარი.

იმავდროულად, ჯგუფი გვთავაზობს ვალდებულებების შეზღუდვას, აღიარებს რა, რომ ნატო – მხოლოდ რეგიონალური ბლოკია და მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია.

შეიძლება იფიქრო, რომ ბლოკის წევრებისთვის 61 წლის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებით, ასევე 21–ე საუკუნის საფრთხეების ერთობლივი აღიარებით, შესაძლებელი გახდება წევრი–ქვეყნების მარტივად დარწმუნება ნატოს განახლების აუცილებლობაში. სახელმწიფოთა მეთაურებისთვის, შესაძლოა ეს ასეც არის. მაგრამ საზოგადოება – სხვა საქმეა, და რეალური პრობლემები სწორედ აქ იმალება.

ათწლეულების წარმატება თვითდაჯერებულობას აჩენს. ეკონომიკური კრიზისი შეშფოთებას ნიშნავს. ავღანეთი, რომელშიც ნატო უიმედოდ გაება, ალიანსს საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს.

ახალი სტრატეგიული კონცეფცია ალიანსის წევრებისთვის შესაძლებლობაა შეახსენონ საკუთარ მოქალაქეებს ნატოს წვლილის შესახებ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. თუკი ისინი ამ გზავნილს საზოგადოებამდე ვერ მიიტანენ, არ არის გამორიცხული, რომ საშინაო საფრთხე, ნებისმიერ საგარეო საფრთხეზე საშიში აღმოჩნდება.

“Foreignpress”