ქართველი ექიმები „ანტიმაკდონალდსურ“ მოძრაობაში ჩაებნენ

ქართველი ექიმები „ანტიმაკდონალდსურ“ მოძრაობაში ჩაებნენ

[ლელა ჩქარეული] 

„მაკდონალდსის“ წინააღმდეგ მსოფლიო მედიკოსთა პროტესტს ქართველი ექიმებიც უერთდებიან. გარდა ამისა, ისინი ზოგადად სწრაფი კვების ობიექტების წინააღმდეგ ილაშქრებენ და აცხადებენ, რომ ასეთი სახის კვება მოზარდის ორგანიზმს ანადგურებს.

აშშ-ში მედიცინის 550-ზე მეტმა მუშაკმა ხელი მოაწერა „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობისადმი მიმართულ ღია წერილს, რომელშიც ისინი საბავშვო მენიუდან მავნე საკვების ამოღებას ითხოვენ.

საქართველოს ხელისუფლება კი, ამერიკულისგან განსხვავებით, მსგავს ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენას არ აპირებს.  საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ოფიციალურ ცნობად არ ითვლება. მათი თქმით, საქართველო მიერთებულია ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემას და რომელიმე პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ შეტყობინებას ოპერატიულად იღებენ. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ წინა წლებში „მაკდონალდსი“ რამდენჯერმეა შემოწმებული მათ მიერ, თუმცა არაფერი საგანგაშო არ აღმოჩენილა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კლინიკა „ჰელს ლაინის“ ექიმ-დიეტოლოგს ასმათ კევლიშვილს. მისი განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ამა თუ იმ პროდუქტის მავნებლობის შესახებ მხოლოდ მაშინ იწყება საუბარი, როცა საერთაშორისო საზოგადოება ატეხავს განგაშს.

კევლიშვილის განმარტებით, „მაკდონალდსის“ მენიუს ინგრედიენტები ქიმიურადაა დამუშავებული, რის გამოც იგი „მკვდარი“ პროდუქტია, ანუ არანაირ ცოცხალ ნივთიერებას არ შეიცავს. ამასთან, „მაკდონალდსის“ მენიუს ხორცის ინგრედიენტები ჰორმონალურ საკვებზე გაზრდილი ფრინველისა და პირუტყვის ხორცზე მზადდება. ეს ჰორმონები კი საკვების მიღებისას ადამიანის ორგანიზმში ხვდება და მასში ბიოქიმიური პროცესების რღვევას იწყებს.

მისივე თქმით, სწრაფი კვების პროდუქტები ორგანიზმში, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში ფერმენტაციის დეფიციტს იწვევს, რაც თავის მხრივ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და კუჭნაწლავის ტრაქტის სერიოზული პრობლემების გამომწვევია.

„სწორედ სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებამ გააახალგაზრდავა ეს ავადმყოფობები, რომლებიც წლების წინ, ძირითადად, ზრდასრული ადამიანების პრობლემა იყო. ათასში ერთხელსწრაფი კვების საკვების მიღება დასაშვებია, თუმცა როცა მშობელი შვილს თვეში რამდენჯერმე „მაკდონალდსში“ წაყვანით ახალისებს, მას უნდა ესმოდეს, რომ ამ გზით შვილის ორგანიზმში საწამლავი შეჰყავს“, - აცხადებს კევლიშვილი.

რადიო „კომერსანტის“ ცნობით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ ან სწრაფი კვების ბიზნესის წინააღმდეგ აკრძალვის დაწესება არასწორი ნაბიჯი იქნება. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სახის პიარ-აქციები მოეწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. თუმცა, გიორგი გოდაბრელიძის თქმით, კონსულტაციები სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან აუცილებელია.

არადა ბოლო პერიოდში მოზარდთა შორის ძალიან გახშირდა გასტრიტით ან კოლიტით დაავადების შემთხვევები. საკმაოდ „გაახალგაზრდავდა“ წყლულოვანი დაავადებების ასაკიც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბუტერბროდები – სახელდახელოდ დამზადებული სადილები ბავშვის ორგანიზმს, პრაქტიკულად, ანგრევს. მათი თქმით, ბავშვების კვების მენიუ აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი, აუცილებელია დღის მენიუში ისეთი პროდუქტების ჩართვა, როგორიცაა რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი.

„ბოლო პერიოდში, რაც სწრაფი კვების ობიექტები მომრავლდა.  პოლიკლინიკაში ხშირად მოჰყავთ ბავშვები, რომელთაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აღენიშნებათ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები ალერგიული პრობლემები აწუხებთ. ეს ყველაფერი კი სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ბავშვის სწორი კვება არ ხდება. დღეს მშობლების ერთ ნაწილს რატომღაც ნორმად ექცათ, რომ ბავშვი იოლად და სწრაფად გამოკვებონ, რაც, ჩემი აზრით, არასწორია.

შეიძლება ბავშვმა ხანდხან სწრაფი კვების ობიექტში დამზადებული კერძიც მიირთვას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სისტემატურად. მშობელმა ის ასეთი კვების რეჟიმს და რაციონს უნდა მოარიდოს, სხვა შემთხვევაში, უნდა განეწყოს იმისათვის, რომ მის შვილს ექნება ქრონიკული პრობლემები“, - აცხადებს პედიატრი მარინა გელაშვილი.

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ დაავადებები არ განვითარდეს, საჭიროა, სკოლამ, უმაღლესმა სასწავლებელმა და ოჯახმა ყურადღება კვებაზე გაამახვილოს. მოზარდებს უნდა ჰქონდეთ იმის დრო, რომ სწორად იკვებონ. ეს კი მათ, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ.