"ბარამიძეს ეყოს ვაჟკაცობა და სიმართლე თქვას"

"გია ბარამიძემ ზურა ჟვანიას ოჯახს მოუხადოს ბოდიში და ხალხს სიმართლე უთხრას. თქვას, როგორ აიძულეს იმის დადასტურება, რომ მისი მეგობარი ვითომ არატრადიციული ორიენტაციის იყო", - განაცხადა ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ, რომელმაც გვიამბო გია ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის არსებულ კონფლიქტზე და იმაზე, რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში "ვარდების რევოლუციის" წინ:

- ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე და მე მეგობრები ვიყავით, ოჯახებითაც ვახლობლობდით. 1992 წელს პარლამენტში რომ შევედით, გიამ ზურას დაუკითხავად გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა რამდენიმეთვიან სამხედრო სწავლების კურსებზე. ზურა წინააღმდეგი იყო. ისეთი დაძაბული ვითარება იყო ქვეყანაში, ერთი კაცის გამოკლებასაც კი ჟვანია მტკივნეულად აღიქვამდა. გერმანიაში სამხედრო კურსებზე რომ წასულიყო, გიას შევარდნაძის ხელმოწერა სჭირდებოდა. არ უწერდა ხელს, მახსოვს, გაბრაზებულმა შევარდნაძემ იმელის შენობის კორიდორში მოუწერა ხელი. ეს რომ ზურამ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ამის შემდეგ ზურასა და გიას ურთიერთობა გაცივდა. 1995 წელს გიამ ამერიკაში მოინდომა სასწავლებლად წასვლა.

ზურა ისევ წინააღმდეგი იყო. მაშინ გია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარის (შევარდნაძის) მოადგილე იყო. ზურა სთხოვდა, დარჩი და რამე თანამდებობას მოგცემთო, ამის გამო მეგობრებს შორის ისევ კონფლიქტი მოხდა. ჟვანია ისე გაბრაზდა, თქვა, მაგას პოლიტიკაში არ გავახარებო. გია ამერიკიდან რომ დაბრუნდა, რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან კოჯორში, მომეხმარე, რომ ზურასთან ურთიერთობა აღვადგინოო. გოგორიშვილს დაველაპარაკე,  ზურასაც და  რთული მდგომარეობა გავანეიტრალე. სანამ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გაიყოფოდა, ზურაბ ჟვანიას ყველაზე ახლო მეგობრები მე და გია ვიყავით.

ყველაზე ბინძური რამ გაუკეთა მაშინ სააკაშვილმა ზურას. მისი მინისტრები ზურას გარდაცვალებაზე რომ ლაპარაკობდნენ, ღიმილს ვერ იკავებდნენ, ბარამიძემ კი მათი მოწყობილი სიკვდილის ბინძური ინსცენირება დაადასტურა. ამაზე მეტ ცოდვას ადამიანი ვერ ჩაიდენს.  რასაც უნდა შეჰპირებოდა სააკაშვილი, გიას ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ხატის წინაშე შემიძლია დავიფიცო, ზურა არ ყოფილა სხვა ორიენტაციის კაცი.  აქვე მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, თუკი პოლიტიკური პაექრობისას ვაწყენინე, განსაკუთრებით ქალბატონ რემასა და ზურაბ ჟვანიას ოჯახს.

თქვენ ჟვანიას დაგეგმილი მკვლელობა ახსენეთ. ვინ დაგეგმა ის?

- ზურას ხასიათიდან გამომდინარე გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მივიდოდა ვიღაცის ბინაში და მიიყვანდა ვინმეს. ეს გააკეთეს ზურას დისკრედიტაციის მიზნით, ხმა რომ არავის ამოეღო.

იქნებ დავაკონკრეტოთ, ვინ იყო ჟვანიას მოცილებით დაინტერესებული?

- უპირველესად სააკაშვილი! ზურა დასავლეთისთვის გამოკვეთილი ლიდერი იყო. ზურა უკვე აშკარად აპირებდა სააკაშვილთან დაპირისპირებას.

ალბათ, თქვენც გსმენიათ, რომ სააკაშვილის მანქანაში გაუკეთეს ზურას რაღაც, ზოგი ამბობს, რომ ჟვანია და სააკაშვილი შეკამათდნენ და გადარეულმა მიშამ თავში საფერფლე ჩაარტყა. არ ვიცი, ეს დაზუსტებით, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ჟვანია მოკლულია. სააკაშვილის გარეშეE გაზით გაგუდვის ასეთ სამარცხვინო ინსცენირებას ვერავინ გაბედავდა. მიუკერძოებელი გამოძიება უთუოდ ფარდას ახდის ამ საქმეს. ბარამიძეს მივმართავ, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა. მჯერა, გიას ახლა მაინც ეყოფა ვაჟკაცობა, სიმართლე თქვას ზურას გარდაცვალებაზე.