ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 26 მაისის სპეცოპერაციაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, რა კავშირი ჰქონდა გენერალ გია უჩავას “მხედრიონთან” და შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახალხო კრების აქციებზე “მხედრიონის” მობილიზება დაიწყო? ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებზე “მხედრიონის” ერთ-ერთ ლიდერი დოდო გუგეშაშვილი საუბრობს:
- პირველ რიგში, ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც 25-26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაიღუპნენ. ასევე ვუთანაგრძნობ მათ, ვინც სპეცრაზმელების საზარელი ცემის შედეგად უმძიმესი ტრავმები მიიღო. იცით, რომ სულ ახლახანს, თავისუფლების მოედანთან კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს. ოთხი მსხვერპლი უკვე ძალიან ბევრია და ამ ადამიანების დაღვრილ სისხლზე დამნაშავეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.
პასუხისმგებლობა ვინ რა პროპორციით უნდა გადაინაწილოს - ბურჯანაძემ, რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, აქციის სხვაგან გადატანაზე უარი განაცხადა - ხელისუფლებამ კი აქციის დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენა?
- მოვითხოვ, 26 მაისს განხორციელებული სპეცოპერაციის ობიექტურ გამოძიებას. სხვათა შორის, როგორც ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, მერიის წარმომადგენელმა რამდენჯერმე გააფრთხილა აქციის მონაწილეები სხვა ადგილას გადასულიყვნენ, სწორედ ამის შემდეგ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლები გამოიყენეს, რაც ვფიქრობ, საკმაოდ ცივილური მეთოდია. თუმცა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო, როგორ არაადამიანურად ურტყამდნენ ძირს დაგდებულ, ხელებშეკრულ ადამიანებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაზე, ნებისმიერმა ადამიანმა, იქნება ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. კანონით მინიჭებული უფლების გადამეტება არავის უნდა შერჩეს.
სხვათა შორის, ირაკლი ბათიაშვილთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლის ძმა - თამაზ ფანჩულიძე, იგივე „წესრიგა“, რომლის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება. თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ ის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებდა, მზად ვარ, პასუხისმგებლობა მასთან ერთად გავიზიარო.
რას გულისხმობთ პასუხისმგებლობის გაზიარებაში, ან როგორ უნდა გაიზიაროთ?
- ნებისმიერ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ. ერთადერთი რისი თქმაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია არის ის, რომ „წესრიგა“ არის ადამიანი, რომლის მსგავსებსაც ნორმალურ სახელმწიფოებში ხელისგულზე ატარებენ.
სახალხო კრების აქციებზე, თამაზ ფანჩულიძის გარდა, რამდენიმე სხვა მხედრიონელიც გამოჩნდა, რამაც საზოგადოების ნაწილში ერთგვარი აგრესია გამოიწვია.
- რატომ ყოფილი მხედრიონელი? გავრცელდა ხმები, თითქოს სახალხო კრებას მხედრიონელები შეუერთდნენ, რაც სისულელე და სრული დეზინფორმაციაა. რატომ ცდილობდნენ ამ საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „მხედრიონის“ გარევას, ჩემთვის გაუგებარია.
ასევე ითქვა, რომ „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე გოგელია თითქოს მხედრიონელია. მინდა ყველას ვუთხრა, რომ იგი არასდროს ყოფილა ჩვენს რიგებში. ისიც ითქვა, ორგანიზაცია „მხედრიონმა“ მობილიზება დაიწყო და ოქრუაშვილთან ერთად იბრძოლებსო. ეს ყველაფერი არის სიცრუე. ყველამ გაიგოს, რომ „მხედრიონი“ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მითუმეტეს, არც ბურჯანაძესთან და არც ოქრუაშვილთან არ დადგება. მხედრიონი მობილიზებას მოახდენს მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს საფრთხე დაემუქრება ოკუპანტი რუსეთისაგან.
თუ ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე წევრს აქვს სურვილი, აქციებში მიიღოს მონაწილეობა, ის დგას კონკრეტულ პოლიტიკოსთან პიროვნულად და არა ორგანიზაციის სახელით.
არც გია უჩავა იყო „მხედრიონელი“, ითქვა, რომ თითქოს გიღალატათ და გვარდიაში მას შემდეგ გადავიდა?
- არა, პირველ რიგში, დავაზუსტოთ, რომ გია უჩავა არასოდეს ყოფილა მხედრიონელი. უჩავა ჯერ იყო ზვიადისტი, შემდეგ სამხედრო პოლიციის უფროსი. ის ვარდების რევოლუციასაც აქტიურად უჭერდა მხარს.
როგორც სამხედრო გამოცდილების მქონე პირს, უჩავას აღიარებითი ჩვენება გაძლევთ საფუძველს ივარაუდოდ, შეეძლოთ თუ არა რეალურად დასახული გეგმის განხორციელება?
- სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ არც ერთი პოლიტიკოსის ამბიციები არ ღირს ჩვენი მოქალაქის გრამ სისხლადაც კი. მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსის, როგორიცაა ბურჯანაძე. მის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ არაერთხელ მითქვამს, მაგრამ დღეს წაქცეული პოლიტიკოსია და მასზე არ ვისაუბრებ.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალებს, უნდა ითქვას, რომ გამოძიებული მასალები არ მინახავს. ტელევიზიით მაჩვენეს რაღაც კადრები, მაგრამ ტელევიზიით იმასაც ვისმენ, რომ თურმე უჩავა მხედრიონელია. ჩემი აზრით, თუ ჩანაწერები ნამდვილია და ბურჯანაძე მართლაც ასე იოლად საუბრობს 500 ადამიანის, სხვისი შვილების სიცოცხლეზე, საკუთარი შვილი კი სწრაფად განარიდა აქციას, მაშინ სამართლიანად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მით უმეტეს, ჩანაწერში, როგორც მოვისმინე, ამბობს, ერთ დარტყმას ავირიდებთ, მერე კი «გრუსთან» არკვიონ ურთიერთობებიო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შსს-ს ეს მასალები თავიდანვე რომ გაევრცელებინა ხალხი აქციას არ გაეკარებოდა. ადამიანები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, უდანაშაულონი არიან და ლიდერების შეცდომებს არ უნდა ეწირებოდნენ.
რუსეთის იმედად მყოფი და რუსეთუმე ლიდერები არასოდეს ქართულ საქმეს არ გააკეთებენ. ვფიქრობ, ჩვენს სამშობლოში ყველაზე მთავარი მოთხოვნა ოკუპანტი რუსეთის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარის გაყვანა უნდა იყოს.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ არ დაუსრულებია და მალე „მართლა დაამთავრებს“ სააკაშვილის რეჟიმს.
- ყველა ადამიანს აქვს ოცნების უფლება, მაგრამ რამდენად მოახერხებს მის რეალობაში განხორციელებას და როგორ დაუდგება ხალხი გვერდით, ახლო მომავალი გვიჩვენებს. დიდი დრო არ დასჭირდება იმასაც, რომ ყველამ საკადრისი პასუხი მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია თითოეული მომიტინგის უსაფრთხოება და მითუმეტეს სიცოცხლე დაიცვას. ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება აქვს მიტინგსა თუ მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღოს. ხალხი ხელისუფლებისგან ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გრძნობდეს თავს დაცულად და არა პირიქით.