”სახალხო კრების” 21 წლის, რუსთაველ აქტივისტ ნიკა სამხარაძეს თბილისის დროებითი დაკავების იზოლატორში ეძებდნენ. ერთადერთი ინფორმაცია რაც მის შესახებ 26 მაისიდან ვრცელდებოდა, ნიკას მეგობრის სიტყვები იყო:
“აქციის დარბევის შედეგ ვნახე ნიკა. პოლიციელებს ყავდათ დაკავებული. ისეთი ნაცემი იყო ძლივს ვიცანი”.
პრესაგე.ტვ-მ სამხარაძის გვარი სახალხო დამცველის განცხადებაში ამოიკითხა. 27 მაისს, დროებითი დაკავების იზოლატორების მონიტორინგის შედეგებში, სახალხო დამცველის აპარატი წერდა, რომ ნიკა სამხარაძე გარდაბნის იზოლატორში ჰყავდათ.
თავის მხრივ, აღნიშნულ იზოლატორში შესვლა და დაკავებულების უფლებების დაცვა, ვერ შეძლო საიას რუსთავის ოფისმა. „გარდაბნის იზოლატორში გვითხრეს, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები არ ჰყავდათ. არ შეგვახვედრეს იზოლატორის პასუხისმგებელ პირთან და არ გვითხრეს მისი ვინაობა” - ამბობდა, საიას რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი.
იზოლატორში დაკავებულ აქციის მონაწილეებს ადვოკატებთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ნიკა სამხარაძე თავდაპირველად თბილისის მე-2 იზოლატორში მიიყვანეს, მოგვიანებით კი გარდაბნის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სამხარაძეს, ადვოკატის დასწრების გარეშე, გარდაბანში ბრალი 173 მუხლით წაუყენეს. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
„სახალხო კრების” აღნიშნული აქტივისტი, ერთი თვის განმავლობაში მეორედ დააპატიმრეს. სამხარაძე პირველად 7 მაისს დააკავეს. მაშინ ის ორგანიზაცია „არას” წევრებთან ერთად მონაწილეობდა აქციაში „ამხილე ჯალათი”. აქცია, რუსთავას პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის სახლთან იმართებოდა. მაშინ სასამართლომ სამხარაძეს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
უცნობია, დაკავების შემდეგ გაუწიეს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო დახმრება. პიროვნება, რომელმაც სამხარაძე ბოლოს ნახა ამბობს, რომ ის სასტიკადაა ნაცემი.
სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ გარდაბნის იზოლატორში 27 მაისის მდგომარეობით, სამხარაძის გარდა აქციის მონაწილე 9 მოქალაქეც ყავდეთ. ესინი არიან: სიმონ ლელაძე, გიორგი კეკელია, უჩა ლაჩიშვილი, პაატა წურწუმია, გიორგი ქოჩქიანი, მამუკა ხუციშვილი, ლუხუმ რობაქიძე, გიგლა კუპრაშვილი და ირაკლი ბერიაშვილი.
მთლიანად ქვემო ქართლის მასშტაბით, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისში, ოფიციალური მონაცემებით წინასწარი დაკავების იზოლატორში აქციის 40 მონაწილე ყავდათ. 27 მაისს კი რუსთავის იზოლატორში მყოფი დაკავებულების ნაწილი მარნეულსა და ბოლნისში გადაიყვანეს, სადაც მათი სასამრთლო პროცესები შედგა.