[გიორგი ბექაური]
ბოლო პერიოდში ბანკების მიმართ პრეტენზიებმა ძალიან იმატა. მომხმარებლები მუდმივად ჩივიან, ბანკების მიერ უფლებების შელახვაზე და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ მოტყუებაზეც კი. განსაკუთრებით საქმე ეხება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც მხოლოდ ბანკის ინტერესებს ითვალისწინებს.
ვითარება იმდენად გართულებულია, რომ ერთი პერიოდი საუბარი დაიწყო საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებაზე. თუმცა, ამ იდეას ჩანასახშივე შეეწინააღმდეგენ ბანკირები. თუმცა, ეროვნული ბანკი მაინც შეეცადა მომხმარებელთა პრეტენზიები გაეთვალისწინებენა და ამიტომ კომერციულ სტრუქტურებს სხვადასხვა ვალდებულებები დააკისრა.
პირველი ივნისიდან ოფიციალურად ამოქმედდება საბანკო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი რეგულაციები. ცვლილებების მიზანია, ბანკს და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და დეტალურად იქნას გაწერილი ყველა საპროცენტო განაკვეთი თუ სხვა გადასახადი.
ერთ-ერთი რეგულაცია კომერციულ ბანკებში საჩივრების განყოფილებების შექმნას გულისხმობს. მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბანკებმა მათი უფლებები დაარღვიეს, შესაძლებლობა ექნებათ ბანკებში საჩივრები შეიტანონ.
ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრება ვადა, რა დროშიც ბანკმა მოქალაქის საჩივარს წერილობითი უნდა უპასუხოს. თუ გაირკვევა, რომ ბანკმა მოქალაქეს პასუხი არ გასცა ან კლიენტი პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაშინ ეს საკითხი ეროვნული ბანკის განხილვის საგანი გახდება. თუ შესაბამისი მოკვლევის შემდეგ კომერციული ბანკის ბრალეულობა გამოიკვეთება, ის დაისჯება. დასჯის ფორმები, იქნება ეს გაფრთხილება თუ ფულადი ჯარიმა, პირველი ივნისისთვის გახდება ცნობილი.
რეგულაციების ფარგლებში დგინდება ხელშეკრულების ახალი ფორმა, რომელიც სესხის აღების ან დეპოზიტის განთავსების პირობებს კლიენტს მისთვის უფრო მოხერხებული ფორმით მიაწვდის.
ასევე, უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემისას ბანკებმა ლარის 15%-იანი შესაძლო გაუფასურება უნდა გაითვალისწინონ, ხოლო უცხოურ ვალუტაში ანაბრის განთავსებისას ლარის შესაძლო 15%-იანი გამყარება.
ბანკ „რესპუბლიკას“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია ჯანელიძის განმარტებით, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ის ინფორმაცია, რომელიც ხელშეკრულების სხვადასხვა გვერდზე იყო მოქცეული, ერთ გვერდზე განთავსდება. ჯანელიძის განცხადებით, თავსართზე იქნება დატანილი კლიენტისთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც სესხის და დეპოზიტის მომსახურების პირობებს და ხარჯებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკის მხრიდან ყველა ბანკი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ვალდებული იქნება, კლიენტს ინფორმაცია არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ხელშეკრულებაშივე მიაწოდოს“, - აცხადებს ჯანელიძე.
ახალ რეგულაციებს საქართველოს საბანკო სექტორი წელგამართული ხვედება. საქმე ეხება კომერციული ბანკების მოგებას და მთლიან აქტივებს. ორივე კომპონენტში მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1-ელი მაისის მდგომარეობით 0.9 მლნ ლარით, ანუ 0.01%-ით გაიზარდა და 10 682.7 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1 796.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.8%-ია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81% შეადგინა.
აპრილი საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. წმინდა მოგებამ თვისი შედეგებით 37.4 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 81.4 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში მაისში, აპრილთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 78.6%-ს მიაღწია.