თანამდებობის პირების პრემიებს ასაიდუმლოებენ

თანამდებობის პირების პრემიებს ასაიდუმლოებენ

არის თუ არა თანამდებობის პირების პრემიები პირადი ინფორმაცია მაშინ, როცა პრემიები ისევე, როგორც ხელფასები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რიგდება? ადმინისტრაციულ დაწესებულებებს ამაზე მარტივი პასუხი აქვთ, რა თქმა უნდა, არის, რადგან თანამდებობის პირის მიერ მიღებული პრემია მისი პირადი ინფორმაციააო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ გურჩიანი კი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პირადი ინტერესის დაცვას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება, რის საფუძველზეც ეს ინფორმაცია ღია უნდა იყოს სწორედ საზოგადოებისთვის.

რატომ მალავენ ადმინისტრაციული და საჯარო დაწესებულებები პრემიების შესახებ ინფორმაციას, მართლაც საინტერესოა, თუკი კონკრეტული პირები ამას დამსახურების მიხედვით იღებენ და სამართლებრივი მექანიზმიც დაცულია?

როგორც "რეზონანსს" საიას ადვოკატმა თამარ გურჩიანმა განუცხადა, დარღვევაა, როცა თანამდებობის პირების პრემიები დამალულია. მიუხედავად იმისა, რომ "საიამ" თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებას ოფიციალურად მოსთხოვა აღნიშნული ინფორმაცია, სახელმწიფო ხაზინის გარდა უპრობლემოდ არც ერთ უწყებას ეს ინფორმაცია არ გაუცია, რაც იურისტს ეჭვის საფუძველს აძლევს, რომ პრემიები უკანონოდ და დარღვევბით გაიცემა.

ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჟურნალისტი ვახო კომახიძე, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილის პრემიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან, მასაც უთხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირადია და ვერ გასცემდნენ. ამის შემდეგ ჟურნალისტმა დავა დაიწყო და 23 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში აღნიშნული დავის განხილვა მოხდება. კომახიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თუკი ქართული სასამართლო ინსტანციები მის სარჩელს არ დააკმაყოფილებენ, იგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

"რეზონანსი" რამდენიმე თანამდებობის პირთან შეეცადა დაკავშირებას და პირადად მათგან გაგებას, თუ რამდენი აქვთ ხელფასი და პრემია. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობამ ტელეფონებს არ უპასუხა, ერთადერთი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძემ გვითხრა ღიად, თუ რამდენი აუღია ყველაზე მაღალი პრემია.

"საია" უახლოეს მომავალში ამ თემის წამოწევას კვლავ აპირებს და, კომახიძის მსგავსად, თუკი საქართველოში ვერ მიაღწევს სამართალს, სტრასბურგში წაიღებს საქმეს. "რა თქმა უნდა, არის დარღვევა თანამდებობის პირების ხელფასებსა და პრემიებზე ინფორმაციის დამალვა. ჩვენ ძალიან ბევრი მასალა დავაგროვეთ. პირველი, რასაც ვაკეთებდით, იყო ის, რომ ვითხოვდით ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებში, არა მხოლოდ სახელფასო სარგოების შესახებ, არამედ მათ მიერ მიღებული პრემიების შესახებ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ", - განუცხადა "რეზონანსს" თამარ გურჩიანმა.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა პრემია საჯარო ინტერესის საგანი, თუ ეს არის პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემი, რომელიც უნდა იყოს დამალული? ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე კონკრეტული პირის პირადი ინფორმაციის დაცულობის ინტერესი, მით უმეტეს, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არ ეხება მის უშუალო პირად ცხოვრებას.

"ვფიქრობთ, საჯარო ფინანსების ხარჯვა არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და პირადი ცხოვრება სწორედ ბალანსდება საზოგადოებრივი დიდი ინტერესით. საზოგადოებრივი ინტერესი პრემიების მიმართ იქედან გამომდინარეა მაღალი, რომ ეს არის არის წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვის რამდენი უნდა დაერიცხოს ამა თუ იმ თვეში პრემია. ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია და ასევე ამ პრემიების საფუძველი და დამსახურებებიც ჩვენთვის გაუგებარია. არ ვიცით, რა დამსახურებისთვის იღებენ ამ პრემიებს და რამდენს. დღეს საქართველოს საჯარო სექტორში ისევ არის კორუფცია, ისეთი სახის როგორიცაა ნეპოტიზმი და კრონიზმი, ვგულისხმობ იმას, როდესაც თანამდებობაზე ინიშნებიან ადამიანები არა მათი კვალიფიკაციის, არამედ მათი ნაცნობებისა და ნათესავობის წრეების მიხედვით. როდესაც თანამდებობიდან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზებით, ეს ნიშნავს, რომ სტაბილური გარემო არ არსებობს მოხელისათვის. შესაბამისად, დღეს საჯარო სამსახურებში არსებული პრობლემების გათვალისწინებით პრემიების არსებული სისტემა თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.

როდესაც ასეთი კითხვები არსებობს, იქ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, აქვე უნდა გაჩნდეს კითხვა: ეს პერსონალური ინფორმაცია რამდენად აღემატება საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად აღემატება ამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესს. აქ საუბარი არც არის პირადი ცხოვრების ღრმა დეტალების ცოდნაზე, აქ საუბარია სახელმწიფო სახსრების განკარგვაზე. ხოლო სახელმწიფო სახსრების შესახებ განკარგვას ყოველთვის უნდა ჰქონდეს საჯარო სახე", - განუცხადა "რეზონანსს" თამარ გურჩიანმა.

მისივე თქმით, თუკი ეს ინფორმაცია პერსონალურია, მაშინ დაასაბუთონ საჯარო უწყებებმა, რატომ არის ეს ინფორმაცია ასეთი გასაიდუმლოებული და რა პირადი უფლება ირღვევა ამ ინფომაციის გასაჯაროებით?

"ჩვენ რასაც ვითხოვთ, არის ძალიან მარტივი, მათ უნდა იმოქმედონ ღიაობის პრინციპიდან გამომდინარე და კარგად დაასაბუთონ, რას მალავენ და რატომ, დაგვისაბუთონ, რა პირადი ინტერესი ილახება პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემით. საზოგადოკბრივი და ბევრი საჯარო დაწესებულება აპელირებს იმით, რომ ეს არის პირადი ინფორმაცია, რაც ასე ნამდვილად არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია სისტემის სამართლიანობა და საზოგადოების ინტერესი. იმისთვის, რომ სამართლიანობას მივაღწიოთ, უნდა დაისვას კითხვები. კითხვების დასმის საშუალება არავის არ ექნება მანამ, ვიდრე ეს ინფორმაცია არ იქნება ღია.

არიან საჯარო დაწესებულებები, რომელიც ამ ინფორმაციას არ მალავენ. მაგალითად - სახელმწიფო ხაზინა, მას არა აქვს არაფერი დასამალი და გასცემს ამ ინფორმაციას, ხოლო როცა თითქმის ყველა დანარჩენი უწყება არ გასცემენ პრემიების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი და ეჭვი, რომ მათ აქვთ რაღაც დასამალი და რომ ამის მიღმა უსამართლობა იმალება. აბა, რატომ შეიძლება, არ გასცენ ეს ინფორმაცია? ჩვენ კვლევასაც ვატარებთ, ვინ მოგვცემს ინფომაციას და ვინ არა, შესაბამისად, კვლევის მერე ნათელი გახდება, რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს დასამალი პრემიები და რომელს - არა. პრინციპში, ერთი-ორი უწყების გარდა დღეის მონაცემებით ყველა მალავს ამ ინფორმაციას.

ჩვენ შევიტანთ სარჩელს და ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. ძალიან ბევრი ადმინისტრაციული საჩივარი გავქვს სასამართლოში, მაგრამ არ გვაქვს ადგილობრივი სასამართლოების დიდი იმედი, იმიტომ, რომ ინტერპრეტაციის დიაპაზონი ზუსტად იმხელაა სასამართლოში, რამხელაც ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, ამიტომ არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მივმართოთ", - განუცხადა "რეზონანსს" თამუნა გურჩიანმა.

ჟურნალისტი ვახო კომახიძე ამბობს, რომ პრემიების გასაჯაროების შემთხვევაში, ძალიან ბევრ რამეზე იქნება პასუხი გაცემული. მაგალითად იმაზე, თუ რომელი თანამდებობის პირი რამდენით იქნა წახალისებული, ამა თუ იმ დავალების წარმატებით შესრულებისთვის, იქნება ეს აქციების დროს ფარული ჩანაწერების გაკეთება თუ აქციის მონაწილეების ფიზიკური შეურაცხყოფა.

"იუსტიციის სამინისტროს მოვთხოვეთ ინფორმაცია თანამდებობის პირების ხელფასების და პრემიების შესახებ. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და უნდა გვქონდეს ნებართვა იმ პირებისა, რომელთა შესახებაც ვითხოვდით ინფორმაციას, თუმცა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით თანამდებობის პირების შესახებ მსგავსი ტიპის ინფორმაცია უნდა გაიცეს. ეს ინფორმაცია არის ღია და არ არის საჭირო, რომ მოვითხოვოთ კონკრეტული თანამდებობის პირების ნებართვა. ისინი აპელირებენ, რომ პერსონალურ ინფორმაციას კონსტიტუცია იცავს, მაგრამ ამავე კონსტიტუციაში წერია ისიც, რომ არსებობს კანონით განსაზღვრული შემთხვვევბი და ასეთი შემთხვევაა ზუსტად ის, რაც წერია 44-ე მუხლში. სამართლებრივად ძალიან ნათელი სურათია, რომ ადამინისტრაციულმა დაწესებულებამ ასეთი ინფორმაციის გაცემა უნდა უზრუნველყოს თანამდებობის პირებზე, სხვაზე არ ვსაუბრობ. თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში. რის შემდეგაც სწორედ მინისტრის იმ მოადგილემ განიხილა ეს ჩვენი დავა, რომლის შესახებაც ვითხოვდით ინფორმაციას", - განუცხადა "რეზონანსს" კომახიძემ.

მისივე ვარაუდით, გარკვეული თანამდებობის პირები წარმოუდგენლად დიდ პრემიებს იღებენ და სწორედ ამიტომაა ეს ინფორმაცია ასე გასაიდუმლოებული, თუმცა, რა თანხებზეა საუბარი, კომახიძე ვერ აკონკრეტებს, რადგან არ უნდა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ვიდრე დაზუსტებული ციფრები არ ეცოდინება.

"ჩვენი ეჭვები ამ ინფორმაცის გამოთხოვაზე უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ვიღაც მინისტრის მოადგილეები და თანამდებობის პირები იღებენ ძალიან დიდ პრემიებს. ეს თანხები აღემატება გონებრივ წარმოდგენებს. ჩვენი ეჭვი არის ძალიან საფუძვლიანი, რადგან სამინისტრომ ინფორმაცია, რომელიც საჯაროა და კანონით ღიაა, არ მოგვაწოდა. საქმე ახლა საქალაქო სასამართლოშია და 23 დეკემბერს მოხდება მისი განხილვა. აუცილებლად ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს. გამოხატვის თავისუფლება გეზღუდება ადამიანს, თუ ინფორმაცია ვერ მოიპოვე, ეს არის ევროპის კონვენციიის მე-10 მუხლით დაცული ღირებულება და აუცილებლად ვიდავებთ ამ თემაზე ვეროსასამართლოში.

ეს საქმე არ არის მხოლოდ პრინციპის ამბავი, სამინისტრო ამ ინფორმაციის დამალვით ძალიან სერიოზულ სურათსაც მალავს. ცნობილი და გახმაურებეული პოლიტიკური პროცესების ფონზე, იგივე აქციების პერიოდში რა ფინანსურ წახალისებებს იღებდნენ პროკურატურის თანამშრომლები, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დღეებისა და რიცხვების მიხედვით შეგვიძლია, დავადგინოთ. დავინახოთ, რომელი სადამსჯელო ოპერაციის მერე რა თანხა მიიღეს პრემიად თანამდებობის პირებმა. ანუ ამ ინფორმაციის განსაჯაროებით ძალიან ბევრი რამე გახდება ნათელი. შესაბამისად, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ",- ამბობს ვახო კომახიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე "რეზონანსთან" ღიად საუბრობს როგორც თავის ხელფასზე, ასევე პრემიებზეც, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და სხვა თანამდებობის პირებს შეუძლიათ, ეს ინფორმაცია არ თქვან.

"ხელფასი მაქვს 2720 ლარი და 20% გვექვითება. რაც შეეხება პრემიებს, ძნელია, თქვა, რამდენს ვიღებთ, რადგან სხვადასხვა თანხაა და თან ეს ხომ ყოველთვე არ ხდება? პერიოდულად გვერიცხება პრემიები. რაც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, ყველაზე დიდი პრემია 5000 ლარი ამიღია, მაგრამ ეს იყო გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობისას, როცა მინისტრი ვიყავი. სხვა თანამდებობის პირებზე მე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ეს პერსონალური ინფორმაციაა და თავად უნდა თქვან, თუ სურვილი აქვთ. ან შეგიძლიათ, ოფიციალურად მოითხოვოთ მათი ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია და ასე მიიღოთ", - განუცხადა "რეზონანსს" ირაკლი ღვალაძემ.

რაც შეეხება თავად იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც, სხვათა შორის, ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი ავტორი, ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს, ჩვენ მათ პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა იოსავას დავუკავშირდით. იოსავამ გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ პრემიის სახით 49 ათასი ლარი მიიღო, აბსურდია, თუმცა მან ასევე განგვიცხადა, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და ამის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებს.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს მეტად დამოუკიდებელი ქართული სასამართლო და გვექნება თუ არა უფლება, გავიგოთ, მაინც, როგორ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი.