ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის არასერიოზულმა ქმედებებმა ქართული საზოგადოება რამდენჯერმე დააზარალა და პოლიტიკური პროცესების განვითარება შეაფერხა.
როგორც დღეს „პრაიმტაიმის“პრესკლუბში მედიასთან შეხვედრაზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ არა ოქრუაშვილის თუნდაც 2007 წლის არასერიოზული და არამყარი მოქმედებები, შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმისგან უფრო ადრე განთავისუფლებულიყო ქვეყანა.
„ოქრუაშვილი ჯერ ბრალდებებს უყენებდა ხელისუფლებას და კონკრეტულ ჩვენებებს იძლეოდა, მერე ჩვენებას ცვლიდა და სხვა რამეს ამბობდა, ხან იძახდა მოვდივარო, ხან იძახდა, არ მოვდივარო. ამ ყველაფერმა ცუდად იმოქმედა საზოგადოების განწყობებზე და პოლიტიკური პროცესი დააზიანა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მართლაც ოქროს მოწმეა, ის მნიშვნელოვან ფიგურას არ წარმოადგენს და მას მნიშვნელოვნად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომელსაც მასთან დაკავშირებით პათოლოგიური შიშები აქვს.
„სააკაშვილს კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში პათოლოგიური შიშები აწუხებს. მას ოქრუაშვილის განსაკუთრებულად ეშინია. ზუსტად ვერ ვიტყვი, რით არის გამოწვეული მისი ეს ფსიქოლოგიური მდგომაროება, მაგრამ ფაქტია, რომ ოქრუაშვილის ყოველთვის პანიკურად ეშინოდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა ირაკლი ოქრუაშვილს დევნილის სტატუსი მიანიჭა, დღეს დილით კი ის საქართველოში დაბრუნდა და პოლიციას ჩაბარდა.