„ხუხაშვილს სურს, ივანიშვილის ხელისუფლების გიგა ბოკერიად იქცეს

„ხუხაშვილს სურს, ივანიშვილის ხელისუფლების გიგა ბოკერიად იქცეს"

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგაძის და გია ხუხაშვილის დაპირისპირება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ბრეგაძე სრულ აცხადებს მზადყოფნას, პრემიერის მრჩეველს გია ხუხაშვილს სასამართლოში შეხვდეს. როგორც ბრეგაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, ხუხაშვილს კლასიკური მაფიოზური დაჯგუფების ტიპის მმართველად ქცევა სურს.

- გია ხუხაშვილს ბევრად მეტი პასუხისმგებლობის აღება სურს საკუთარ თავზე, ვიდრე ეს მას ავალია. ის ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პირველ ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" გამარჯვება სწორედ მან მოუტანა და არა ივანიშვილმა. ხუხაშვილმა პასუხი უნდა გასცეს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც რკინიგზასა და საქართველოს ფოსტაზე მის ზეგავლენას უკავშირდება. საუბარია იმაზეც, რომ კანცელარიაში ხუხაშვილის ნებართვის გარეშე დამლაგებელსაც არ იყვნენ. არსებობს ეჭვი, რომ ხუხაშვილმა კეზერაშვილთან კოჰაბიტაციის შედეგად ხელში ჩაიგდო ნახევარმილიარდიანი მოგების მქონე ბიზნესი, რომელიც სომხეთის ნავთობით მომარაგებას უკავშირდება. მას სურს, იქცეს რუხ კარდინალად და ივანიშვილის ხელისუფლების გიგა ბოკერიად. დღეს ვიგებთ, რომ თურმე პირველი ოქტომბრის არჩევნები ხუხაშვილის დამსახურება ყოფილა, - აცხადებს ბრეგაძე. მისივე თქმით, ხუხაშვილი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პირველ ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" გამარჯვება სწორედ მან მოუტანა და არა ივანიშვილმა.

"თუ მაინც აპირებს ხუხაშვილი ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას, მზად ვარ, სასამართლოს წინაშე ვუპასუხო", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ბრეგაძემ ხუხაშვილს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩანახატიც მიუძღვნა. სადაც ბოლოს წერს, რომ "ეს სატირული ჩანახატი კი დავწერე, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე ხუხაშვილი ხომ მთელ პრესას აკონტროლებს და ამას ვინ გამომიქვეყნებს-თქო? აბა, ვეცდები და თუ ვინმემ გამოაქვეყნა, ეტყობა არც ისე მაგარი ყოფილა ჩვენი კარდინალი სახელად ხუხა!"

ბრეგაძის შემოქმედებას "ახალი თაობა" უცვლელად გთავაზობთ, თუმცა არა იმის დასამტკიცებლად, რომ ხუხაშვილი არ არის მაგარი.

- როგორც მაცნობეს, დიდი და ძლევამოსილი ხუხაშვილი ძლიერ აღშფოთებული ყოფილა ჩემით, სიმართლის თქმა როგორ გაბედაო, თურმე ცეცხლს უშვებს პირიდან და დრაკონივით გადაწვით ემუქრება ყველას და ყველაფერს. სასამართლოში ჩივილიც გადაუწყვეტია (რაზე ალბათ თვითონ არ იცის), არადა, მე 10 თბილისელთან ერთად ველოდი და მინდოდა რომ შევხვედროდი, თუმცა ეტყობა მიხვდა, რომ ჩემთან ვერც 10 თბილისელით ვერ გაქაჩავდა, ვერც 100 ქუთაისელით და ვერც 300 სპარტელით, ამიტომ ძველბიჭობა ეგრევე სასამართლოთი შეცვალა (არადა, როგორ არ უხდება ასეთი საქციელი დონ-ის ტიტულს???). მოკლედ, კლასიკური უთავო "ძველი ბიჭის" დარად მოიქცა (ისე თუ ვერ უქაჩავ, ესე მივუდგებიო) და ქუჩის მაგივრად დონ ვიტო სასამართლოსკენ აპირებს დაძვრას, არადა, რა მაგარი შეხედულება ჰქონდათ ჩემს უბნელ "ბირჟავიკებს" ხუხაზე მაშინ, როდესაც მთელი საქართველოს გასაგონად განაცხადა და რად გვინდა სასამართლო, აგერ 10 თბილისელ კაი ბიჭს მოვიყვან და იმათ გავარჩევინოთ საქმეო! იმაზეც კი არ იფიქრა, თუ რას იფიქრებდა მასზე მისი სათაყვანებელი ქუჩა და ის 10 თბილისელი ქუჩის ბიჭი, რომლითაც 2 თვის წინ მთელს საქართველოს აშინებდა. სასაცილო დონ კორლეონე გვყავს, სასაცილო და ღრმად არასერიოზული. მე მხოლოდ იმ ჭკვიანი კაცის მიკვირს (რომელსაც არც გამოცდილება აკლია, არც ვაჟკაცობა) ეს რომ მრჩევლად დაისვა და ჭკვიანი, სერიოზული თუ მცოდნე ჰგონია და ქვეყანაში ძირითად საკითხებს აწყვეტინებს. დეპოში ვართ გია ბიძია!!! დეპოშიიიი!!! გაიღვიძე და ნუ იმუქრები, თუ ჩემი და ხარ!!! ახლა კი დესერტად ჩემს მცირე ჩანახატს მოგართმევ შენზე და იმედია "ისიამოვნებ" ხუხაშვილის ქვეყანა!!

როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, იყო ერთი ტრადიცია, სკოლა სკოლაზე რომ ვიჩხუბებდით, ჩხუბის შემდეგ ბიჭები შევიკრიბებოდით და რომელიმე ავტორიტეტთან ავდიოდით, რათა მას საქმე გაერჩია მტყუან-მართალი დაედგინა და ბოლოს შევერიგებინეთ. ძირითადად ეს ავტორიტეტები ე.წ. კანონიერი ქურდები ან მათთან დაახლოებული ე.წ. პრისტუპნიკები იყვნენ და მათი სიტყვა ჩვენთვის კანონი იყო. დროება იცვლება და ტრადიციებიც ტრანსფორმაციას განიცდის, მოკლედ, ამას წინათ ბავშვი დავტოვე სკოლასთან და შემთხვევით ასე მე-9 კლასელთა ჩხუბს შევესწარი და ჩხუბის მერე ერთ-ერთმა (ალბათ ხუმრობით) თქვა, მოდი, ახლა, ძმაო, ხუხაშვილთან ავიდეთო. ავიდნენ თუ არა ხუხაშვილთან, არ ვიცი, მაგრამ დიდი ხუხა რომ უკვე ყველა სფეროს უალტერნატივო ავტორიტეტია, ეს ცხადზე ცხადია. რა სფერო გინდა - ეკონომიკა? აგერაა, ბატონო, ხუხაშვილი, შიდა პოლიტიკა? აგერაა ხუხაშვილი. საგარეო პოლიტიკა? აგერაა ხუხაშვილი. სპორტი? აგერაა ხუხაშვილი. ენერგეტიკა? აგერაა ხუხაშვილი. ქუჩური გარჩევა? აგერაა, ძმაო, ხუხაშვილი და ა.შ. თვით პრემიერიც კი ნაბიჯს არ დგამს ძლევამოსილი ხუხაშვილის გარეშე, პარლამენტარები თვალებში შესციცინებენ, ხოლო მინისტრები შიშით აღსავსე თვალებით შეჰყურებენ გიას. თანამდებობის მოსურნე კარიერისტებისათვის ხუხაშვილთან შეხვედრა ნამდვილ ოცნებად, ქართულ ოცნებად ქცეულა და თუ მოწყალე თვალით გადმოხედა რომელიმე მათგანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეკპოტი მოიგო და მინისტრობა თუ არა, მინისტრის მოადგილეობა გარანტირებული აქვს, ამიტომ წაუსვიათ ვაზელინი კარიერისტებს თავზე და ჯიქურად მიიწევენ გიასკენ, გიაც აფასებს ამას და ვისაც ყველაზე სქელი ფენა აქვს ვაზელინისა დახმარების ხელს უწოდებს, აი, დაახლოებით ისეთს დონ ვიტო კორლეონე რომ უწვდიდა დამწყებ პოლიტიკოსებს. ბიზნესმენები ხომ საერთოდ ხუხაშვილის სფეროა, ლეგენდარული პიქსელის შენობა, საოცნებო ხუხას კაბინეტი, სადაც პადრეს სამოსელში ჩაცმული ხუხა ელოდება მასთან აღსარების ჩასაბარებლად რიგში ჩამდგარ ბიზნესმენებს, რომის პაპს არ ეყოლება ამდენი სულიერი შვილი, რამდენიც გიას ჰყავს ბიზნესმენებში, მას ხომ თითქმის ყველა ფულიანმა აღსარება ჩააბარა, ყველაფერი მოუყვა და ზიარებაც მიიღო, ზიარება და ალბათ ხვდებით, რის საფასურად. ცალკე თემაა, დასაჭერი ყოფილი მაღალჩინოსნები, ზოგიერთი სადისტები თუ კაცისმკვლელები, მათთვის ხომ ხუხა ერთგვარ მშველელად ქცეულა და სამომავლოდ მისგან ინდულგენცია თუ იყიდეს სამომავლო დანაშაულებიც ნაპატიები აქვთ, აბა, ვინ წარმოიდგენდა, ან ვის აქვს ორი თავი ხუხას გარდა, რომ უდესიანისთვის, ახალაიებისთვის, მეგის ქარდავასთვის, სოსო თოფურიძისთვის და სხვა კაციჭამიებისთვის ერთგვარი მფარველობა გაეწია და ისინი სისტემის უცოდველ მსხვერპლებად გამოეცხადებინა? აქვს ვინმეს ქვეყანაში იმდენი უფლებამოსილება, რომ თვით სააკაშვილიც სისტემის მსხვერპლად გამოეცხადებინა???

გარწმუნებთ, არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც არც ერთ მინისტრს და თვით პატრიარქსაც კი არ აქვს თავის თავზე იმდენი უფლების მიცემის საშუალება, რომ პირსისხლიანი ჯალათები მსხვერპლებად წარმოგვისახოს და რამეთი გაამართლოს და ხუხაშვილს კი აქვს, თურმე ჰქონია. მასზე ხომ უკვე ლეგენდები დადის - ხუხაშვილმა ის მინისტრი დააჩოჩებინა, ხუხაშვილმა ის პარლამენტარი არარაობიდან ლიდერად აქცია, ხუხაშვილმა კოსმოსში ხომალდი გაუშვა, ხუხაშვილი ყველაზე ძლიერია, ხუხაშვილი დაუმარცხებელია, ხუხაშვილი ყველაზე სწრაფად დარბის, ხუხაშვილს ყველაზე დიდი სიმძიმის აწევა შეუძლია, ხუხაშვილი ამირანს და პრომეთეს ეძებს კავკასიონზე, რათა მათ ცეცხლი გამოართვას და გონება გაგვინათოს, ხუხაშვილი ხომ ჰგონია, წმინდა გონებაა, რომელიც სამყაროს მართავს და ა.შ. ასეთი ტიპის ქათინაურებს ჩვენი ხუხა თავმდაბალი ღიმილით ისმენს, იფერებს და თავის ძლევამოსილებაში დარწმუნებული წინ მიიწევს, 1 ოქტომბრის შემდეგ ხომ მისთვის ასრულდა ყველაზე მეტად ქართული ოცნება??? მისი ოცნება ხომ ეს იყო??? ხომ მონუსხა მთელი მთავრობა და საზოგადოება??? ხომ დაარწმუნა, რომ ყველაზე მაგარია??? ხოდა, მიშა კი არა, ხუხაშვილი ყოფილა, ბიძიკოებო, მაგარი და 9 წელი გაბითურებულები ხომ მიშა მაგარიას გვამღერებდნენ ნაცები, ახლა ხუხა მაგარიას სიმღერა დავიწყეთ და ვინ იცის, ესეც 9 წელი არ გარძელდეს, თორემ მაშინ ნაღდად დავიღუპებით, ხუხაშვილი მაინც გადარჩება, ის ხომ ბევრს უკვდავი გონია!!!!!!!!