„დიდი საფრთხე გვემუქრება“

„დიდი საფრთხე გვემუქრება“

როგორ შეხვდა საქართველო ომის წლისთავს და კიდევ რა პროვოკაციებია მოსალოდნელი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან - ამ საკითხებზე „სარკესთან" კავკასიური საკითხების ექსპერტი, მამუკა არეშიძე საუბრობს.

- ომის წლისთავს უაღრესად რთულ მდგომარეობაში, დაკარგული ტერიტორიებით და დიდი რაოდენობის ლტოლვილებით შევხვდით. ჩვენი საგარეო უწყება თვლის, რომ საერთაშორისო არენაზე უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. ვერც რუსეთის ხელისუფლებამ მიაღწია დიდ წარმატებას, იმის მიუხედავად, რომ სანუკვარი ოცნებებიდან ერთ–ერთი შეასრულეს და მათი ჯარი სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ასეთი ფორმით იმყოფება. ამის გარდა, მთელ მსოფლიოს დაანახვეს, რომ უკან არაფერზე დაიხევენ. მორალური, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარი თავი, მაგრამ რუსეთს თავი დავანებოთ.

ჩვენი ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია. სერიოზულად გაგვიმართლა და დასავლეთმა გადაგვარჩინა, თორემ, სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით, შემოდგომაზე კატასტროფულ მდგომარეობაში ვიქნებოდით, თუმცა ყველა ეს წინააღმდეგობა დაძლეული არაა. ამის გარდა, სერიოზულად შეიზღუდა საქართველოს ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში და მისი როლი დასავლეთისთვის სერიოზულად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

რა კუთხით?

- ბევრი კრიტიკული შენიშვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ამ წლების განმავლობაში ის მაინც მოახერხა, რომ დასავლური მედიისა და პოლიტიკისთვის საქართველო აქტუალური თემა გაეხადა. ამ თვალსაზრისით, წინამორბედის გზა გააგრძელა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. არა იმიტომ, რომ, ვიღაცის აზრით, საქართველომ დაიწყო ომი, არამედ იმიტომ, რომ საქართველო პრობლემური გახდა. ეს პრობლემა აიძულებს დასავლეთს, რუსეთთან კონფრონტაციული ენით ილაპარაკოს, რაც მას ძალიან არ აწყობს. სხვათა შორის, დასავლეთის ასეთი პოზიცია მათთვისვეა ცუდი.

რატომ?

- 1917 წლის შემდეგ ხელისუფლება, რომელიც რუსეთში, იგივე საბჭოთა კავშირში იყო, მუდმივად ძალას ეყრდნობოდა და მასთან ურთიერთობის სხვა ფორმას შედეგი არასოდეს მოუტანია. ამიტომ რუსეთთან ლაპარაკის დროს საჭიროა, მყარად იდგე ორივე ფეხით მიწაზე, განახორციელო მასზე სამხედრო ან, უკეთესი ვარიანტია, ეკონომიკური შეტევა, რომ რუსეთი იმ პოლიტიკურ ჩარჩოებში ჩაეტიოს, რომელშიც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს და მის ხელმძღვანელობას, ეს არ ნიშნავს, რომ ენდობა. ამიტომ ამ მხრივაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა.

რატომ არ ენდობა?

- იმპულსურობის გამო და იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს. ისიც კარგად იციან, რომ ამ პრობლემების შექმნა ყოველთვის იმპულსურობიდან არ გამომდინარეობს. ხშირ შემთხვევაში გარკვეული პოლიტიკური გეგმიდან მოდის. დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ 2008 წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში საქართველოში იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, სიტუაცია გაემწვავებინათ და დასავლეთი ფაქტის წინაშე დაეყენებინათ.

რა ძალებს გულისხმობთ?

- ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და არიან კიდეც.

სარკოზის ხუთი პუნქტიდან ოთხი შეუსრულებელია. რას ნიშნავს ეს?

- ვთვლი, რომ ეს სერიოზული სილის გაწვნაა დასავლეთისთვის, განსაკუთრებით ევროპისთვის. სარკოზიმ, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, ვერ გაამართლა. მხოლოდ ომის შეჩერება არ იყო დასავლეთის ამოცანა. მათი ამოცანა იყო რუსეთის დასჯა. მან ეს ფუნქცია ვერ შეასრულა. ყოველ შემთხვევაში, ერთი სოფელი - პერევი, რა გახდა? ეს დასავლეთის სერიოზული მარცხია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში, ერთი პირი არაა. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით თითქოს ერთპირიანი ჩანან, დიდი პოლიტიკის შემთხვევაში სხვადასხვა პირი აქვთ და ამის გამო საკუთარ თავს ვნებენ. რომ არა უკრაინა–რუსეთის გასული წლის გაზის სკანდალი, ევროპა იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ენერგომატარებლების მარაგი რუსეთიდან ივსებოდა და ჩუმად იყო. მხოლოდ უკრაინა–რუსეთის სკანდალმა განაპირობა ევროპის გააქტიურება. არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ეს სკანდალი ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ ინსპირირებული ჩანს.

რომლის?

- ისევ დასავლურის. ამის ინსპირირება საკუთარი მთავრობის გამოსაფხიზლებლად სჭირდებოდათ.

რას იტყვით მედვედევის განცხადებაზე, რომ ომის დროს უკრაინა საქართველოს იარაღით ეხმარებოდა და ამ იარაღით დაიღუპნენ რუსი მშვიდობისმყოფელები და ოსი ეროვნების მოქალაქეები?

- პიარსვლებია. აქ სკურუპულოზურად უნდა იყოს ყველაფერი გარჩეული. უკრაინა საქართველოს შეიძლება ეხმარებოდა შეიარაღებით, მაგრამ ამ თემის გამოყენება რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაზე ზეწოლისთვის სჭირდება. უკრაინის გარდა, საქართველოს ეხმარებოდა საბერძნეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა. ახლა უკრაინაზე სჭირდებათ პედალირება. ამის გარდა, რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთისგანაა მიღებული. არავის დავიწყებია თავის დროზე ახალციხის სამხედრო ნაწილისგან ტანკების გადმოცემის ეპიზოდი და საერთოდ ამიერკავკასიის სამხედრო ძალებიდან მიღებული დიდძალი იარაღი. შეიძლება ეს იარაღი დღეს მოძველებულია, მაგრამ არის იარაღის კატეგორია, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია, განსაკუთრებით მსუბუქი ცეცხლსასროლი. ვიმეორებ, ეს არის პიარსვლა, რომ უკრაინის როლი განსაკუთრებით გამოკვეთონ ამ საქმეში.

მართლა გადმოსწიეს რუსებმა საზღვარი მამისონის უღელტეხილზე?

- საზღვარმა კი არ გადმოიწია, არამედ ქართველების ტრადიციულად დაკავებული პოსტი ახლა რუსებმა დაიკავეს.

გასაგებია, მაგრამ ვისი ტერიტორიაა?

- ჩვენი უბედურება ისაა, რომ რუსეთთან საზღვარი დემარკირებული არ გვაქვს და ეს მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ბრალი არაა. რუსეთი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ დემარკაციის პროცესი ჩაეშალა. სხვათა შორის, ჩარჩო ხელშეკრულება, რომელსაც თავის დროზე ელცინმა და შევარდნაძემ მოაწერეს ხელი, საზღვრის საკითხის მოგვარებას ითვალისწინებდა. მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდა, მაგრამ რუსეთის დუმაში - არა. აქედან გამომდინარე, კანონის ჩარჩოებიდანაა გამოსული, ამიტომ რუსეთი იმას აკეთებს საზღვრებზე, რაც უნდა. ძალით გვჯობნის და ზოგ შემთხვევაში საკუთარი სურვილით ცვლის საზღვარს.

აბა, როგორ ვსაზღვრავთ ქვეყნის საზღვრებს?

- აქ მეორე საკითხიცაა. ადმინისტრაციული საზღვარი დათქმულია გასული საუკუნის 90–იანი წლების განსაკუთრებული ხელშეკრულებით. რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ვთქვათ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში, ეს დოკუმენტი არსებობს და ამას ეყრდნობიან.

როგორც ვიცი, პანკისის ხეობიდან კიდევ ერთი პრობლემა გვიახლოვდება.

- პანკისში პრობლემა სულ არის და იქნება, ოღონდ სხვა ფორმა აქვს. ეს არ არის ისეთი ტიპის პრობლემა, როგორიც 2000 წლის დასაწყისში იყო, როცა იქ შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები იმყოფებოდნენ. პანკისის ხეობა მუდმივადაა რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ და მუდმივად იყენებენ ამ კარტს, როგორიცაა პანკისის ხეობაში ბოევიკების დისლოკაცია. ახლაც გამოიყენეს რამდენჯერმე სხვადასხვა დონეზე და არ არის გამორიცხული, რუსეთმა იქ სპეცოპერაციის ჩატარება მოინდომოს. ახლა უკვე შემოდგომა მოდის და ვერ შეძლებენ, მაგრამ იმის მიხედვით, როგორი ურთიერთობა იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის მომავალი წლის გაზაფხულზე, შეიძლება დაიწყოს სპეცოპერაცია ხეობაში.

რაც შეეხება რეალობას, იქ მართლაც არასასიამოვნო სიტუაციაა. ძალიან გაძლიერდნენ ვაჰაბიტები. ვიღაც იქ, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ეტყობა, ამ ძალას ეყრდნობა ხეობის გასაკონტროლებლად. წამგებიანი თამაშია. ყველა იმ რეგიონში, სადაც ტრადიციული კავკასიური ისლამი დამარცხდა და ვაჰაბიტმა გაიმარჯვა, ყოველწუთიერი პრობლემები იქმნება. ასევე მოხდება პანკისის ხეობაში, თუ ტრადიციული ისლამის გაძლიერებას ხელი არ შევუწყვეთ და სახელმწიფოს მიერ ვაჰაბიტური მოძრაობის ლოკალიზება არ მოხერხდა.

ამ პრობლემის შესახებ თქვენგან დიდი ხანია გვესმის.

- არ კეთდება არაფერი და ბოლოს და ბოლოს იმდენი ვქენით, რომ აგერ, ფონიჭალაში, მივიღეთ ვაჰაბიტების თემი და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ ადგილას არის გაძლიერებული უკვე ფუნდამენტური ისლამი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კავკასიურ ტრადიციულ ისლამთან. აქედან გამომდინარე, ის რელიგიური მოზაიკა, რომელიც საუკუნეების მანძილზეა დალაგებული საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, ირღვევა და რღვევას ყოველთვის დაპირისპირება მოსდევს.

რა მიზნით ძლიერდებიან ვაჰაბიტები და ვინ აძლიერებს?

- არ ვიცი. პანკისის ხეობის შემთხვევაში ეს არასწორად არჩეული აქცენტია. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ფულშიცაა გასვრილი. სხვა შემთხვევაში, ელემენტარული უცოდინრობით ხდება. ვეჭვობ, საქართველოს სპეცსამსახურებში იყოს ისლამის სპეციალისტი. ჩვენთან სპეციალური ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს რელიგიებთან და რელიგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან ეს არ არის მონორელიგიური ქვეყანა.

ოსები ყაზბეგის რაიონზეც გამოთქვამენ პრეტენზიებს. რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

- ჩვენი უყურადღებობის გამო ნელ–ნელა ისეთი სურათი ჩამოყალიბდა, რომ ჩრდილო და სამხრეთოსურ პრესაში ყაზბეგის რაიონის მიკუთვნებაზეა ლაპარაკი, რომ ეს ტერიტორია თავის დროზე ოსეთს ეკუთვნოდა და სტალინმა გადასცა საქართველოს. ამას 2008 წლიდან წერს გაზეთი „პუტ ასეტიი", რომლის მეპატრონე არის ფაზაევი, რუსეთის დუმის დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში. ეს რუსული სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული და ამას განუწყვეტლივ უდებენ თავში საზოგადოებას. რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე მოსკოვში იტყვიან, რომ ეს ტერიტორია ოსეთის კუთვნილებაა და უნდა დაიბრუნონ. ყაზბეგის რაიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს. ყაზბეგის რაიონი რომ მაგათია, უკვე გარკვეული აქვთ, ჯერ მხოლოდ ის ვერ გაარკვიეს, სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის თუ ჩრდილოეთს.

გამაცინეთ, ბატონო მამუკა!

- სხვათა შორის, ეს სასაცილო არაა. თრუსოს ხეობა ახალგორს ეკვრის და იმ ხეობაში ბოლო წლებში მართლა ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა, თუმცა ომის შემდეგ იქ თითქმის აღარავინაა დარჩენილი. ეს ხეობა თუ დაიკავა კოკოითმა, ეს ნიშნავს, რომ სამხედრო გზას გადაჭრის გუდაურამდე და ყაზბეგი დაიკარგება. დიდი ყურადღება და მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. თუ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთ ნაბიჯს გავითვალისწინებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან პირდაპირ შეჯახებას რუსულ ძალებთან, რაც მოხდა, მაგალითად, მამისონზე და პერევთან და თუ კიდევ დავიხიეთ უკან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სამხედრო გზას დავკარგავთ. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს და ხელისუფლებამაც, რომ ასეთი საფრთხე გვემუქრება.

ომიდან რაღაც პერიოდი საქართველოს ხელისუფლების ლოზუნგი იყოდავმარცხდით, მაგრამ გავიმარჯვეთ". ბოლო ლოზუნგი, რომელიც ჩამოგვაწოდეს, არისბრძოლა გრძელდება!". რას ატყობთ, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რეალური ბრძოლა მიმდინარეობს?

- ჯერჯერობით ასე ხილულად არ ჩანს. საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა რომ გრძელდება, ფაქტია, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი შედეგები არ ჩანს, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯები რეალური და შედეგზე ორიენტირებულია. ბევრი რამაა დამოკიდებული პროცესებზე, რომლებიც აფხაზეთში ხდება, უფსკრულზე, რომელიც ნელ–ნელა ჩნდება აფხაზებსა და რუსებს შორის. აფხაზეთში, უბრალო ხალხში, უკვე ხშირად ისმის ტერმინი „ოკუპაცია". ეს მანიშნებელია, თუ როგორ იქცევა იქ რუსული არმია.

აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე რას იტყვით?

- პუტინი ლაპარაკობდა აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენაზე და მილიარდნახევარი რუბლის გადანაწილებაზე აფხაზეთის ეკონომიკაში, რომ აფხაზ ხალხს არავინ სჭირდება რუსეთის გარდა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მისიაც ჰქონდა, რომელიც ზედაპირზე არ იდო - უნდა ჩაეფარცხა ის დაძაბულობა და უსიამოვნება, რომელიც დღეს აფხაზეთშია. აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეცსამსახურების თანამშრომლებზე აფხაზური კანონი არ ვრცელდება. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხს ვერავინ აგებინებს საკუთარი ხელმძღვანელობის გარდა. ამიტომაცაა ცემა–ტყეპის, გაუპატიურების, ქურდობის და აფხაზური მოსახლოების შევიწროების ფაქტები. სხვათა შორის, რუსები ბევრად კორექტულები არიან გალის რაიონში, ვიდრე აფხაზეთის სიღრმეში.

როგორი ფორმის პროტესტი შეიძლება გამოხატონ აფხაზებმა რუსეთის მიმართ?

- რთული სათქმელია. ამ წუთში როგორია, იმას გეტყვით. ოპოზიციური პრესა იქმნება, საზოგადოების წარმომადგენლები ისევ მოსკოვში აგზავნიან წერილებს, არიქა, გვიშველეთ, უკანონობა ხდებაო. ეს ეტაპი, როცა მოსკოვში იწერებოდა წერილები, ჩვენ და ჩვენმა მეზობლებმა გავიარეთ გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს, 9 აპრილის შემდეგ.

ამის მიუხედავად, ჩვენკენ მაინც არ იყურებიან?

- საყოფაცხოვრებო დონეზე არის ლაპარაკი, რომ ქართველებთან ცხოვრება შეიძლება. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ქართველებს შეიძლება მაღალ ხმაზე ელაპარაკო, რუსებთან კი ამას ვერ ბედავენ. საიმედო არაფერია. ჩოჩიევის მეთაურობით შეიქმნა ცხინვალში კომისია, რომელმაც საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია უნდა მოახდინოს. რუს სპეციალისტებს დაუძახეს, მოსკოვიდან რუკები გამოითხოვეს და არის ერთი ამბავი. ახლა ამაზე იქნება გაუთავებელი ჭიდაობა, რომელი სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთში და რომელი - არა.

ანუ შეიძლება ახალ სოფლებზეც გაუჩნდეთ პრეტენზია?

- რასაკვირველია, შეიძლება, თრუსოს ხეობაზე ხომ ვილაპარაკეთ.