„მუსლიმი ძმები“ საქართველოს ემუქრებიან

„მუსლიმი ძმები“ საქართველოს ემუქრებიან

7 ოქტომბერს საქართველო მსხვილმასშტაბიან ტერაქტს გადაურჩა, - სამართალდამცავებმა ფოთი-სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთზე 1,5 კილოგრამი ტროტილი ამოიღეს.

ასეთი შემთხვევები საქართველოში სენსაციის ტოლფასია, თუმცა, თუ რუსულმა სპეცსამსახურებმა თავის გეგმას შეასხეს ხორცი, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, სამწუხაროდ, შესაძლოა, ასეთი ფაქტები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.

ინგუშური წყაროების ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩნდნენ იორდანიელები, რომლებიც თავს „მუსლიმი ძმების ასოციაციის" წევრებად ასაღებენ და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ჩრდილოკავკასიელი მუსლიმანების მთავარი მტრები ქართველები არიან.

„მუსლიმი ძმების" ლოგიკით, საქართველოს უკან დგას „სატანა“ - აშშ, რომელიც მუსლიმანებს ხოცავს ერაყსა და ავღანეთში, მართლმორწმუნეების ნავთობს იპარავს და ისლამის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის - ირანის განადგურებასაც აპირებს. აშშ-ის მოკავშირე კი საქართველოა, რომელიც ჯარებს ხან ერაყში გზავნის და ხან ავღანეთში. სხვათა შორის, აფხაზური წყაროებიც ადასტურებენ, რომ „მუსლიმი ძმების ასოციაციის" წევრები აფხაზეთშიც არიან.

„მუსლიმი ძმების ასოციაცია" ლეგალური ორგანიზაციაა იორდანიაში და მრავალ ათას წევრს ითვლის. ეს ორგანიზაცია პრორუსულია. მისი ხელმძღვანელების აზრით, მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩაახშოს ამერიკულ-სიონისტური შეთქმულება, რომლის მთავარი სამიზნე ისლამური სამყაროა.

„ეფ-ეს-ბე“-ს გადამკიდე, ჩრდილოეთ კავკასიაში უცხოურ ისლამურ ორგანიზაციებს ლეგალურად მოქმედება არ შეუძლიათ. გამონაკლისი მხოლოდ ზემოხსენებული საძმოა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ „მუსლიმი ძმები" რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებენ. ინგუში საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ამ ორგანიზაციის წევრებს ანტიქართულ პროპაგანდაში ხელს ადგილობრივი შსს-ს და „ეფ-ეს-ბე“ უწყობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ზემონახსენები იორდანიელები „მუსლიმი ძმების ასოციაციის" წევრები სულაც არ არიან და თავს ამ ორგანიზაციის წევრებად „ეფ-ეს-ბე“-ს დავალებით ასაღებენ.

რუსულ სპეცსამსახურებში კარგად იციან, რომ ყველა მუსლიმანისთვის ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციები მტკივნეული თემაა. ასეა ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჯიჰადმა ჩაანაცვლა. რუსებმა ისიც კარგად იციან, რას ფიქრობენ მუსლიმანები აშშ-ზე. საქართველო-აშშ-სა და ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების დაკავშირება კი დამწყებ პროპაგანდისტსაც არ გაუჭირდება.

თუ „ეფ-ეს-ბე“-მ ამ გეგმას ხორცი შეასხა და საქართველოს ქალაქებში ზოგ-ზოგიერთმა „ალაჰ აქბარის" ყვირილით სირბილი დაიწყო, ამოქმედდება დომინოს პრინციპი და ჩვენი ქვეყანა ავტომატურად გახდება ყველა ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე. შორს წასვლა არც დასჭირდებათ - საქართველო მუსლიმანური რეგიონების გარემოცვაშია, თან ჩვენს ქვეყანას ისრაელობამდე ბევრი აკლია, ამ ახალ გამოწვევას ადეკვატური პასუხი რომ გასცეს.