"ჩვენ კარგად დავინახეთ ამომრჩევლის ნება"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანსა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მიხეილ მაჭავარიანს ახალ პარლამენტში თანამდებობა აღარ ექნება. "რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ არის, ზოგი დატოვებს პარტიას, პარტიულ სტრუქტურებს გაძლიერება სჭირდება. როდესაც გავიმარჯვეთ, ბევრი მოგვეწება და ისეთები, რომელთაც ყოველთვის გამარჯვებულ ძალასთან უნდათ ყოფნა, ალბათ,  დაგვტოვებენ. ყვარყვარიზმი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იყო. იმედია, ადრე თუ გვიან, ეს სახადი გაივლის, მაგრამ ყვარყვარიზმი საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია", - განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა "კვირის პალიტრას".

არჩევნებში გამარჯვებას ელოდით?

- 8 წელზე მეტი ვიყავით ხელისუფლებაში და, როგორც ჩანს, ბევრი რამის გაკეთების მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები ვერ მოვაგვარეთ. დიდი ზიანი მოგვაყენა ციხეში გადაღებულმა ვიდეოფირმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ, მოსახლეობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სწორად ჩათვალა. მიღებულ შედეგს მხოლოდ ერთ რამეს ვერ დავაბრალებთ. მოსახლეობა ხედავს ჩვენს გაკეთებულ საქმეებს და ამიტომაც მივიღეთ 40%, მაგრამ, მეორე მხრივ, დაინახეს ჩვენი შეცდომებიც.

ეტყობა, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო, მოსახლეობისთვის უფრო დიდი იმედი გაეჩინა.

- ალბათ. არ გამოვრიცხავ, რომ მათგან მეტის მოლოდინი აქვთ. ჩვენ უკვე კარგად გაგვიცნეს. იცოდნენ ჩვენი წარმატებებიც და შეცდომებიც. ფაქტია, იყო პრობლემები. თუნდაც უმუშევრობა, მძიმე სოციალური პირობები. მიუხედავად იმისა, რომ პენსიებს ვზრდიდით და ინფრასტრუქტურას ვაკეთებდით, გვინდოდა, მეტი ინვესტიცია შემოსულიყო, იყო საკითხები, რაც ვერ გადავწყვიტეთ.

ოპოზიციონერის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ თავი?

- ჩვენ ვიქნებით ძალიან კონსტრუქციული იმ საკითხებში, რაც სახელმწიფოს ინტერესშია. ჩვენ არ გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს ზოგიერთ კოლეგას ჰქონდა, ყველაფრისთვის გავაკრიტიკოთ ოპონენტი და ჩავუსაფრდეთ.  ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომებს. ახლა "ქართულ ოცნებას" უნდა მივცეთ საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და ხელოვნურ ბარიერს არ შევქმნით. გადაიბარონ მთავრობა და გადაინაწილონ კომიტეტები. ოპოზიციას კი რა ბერკეტებიც აქვს მოქმედი რეგლამენტით, მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო მუშაობა იმ შენობაში, რომლის მშენებლობა დამთავრებულიც არ არის?

- პარლამენტის სხდომათა დარბაზი აბსოლუტურად მომზადებულია. ჩვენ იქ 26 მაისს შევიკრიბეთ. 20 ოქტომბრისთვის სამუშაოს ძირითადი ნაწილი მთავარ შენობაში დასრულებული იქნება. პარლამენტის პირველ სხდომას არავინ და არაფერი შეუშლის ხელს. რაც შეეხება განცხადებას, რომ ახალაშენებულ პარლამენტში ფანჯარა არ იღება, ვინც ამას ამბობს, უნდა იცოდეს, რომ ბევრ თანამედროვე შენობაში, მით უმეტეს, თუ ის შუშისაა, ფანჯარა არ იღება, რადგან მასში ტექნიკურად არის მოწესრიგებული მიკროკლიმატის სისტემა.  

ძველი პარლამენტის სხდომათა დარბაზის უმოწყალოდ განადგურება არ დაგენანათ?

- ძველი შენობის გადაკეთებას ვაპირებდით, რადგან სხდომათა დარბაზი მოძველებული იყო. პროექტიც კი გვქონდა და გვინდოდა ეს დარბაზი 150 კაცისთვის მოგვეწყო, მაგრამ მერე ქუთაისის თემამ წამოიწია და ეს საკითხი გადაიდო.

ექსპერტები "ნაციონალური მოძრაობის" მოსალოდნელ რევანშზე ლაპარაკობენ.

- ეს გამორიცხულია და ვინც ამას ამბობს, იმას ექსპერტს ვერ ვუწოდებ. ჩვენი ოპონენტები მუდმივად გვაბრალებდნენ, რომ ზედმეტად ძლიერი და დაუბალანსებელი ხელისუფლება ვიყავით. ახლა იქმნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური თანაცხოვრების ინსტიტუტებმა იმუშაონ.  რაც ეკუთვნის აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, ყველა ბერკეტს მივცემთ, რათა ქართველმა საზოგადოებამ არ თქვას, რომ "ქართულ ოცნებას" ვინმე ხელს უშლის.

მაგრამ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ბერკეტები რჩება. მას ემორჩილებიან გუბერნატორები და სხვა სტრუქტურები.

-  პრეზიდენტის ინსტიტუტი კანონის ფარგლებში იმუშავებს. თვითმმართველობებიც გააგრძელებენ მუშაობას. საზოგადოების ნაწილს სწორედ იმიტომ არ მოვწონდით, რომ ყველა ხელისუფლება ჩვენს ხელში იყო. საფრთხეებზე მოლაპარაკე ექსპერტებს უნდა მოსწონდეთ, რომ ხელისუფლება არ იქნება უზურპირებული.  ვიმეორებ, ყველა ბერკეტი და რესურსი, რაც სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას იმისათვის, რომ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს, ექნება.  

თუმცა ვხედავთ, რომ პარალელური სტრუქტურა ჩამოყალიბდა მერიის უსაფრთხოების სამსახურის სახით.

- როგორც ვიცი, ეს არ არის მუნიციპალური პოლიცია. ამაზე მერიამ გააკეთა განმარტება და მე ვერაფერს დავამატებ.

განსჯის საგანი გახდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უზრუნველყოფისა და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოების საქმიანობაზე კონტროლი სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაეცა. ეს უწყებები უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება.

- ეს უწყებები ისედაც ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო და ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა. თუმცა მართალი ხართ იმაში, რომ ხარჯების გამოქვეყნების წესი განსხვავებულია, ვიდრე ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ყოფნისას. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. 

სააკაშვილს ნათქვამი აქვს, ოპოზიციაში რომ ვიყო, 3 თვეში დავამხობდი ხელისუფლებასო. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ოპოზიციაშია, ანუ ემზადება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სამ თუ არა, ექვს თვეში მაინც?

- ჩვენ კარგად დავინახეთ ამომრჩევლის ნება, რომელსაც კონკრეტული ძალის იმედი აქვს. ამიტომ ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" საშუალებას, დაპირებების შესასრულებლად დაიწყოს მუშაობა. პირველად შევქმენით პრეცედენტი, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც პრემიერობის კანდიდატმა გამოაცხადა მინისტრობის კანდიდატები, ვთქვით, მობრძანდით, ნახეთ დოკუმენტები, ფინანსები და გააკონტროლეთ ახლავე, რომ არ ითქვას, გარდამავალ პერიოდში რამე მოხდაო. იგივე ითქმის პარლამენტის საკითხზეც. არ ვეცდებით ამომრჩევლის თვალში "ქართული ოცნების" გაშავებას. რაც მოგვეწონება მათ ინიციატივებში, მხარს დავუჭერთ.

ითქვა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები გამოჩნდა. ასევე დასახელდა თემურ ალასანიაც, რომელსაც აკავშირებენ პრემიერის გარდაცვალებასთან.

- ძალიან კარგია, რომ ახლა მაინც ვეღარ დაგვაბრალებენ, რაღაც იცოდით და დამალეთო. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პოლიტიზაციისა. თუ ადრე რაიმე ეჭვი არსებობდა, ახლა ხომ არის საშუალება, სიმართლე გაირკვეს. უპირველესად, ზურას მეგობრები ვართ დაინტერესებული, რომ ეს ლაპარაკი დამთავრდეს. ძალიან კარგია, თუ ყველაფერი გაირკვევა. მე ვნახე ამერიკელების მომზადებული დოკუმენტები. იქ არის რაღაც საკითხები, რაც იციან ოჯახის წევრებმა, მაგრამ არ იცის ფართო საზოგადოებამ. დამერწმუნეთ, მეც მოუთმენლად ველოდები ახალ გარემოებებს, რაზეც 7 წლის განმავლობაში იყო ლაპარაკი.

რა იციან ოჯახის წევრებმა ისეთირაც არ იცის საზოგადოებამ?

- არ მინდა მე ვილაპარაკო ამაზე. თუ გახსოვთ, იყო ლაპარაკი, საიდან გაჩნდა იქ საკვები. ამერიკელების დასკვნაში ეს დეტალები წერია. ასევე იყო ლაპარაკი რაღაც შეუთავსებლობაზე.

თუნდაც იმაზე, რომ საგნებზე არ იყო გარდაცვლილთა თითის ანაბეჭდები და ბინაში არ იყო იუსუფოვის ფეხსაცმელი.

- დიახ, ამერიკელების დასკვნაში არის ამგვარი დეტალები და როგორც ვიცი, ზურას ოჯახს ეს დეტალები უნდა სცოდნოდა.