“გრეჩიხა” გაძვირდა

“გრეჩიხა” გაძვირდა

„ჯაშუში ფოტორეპორტიორების“ ანეკდოტამდე მისული სკანდალის განვითარებისას ერთმა ჩემმა კოლეგამ ღიმილით მითხრა: „ახლა მივხვდი, სიმონ კილაძე რატომ დააპატიმრეს, - ელისოში აერიათ. რაც ამ ქალმა იცის, სპეცსამსახურების გარდა, ვერავის ეცოდინება, მაგრამ არავინ ეკითხება, - საიდანო“. ელისო კილაძის უკანასკნელ „გაჟონვაში“ ვკითხულობთ, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მინდია გულუამ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნების მიზნით, თურქეთში ლევან გაჩეჩილაძესთან და კოკა გუნცაძესთან შეხვედრები გამართა. შუამავალი ლევან გაჩეჩილაძის ცოლის დეიდაშვილის, მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია ყოფილა. ელისო კილაძის ვერსიით, ოქრუაშვილის გამწარება სწორედ ამან განაპირობა.

ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ „მაესტროს“ ეთერში, ცოტა არ იყოს, დაგვიანებული კი იყო, მაგრამ გაჩეჩილაძის მიმართ წაყენებული ვერცხლისმოყვარეობის ბრალდებები თეო ტლაშაძემაც გაამაგრა. როგორც ირკვევა, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა 5 პიკაპის ტიპის ავტომობილი რომელიღაც სატელევიზიო პროექტისთვის (არშემდგარის) იყიდეს და კიდევ ორი ჯიპი, რომლითაც ძმები სარგებლობდნენ. ეს მანქანები დღესაც მათ საკუთრებაშია. იმ ფურცელზე, რომელიც ოქრუაშვილმა ნათია მიქიაშვილს გადასცა, თვე-ნახევარში 600 ათასი (უცნობია, ლარი თუ დოლარი) არის მოთხოვნილი. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ლევან გაჩეჩილაძემ 26 მაისის შემდეგ ვალები დაფარა და დაყადაღებული სახლები გამოიხსნა.

მინდია გულუასთან გაჩეჩილაძე-გუნცაძის შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, რომელიც თავად იყო ქართველი ხელოვანების შეხვედრის ორგანიზატორი მინდია გულუასთან. ეს შეხვედრა მართლაც თურქეთში შედგა, მაგრამ გაჩეჩილაძისა და გუნცაძის სახელის დაკავშირება მასთან, ანჯაფარიძის აზრით, ან არაკომპეტენტურობის, ან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მანიშნებელი უნდა იყოს. ისიც ფაქტია, რომ ბიზნესმენი, თუ ის მართლაც სერიოზული ბიზნესმენია, მაინცდამაინც იმ პირებთან არ დაიჭერს საქმეს, რომელთა მიმართაც ფულთან დაკავშირებული ბრალდებები პირველად არ ვრცელდება.

ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ დასდო ბრალი გაჩეჩილაძეს: „აი, მისი ხელნაწერი დოკუმენტი, ინებეთ. რას ითხოვდა კვირების განმავლობაში, ყოველ კვირა რა ჯდებოდა ლევან გაჩეჩილაძის შენახვა, გეტყვით, რომ ეს არ არის მისი ხელნაწერი? ვიდეოფაილები გინდათ? მოგცემთ - რა დროს, რამდენი ფული აქვს აღებული. ადამიანი, რომელმაც სამი წლის განმავლობაში სამჯერ მაინც, მინიმუმ, სამჯერ მაინც გაყიდა საკუთარი ხალხი“.

ეს ბრალდებები ლევან გაჩეჩილაძემ პასუხის ღირსად არ ჩათვალა. ვიდრე გამოჩნდებოდეს და იტყოდეს, რომ პეტრე მოციქულმაც მზის ამოსვლამდე სამჯერ უარყო მაცხოვარი, ახალ პოლიტიკურ ტრენდში გარკვევა ვცადოთ.

ქართული ოპოზიციის პრობლემა ჯერაც რომ საპატიო მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, ეს სადავო არ არის. ასი წლის წინანდელი, ყველაზე პოპულარული ორი რუსული შეკითხვა - „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა ვაკეთოთ?“ - დღესაც აქტუალურია საქართველოში. ოქრუაშვილი ხელს ადებს გაჩეჩილაძეს, რომ მან ხელისუფლების შეცვლის გეგმა ხელისუფლებას 5 მილიონად ჩააბარა. ელისო კილაძე ეპასუხება: „რომელი გეგმების ჩაბარებაზე საუბრობს ოქრუაშვილი, რეალურად არანაირი ოქრუაშვილის გეგმები არ არსებობდა, არსებობდა ეფ-ეს-ბეს გეგმა. ეს იყო ბორტნიკოვისა და ბესედას შემუშავებული გეგმები. ისინი, როგორც ოქრუაშვილის კონსტრუქტორები (აქ, ალბათ, ინსტრუქტორები იგულისხმება), სთხოვდნენ მას რეალიზაციას. ხომ დადასტურდა, რომ ის ვლადიკავკაზში იგორ გიორგაძეს შეხვდა?“

არ ვიცი, ვინ დაადასტურა ვლადიკავკაზის შეხვედრა, ან რის „რეალიზებას“ უნდა ნიშნავდეს იგი, მაგრამ გიორგაძის მონახულება რომ ხელისუფლებას ცვლიდეს, ამას გაცილებით ადრე მოახერხებდნენ სულ სხვა პირები, თანაც მაშინ, როცა ოქრუაშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო და თავზარს სცემდა ტელემაყურებელს. ისიც საინტერესოა, ეფ-ეს-ბეს ინსტრუქტორებს ეს გეგმა 2008 წლის აგვისტოში არ ჰქონდათ თუ ნატოს ბომბდამშენებმა პამპერსებითა და წყლის ბალონებით გადაუღობეს გზა თბილისისკენ?

მაინც რამ შეუშალა ხელი ეფ-ეს-ბეს ეს უკვე მერამდენედ, ელისო კილაძე არ აზუსტებს. მისი ვერსიით, ოქრუაშვილი ამჯერადაც ეკეკლუცება რუსეთს და წინაპირობას უყენებს, რომ მისთვის ის საქართველოში ერთადერთი უალტერნატივო ლიდერია. მართალია, შიდა არეულობის მოწყობის გეგმა  ჩავარდა, მაგრამ კილაძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ ოქრუაშვილი „გაუპრავებს“ რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას.

კაცობრიობას ახსოვს „პლომბირებული“ ვაგონითა და გერმანული დაფინანსებით რუსეთში შეყვანილი რევოლუციის ბელადი - ლენინი, მაგრამ სულ მოკლე ხანში სახელმწიფო სტალინმა გადაიბარა და ყველაფერი სწორედ ისე წავიდა, როგორც სულ არ აწყობდათ ლენინისა და ტროცკის დამფინანსებლებს.

ზოგადად, პოლიტიკოსებსა და მათ ჟამთააღმწერლებს მართლაც სჯერათ, რომ დანარჩენი მოსახლეობა მათი ქმედებებისა და კომენტარების მოსასმენად შექმნა ღმერთმა. ხანდახან ამას ხალხიც იჯერებს, მაგრამ, როცა სცენაზე მსახიობები ზღვარს გადადიან და მათი სიყალბე აღარაფრითაა დაფარული, ხალხი ჯერ იცინის, მერე კი შეიძლება ლაყე კვერცხებითაც გაუმასპინძლდეს.

ჯერჯერობით ხალხი იცინის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ჯაშუში ფოტორეპორტიორების“ საქმე დაირღვა. იმაზეც იცინის, რომ „მდგრადი“ მაღალჩინოსნები ბათუმის „შერატონის“ აუზში ერთობ არამდგრად ვითარებაში აღმოჩნდნენ. იმაზეც, რომ დედალ-მამალი ძროხის ვერგამრჩევი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაყაყებისა და ნიანგების ექსპორტით აპირებს საქართველოს გადარჩენას. რას იზამ, ქვეყანაში, სადაც წიწიბურა („გრეჩიხა“) პერმანენტულად ძვირდება (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), სხვას რას უნდა ელოდე.

თუმცა ამ დღეებში გაირკვა, რომ საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტიც ჩავარდა. ავტორიტეტული თჰე Fინანციალ-ის ინფორმაციით, ბაყაყებისა და ნიანგების მოშენებით საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვება. „2009 წელს საქართველომ საექსპორტო პორტფელს ბაყაყები და ნიანგები დაამატა (ერთი იმ პორტფელში ჩამახედა, - ის რა იყო, რასაც ბაყაყები დაამატეს!). საქართველო გეგმავდა, გამხდარიყო სერიოზული მოთამაშე ბაყაყისა და ნიანგის ხორცის ბაზარზე. ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე „ცხელი“ ექსპორტი ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის შემდეგ. ორწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, საქართველოს ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდა“.

ის „ნაყოფიერი“ პერიოდი საქართველოს მოსახლეობას არ უგრძვნია, ისევე, როგორც აღმაშენებლის გამზირის მაცხოვრებლებს არ გაუგიათ არაფერი „ეგზოტიკური“ ინვესტორის შესახებ. არადა, თჰე Fინანციალ-ის ინფორმაციით, ექსპორტიორი ფირმა სწორედ აღმაშენებელზე მდებარეობდა. შესაძლოა, თანამედროვე ოსტაპ ბენდერების აბრაზე „ბაყაყებისა და ნიანგების“ ნაცვლად „რქები და ჩლიქები“ ეწერა, მაგრამ „პლეხანოველები“ საგანგებოდ მოშენებული ბაყაყებისა და ნიანგების ნაცვლად დღეს მორიელების შემოსევას ებრძვიან, ხელისუფლება კი ამშვიდებს, ცივი წყლით მოიბანეთ ნაკბენიო!

ლეიტენანტ შმიდტის შთამომავლები ბაყაყების ექსპორტს თურმე საფრანგეთში ახორციელებდნენ, მაგრამ იქ ხომ ოქრუაშვილია, რომელსაც თავის დროზე ღვინის ექსპორტირება დაავალა სააკაშვილმა. იქაც იტყოდა რაიმე „ფეკალურს“ და ფრანგებმა ქართულ ბაყაყზეც უარი თქვეს. სამაგიეროდ, რუსული ტელეკომპანიების ეთერში „ბორჯომის“ ინტენსიური რეკლამირება დაიწყო, მაგრამ ქართული ხელისუფლება ამაზე ჯიუტად დუმს. იქნებ ამაზე ოქრუაშვილი და გიორგაძე მორიგდნენ ვლადიკავკაზში? ელისო კილაძისთვის ეს უცნობია.

ყველაზე ზარმაცი დამკვირვებელიც კი მიხვდება, რომ შიდა პოლიტიკური ვითარების მორიგი გამწვავებისას „რუსულ საფრთხეზე“ საუბარი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. „რუსი მოდის, რუსი მოდის“!

- ასე აშინებდნენ სპარსელებს ქართველები დაუვიწყარ „გიორგი სააკაძეში“, რომელიც სტალინის დაკვეთით გადაიღო მიხეილ ჭიაურელმა. საქართველოს ხელისუფლებაც ასე აშინებს ქართველებს და ამერიკელებს. რუსები კი არ მოდიან, მათი მოგონილია გამოთქმა: „საშინელი დასასრული სჯობს უსასრულო საშინელებას“! ჩვენებური ლიბერალები კი წუხან, „მართლა რომ მოვიდეს, აღარავინ დაიჯერებსო“!

ჭორებისმოყვარული საზოგადოება დღეს იმის გარკვევას ცდილობს, მართლაც მოხდა თუ არა ბათუმის „შერატონის“ აუზში სექს-სკანდალი. თუმცა მთელ ამ ისტორიაში მთავარი სულ სხვა რამ არის: დგება ხოლმე მომენტი, როცა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა თუ არა კონკრეტული ფაქტი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხს ეს სჯერა და ამაზე ლაპარაკობს. ხელისუფლება შეუძლებელია არ გრძნობდეს, რომ ეს მისთვის მეტად სახიფათო ტენდენციაა: სჯობს სიძულვილის ობიექტი იყო, ვიდრე - დაცინვის.