მათი მორალური უფლებები

მათი მორალური უფლებები

„აგრესიასთან შეგუება, დამნაშავის დაუსჯელად დატოვება ნიშნავს საზოგადოებამ უარი ვთქვათ ღირსებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი, მაგრამ არა მოძალადე ხელისუფლის მოშიში საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოების გუშინდელ აქციაზე ათასობით ადამიანის მიერ გამოხატულმა პროტესტმა ძალადობის წინააღმდეგ დაგვარწმუნა, რომ ქართველი ერი უსამართლობას არ ეგუება და ღირსებას არ დათმობს.

ჭეშმარიტების დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. უნდა შევქმნათ ერთიანი სამოქალაქო ფრონტი, რომელიც სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის მებრძოლ ყველა პროფესიისა და ეროვნების ადამიანს გაგვაერთიანებს", - აცხადებს პარტია "თავისუფალი დემოკრატები".

აჰა, გამოფხიზლებულან. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოძმეთა სისხლმა ზეცას შესჩუხჩუხა და სამართალს ითხოვს. მართალი ხარ, potgeo. იქნებ ვინმემ მითხრას, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ალბათ კი.

თუმცა, სად იყო არასამთავრობო სექტორი და ერთიანი სამოქალაქო ფრონტი გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, 7 ნოემბრის შემდეგ, 6 მაისის შემდეგ, 15 ივნისის შემდეგ? ან, სად იყვნენ პოლიტიკურად ცნობადი სახეები 25 მაისის გვიან ღამეს, როცა ყველამ ვიცოდით, რომ მომიტინგეებს „დასცხებდნენ“? არადა, ეს მაშინაც ვიცოდით, როცა სახალხო კრებამ 21 ივნისი რევოლუციის დაწყების დღედ დააანონსა. უბრალოდ, არავინ წარმოიდგენდა, რომ შემდეგ, 26 მაისი ასეთი სასტიკი და სისხლიანი გახდებოდა. მაგრამ მაინც ვიცოდით....

ისე, რა საინტერესოა – პოლიტიკაში „არ მოსულა“ ერთი დღით წყენის დავიწყება? მაგალითად „რვიანი“ და დანარჩენები იმ ღამეს, რამდენიმე საათით, უბრალოდ, რომ მისულიყვნენ ამ აქციაზე და ეთქვათ ხალხისთვის: ჩვენ აქ იმისთვის კი არ მოვედით, რომ აქციის მოთხოვნას ვეთანხმებით, ან ნინო ბურჯანაძის ავანტურაში ვეხვევით, არა ჩვენ ახლა აქ რამდენიმე საათით ვიდგებით აქ, მიშამ „დუბინკები“ და ტყვიები რომ არ დაგიშინოთო. ნეტა, მერე მიშა პრეზიდენტი გაბედავდა სისხლის დაღვრას, წაქცეულებზე და გაქცეულებზე წიხლის დაჭერას?

მე მგონი, ოცნებებში გავიჭერი...

კიდევ მაწუხებს სუბიექტური აზრები.

ნინო ბურჯანაძემ არ იცოდა, რომ მისი თანარევოლუციონერი ექს-კოლეგა ახალ რევოლუციას სისხლში ჩაახშობდა? გვახსოვს, უთხრეს, დაიშალეთო და არ დაიშალნენ... მერე არ მახსოვს, რომელიღაც ნაცემი ლიდერი ამბობდა, ხალხისთვის რომ გვეთქვა, წავიდეთ აქედან, არ გამოგვყვებოდნენო. ისე, მაინც რომ გეთქვათ, მოდით, ხალხო, ექსცესები თავიდან ავიშოროთ და გზის მეორე მხარეს გადავიდეთ, ამით არაფერი დაშავდება,  იქნებ ხალხს მათთვის დაეჯერებინა? გონიერმა პოლიტიკოსმა ხომ ყველაფერი უნდა გათვალოს? თუ ხალხი ეტყოდა მათ, არა, არ დავიშლებითო, მაშინ ლიდერებს თავის სამართლებელი არაფერი ექნებოდათ. მხოლოდ ერთი კითხვა იყო საჭირო ლიდერთა  მომავალი ქმედებების  ლეგიტიმაციისთვის და მერე აღარც პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლო ქმედების გამო დაღვრილ სისხლზე ალაპარაკდებოდა ვინმე. დღეს ნინო ბურჯანაძე წუხს, რომ მას თანადგომას არავინ უცხადებს... არადა, ამისთვის ერთი სიტყვა იყო საჭირო - ხალხო, იქნებ სჯობს გზის მეორე მხარეს გადავიდეთ.

მე, როგორც ჟურნალისტმა, ერთი მოწოდებაც კი ვერ გავაკეთე - გადით აქციაზე-მეთქი… ზუსტად იმიტომ, რომ ვიცოდი, „ნაცები“ ხალხს სცემდნენ.... მე  ვიცოდი, რომ ხალხის ის რაოდენობა, რაც  რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე 21 მაისს მივიდა, იყო მაქსიმუმი იმ ადამიანებისა, ვისაც ღიად შეეძლო ებრძოლა ლოზუნგით - „მიშა გადადექი“. ეს რაოდენობა კი - რევოლუციისთვის საკმარისი არ იყო. მუხტი გაიზრდებაო, ეგონა ბევრს და მათ შორის ლიდერებსაც... მე არ მეგონა, რადგან მიშამ „დააძინა“ ხალხი, არა საღათას ძილით, მაგრამ მაინც ბანგი გაურია. ბევრი საიტი გახსენით აწი ასეთი სახელით „გამოღვიძება“. იცით, ვისაც მოგმართავთ.

მე არც ის მგონია, რომ თუ ლიდერები პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიებიდან იაქტიურებდნენ, „ნაცები“ გულხელდაკრეფილები ისხდებოდნენ.

„არ ვიცი, შვილო, რა ვქნა. ერთი პატარა სოფლიდან ვრეკავ. სკოლაში ბავშვები გააფრთხილეს, კარდაკარ ჩამოიარეს, მიტინგზე არ გახვიდეთო. ერთი პატარა თანამდებობა მიკავია და ამით ვარჩენ ოჯახს. სულით და გულით იმ ხალხთან ვარ, მაგრამ რა ვქნა?“, - არ მავიწყდება მოქალაქის ეს ზარი „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში. ჰოდა მოწოდება რომ გამეკეთებინა - მიდითო, მერე ხომ მთელი ცხოვრება ამ დაღვრილ სისხლზე უნდა მედარდა? არ ვიცი, მე ვიყავი მართალი, „რვიანი“ თუ „სახალხო კრება“  - მაგრამ ფაქტია, სისხლი დაიღვარა.

ისევ სუბიექტური აზრები მომეძალა...

წინააღმდეგობის მოძრაობამ იმაზე მეტი ღირსებაშელახული ქართველი შეკრიბა 28 მაისს რუსთაველის ძეგლთან, ვიდრე ნინო ბურჯანაძემ და „სახალხო კრებამ“ 21 მაისს. იქნებ, მართალია „რვიანი“ და ხალხს, გარდა იმისა, რომ ეშინია, მოწყინდა რუსთაველზე უშედეგოდ დასრულებული მიტინგები?

იცით, რა – მე მგონი, ხალხს ყველაზე მეტად „ძველი სახეები“ მოწყინდა და აღარ მიჰყვება მათ. სხვათა შორის, მოვლენების ობექტური შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ დღეს დაველოდოთ, როცა საარჩევნო გარემოსთვის „რვიანს“ აქციის გამართვა დაჭირდება, თუ „ნაცებმა“ ჭკუა არ იხმარეს და აქამდე არ მიიყვანეს სიტუაცია. მერე ვნახოთ, რამდენი ემხრობა რევოლუციის გზას და რამდენი - არჩევნების....

ეს მერე შევაფასოთ, ახლა კი - 26 მაისამდე რაც იყო, იმაზე არაფერს დავწერ. აი, 28 მაისს კი მართლა გავიხსენებ.... პარლამენტის შენობასთნ მისული უამარავი ადამიანი.... არასამთავრობო სექტორის ცნობილი სახეები ტრიბუნად გადაქცეულ კიბეებზე იდგნენ, პოლიტიკოსები დაბლა დარჩნენ.... ხალხში გმინვა ისმოდა, მათ არც პოლიტიკოსების იქ ყოფნა უნდოდათ და არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების – ტრიბუნაზე. ჩემი გამოკითხვა „ჩავატარე“ – ვის აქვს მორალური უფლება ამ აქციის ტრიბუნაზე იდგეს, თქვენი აზრით-თქო. ზაქარია ქუცნაშვილი და ირმა ინაშვილ  გამოკითხვებში აშკარა ლიდერები იყავნენ.

„ახლა, ის ჩამომაღებინა იქიდან.... რა უნდა, მანდ რომ გამოჭიმულა?! იმას კიდევ, საპარიკმახეროში მისვლა მოუსწრია და ისე მოსულა“,  - ვერ გეტყვით ვისზე თქვეს.