ალინა კაბაევა - ქართველი დათოს საყვარელი ქალი

ალინა კაბაევა - ქართველი დათოს საყვარელი ქალი

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა „ნიუ-იორკ პოსტმა“ ხმაური ატეხა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, ალინა კაბაევამ იმშობიარა, ბიჭი გააჩინა და პირმშოს ქვეყნის პრეზიდენტის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ბავშვის მამა რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი გახლავთო. ანალოგიური ინფორმაცია ივლისშიც გახმაურდა, მაგრამ მაშინ კაბაევამ თავის ვებ-გვერდზე გავრცელებული ხმები უარყო და განაცხადა, შტატებში სამკურნალოდ ვარ და, შვილი როცა მეყოლება, ამას არ დავმალავო. ახლა კი კაბაევას ვებ-გვერდი დუმს და იგი შვილის დაბადებას არ უარყოფს.

ალინა 1983 წლის 12 მაისს ტაშკენტში დაიბადა. გოგონა 12 წლის იყო, როცა ტანვარჯიშში რუსეთის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ნაკრების მწვრთნელმა, ირინა ვინერმა დაიჟინა, ეს ბავშვი დიდი ჩემპიონი გახდება და ყურადღება უნდა მივაქციოთო. კაბაევა მშობლებთან ერთად მოსკოვში წაიყვანეს და მისი აღმასვლაც დაიწყო. 1999 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კაბაევამ ფურორი მოახდინა და მხატვრული ტანვარჯიშის ყველა სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს ალინამ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და 2000 წლის ოლიმპიადაზე მთავარი ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა, მაგრამ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და როგორც წესი, რუსთა წარუმატებლობა ქართველებს დაბრალდათ. უფრო ზუსტად კი, პოლიციის ოფიცერს, 33 წლის დავით მუსელიანს, რომელიც კაბაევასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა.

- მე დათო მიყვარს და მალე ცოლადაც გავყვები. მას არ უნდა, რომ სპორტს დიდი დრო დავუთმო და სურს, მუდმივად მის გვერდით ვიყო. ამიტომაც, მზად ვარ, კარიერა დავასრულო. ჩვენი სიყვარულის ნიშნად დათომ „მერსედესიც“ მაჩუქა, – კაბაევას ამ განცხადებამ რუსეთი შოკში ჩააგდო.

რა თქმა უნდა, მუსელიანი პრესისთვის სასურველი ლუკმა გახდა და რუსმა ჟურნალისტებმა მალევე გამოჩხრიკეს, რომ ქართველ პოლიციელს ცოლ-შვილი ჰყავდა და კაბაევაზე დაქორწინებას სულაც არ აპირებდა. ნაჩუქარი „მერსედესი“ კი ალინას ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან ეს ავტომობილი თავად შეიძინა და დათოს „დააბრალა“, რადგან ამით მათ ურთიერთობაში მეტი რომანტიზმის შეტანა სურდა. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და კაბაევაც სპორტს დაუბრუნდა. მან განაცხადა, რომ ოლიმპიადას მოიგებდა და კარიერას მხოლოდ ამის შემდეგ დაასრულებდა. მართლაც, 2004 წელს გამართულ ოლიმპიადაზე ალინას ბადალი არ ჰყავდა და, მოსკოვში ოქროს მედლით დაბრუნებულმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, დიდი სპორტიდან მივდივარო. გოგონას წარმატება სპეციალური ორდენით დაუფასეს და მას მკერდზე მედალი ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაჰკიდა. სწორედ მაშინ ითქვა, პრეზიდენტს ალინა ძალიან მოეწონაო და მალე კაბაევა „ედინაია როსიას“ წევრი გახდა, დუმის დეპუტატის მანდატიც მიიღო, თუმცა, ჟურნალისტები ამბობდნენ, ალინას პუტინის მოხიბვლა გაუჭირდება, რადგან პატარა მკერდი აქვს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს კი ქალის პატარა მკერდი საშინლად არ მოსწონსო.

დუმაში პირველ სხდომამდე ორი თვე რჩებოდა და, ყველასთვის მოულოდნელად, კაბაევა გაუჩინარდა. ზოგი ამბობდა, რომ იგი შტატებში იყო, ზოგის ვერსიით, ალინა მზეს ოკეანის სანაპიროზე ეფიცხებოდა, მაგრამ ყველაფერს ფარდა პირველივე სხდომაზე აეხადა – კაბაევა ღრმა დეკოლტეთი და ახალი მკერდით გამოჩნდა, ისეთით, როგორზეც რეაქცია პუტინს კი არა, მთელ რუსეთს ჰქონდა. პირველი, ვინც კაბაევამ ახალი მკერდით მოხიბლა, ცნობილი მომღერალი და ასევე „გოსდუმის წევრი“, იოსიფ კობზონი გახლდათ. იგი ალინას მიუცუცქდა და საუბარი გაუბა, მერე გოგონას აქსესუარებით დაინტერესდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კობზონის შემდეგ ბედი კრასნოდარის მხარის გუბერნატორის შვილმა სცადა. დღემდე არავინ იცის, რა უთხრა მან ტანმოვარჯიშეს, მაგრამ ალინამ მას მუშტი მოუღერა. ერთ კვირაში კი კრასნოდარის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ, კაბაევას მუშტი პუტინისთვის არ მოუღერებია. პრემიერის რჩევით, გოგონამ საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა და ამ ფონდში წონიანმა ბიზნესმენებმა დიდი თანხების ჩარიცხვა დაიწყეს, ალინა კი მთავარ ქველმოქმედად იქცა და ამ საქმიანობაში პუტინის ცოლსაც გაასწრო. სწორედ მაშინ ატყდა სკანდალი და ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაიწერა, კაბაევას გამო პუტინი ცოლს ეყრებაო. გაზეთი დაიხურა, პრემიერმა კი საზოგადოებაში ცოლთან ერთად გამოჩენას მოუხშირა, თუმცა საკმარისი იყო, სადმე ალინაც გამოჩენილიყო, რომ პუტინს სახე ეცვლებოდა, უცნაურად ეღიმებოდა და „ბულკი“ ხდებოდა. არავინ დაინტერესებულა იმით, თუ როგორ მოახერხა კაბაევამ, რომ მოსკოვის გარეუბანში ორ მილიონ ევროდ სახლი ეყიდა, მაშინ, როცა მას ოფიციალურად არც ბიზნესი აქვს და არც რაიმე ქონება. არც იმაზე გასჩენია ვინმეს შეკითხვა, რატომ გაუჩინარდა გოგონა რამდენიმე თვის წინ და რატომ გადავიდა ამერიკაში საცხოვრებლად. მართალია, კაბაევამ დაიბარა, აქ სამკურნალოდ ვარ და მალე დავბრუნდებიო, მაგრამ ისე ჩანს, მკურნალობა მხოლოდ მშობიარობით შემოიფარგლება და კაბაევა ოქროსქოჩრიანი ბიჭით დაბრუნდება.

თუ ახალშობილი ბევრისთვის გახდება არასასურველი, მას, სავარაუდოდ, გააშვილებენ, პატარა ბიჭი რაღაც გზებით კასპის რომელიმე სოფელში გაიზრდება, მერე ისევ რუსეთში დაბრუნდება და... ხომ გაგიგიათ, ისტორია მეორდებაო.