„ჩვენი თაობა ვერ გამოიყენეს“

„ჩვენი თაობა ვერ გამოიყენეს“

ჩვენი თაობა ვერ გამოიყენეს! - ეროვნული ნაკრების კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს ეს სიტყვები შემთხვევით არ უთქვამს. მან გულით ნატარები ტკივილი გაგვიმხილა. ნემსაძე არ განეკუთვნება ფარისევლებისა და თავისმმართლებელთა კატეგორიას. ამიტომაც ვირწმუნე მისი სიწრფელე.

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, როდესაც 16-17 წლის მოზარდები საერთაშორისო ტურნირებს ზედიზედ იგებდნენ:

- „ნორჩ დინამოელსა“ და 35-ე სკოლაში მუშაობდნენ რეზო გაგუა და ზურაბ მაისურაძე. აი, ამ ადამიანებმა უნიჭიერესი თაობები გაზარდეს. ჩვენი გუნდები თითქმის ყველა ტურნირზე მინიმუმ სამეულში შედიოდნენ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გავხდით და გერმანიაში სამი წლით უფროსთა ტურნირიც მოვიგეთ. იცით, რა გუნდები დაგვიმარცხებია? „აიაქსი“, „გიოტებორგი“, „ბაიერნი“, ფინალში კი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები დავამარცხეთ. ამ თაობისთვის სწორი მიმართულება რომ მიეცათ, დღეს უნგრეთი ვერ დაგვამარცხებდა, ვერც იტალია და ვერც რუმინეთი.

გიორგი ნემსაძე 1990 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანი გახდა. იმ გუნდმა ფიგუსა და მისი თაობის პორტუგალია დაამარცხა. თუმცა, იმ პერიოდისთვის ნემსაძე უკვე ნაკრებში არ იყო, რადგანაც საქართველო საბჭოთა იმპერიიდან გამოვიდა, გია კი, ნაკრებიდან.

მაგრამ საბჭოეთიდან აყრილი ქვეყნებიდან ზოგმა ისწავლა ხეზე აძრომის საიდუმლო, საქართველოში კი ჩამოძრომის ხელოვნებას უფრო დავეუფლეთ. ფაქტი მოედანზე და ტაბლოზეა.

ბუნებრივია, თაობას გაზრდა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გვაჩუქეს სიხარული. ამიტომაც არ მიკვირს პასუხები, რომელიც გია ნემსაძესთან საუბრის დროს მივიღე.

გია, როგორ წარმოგიდგენია ვითარების გამოსწორება?

- როგორ და ... პატიოსანი შრომით, სუფთა ხელებით. ზუსტად როგორ გითხრათ, ათასი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ბევრი წვრილმანია, რომელიც უკუსვლას განაპირობებს. დაკონკრეტებისგან ახლა თავს შევიკავებ. ჩემს ნებისმიერ სიტყვას ასეთ არეულ მდგომარეობაში, არაა გამორიცხული, გაუგებრობა და აჟიოტაჟი მოჰყვეს და მეც თავს ავარიდებ. თუმცა, პრობლემები რომ არ იყოს, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით.

და რა არის ყველაფრის თავი და თავი - ჩვენში არსებული შური, გაუტანლობა, ანგარება თუ რაიმე სხვა უბედურება?

- ჩემი მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხულია. არ ვთქვა და ესეც საფიქრალს მიჩენს. ფეხბურთი ჩვენთან უკან-უკან მიდის და ერთხელაც ვიღაცამ უნდა თქვას, რაც ხდება. ამასობაში კი უნიჭიერესი ფეხბურთელების თაობები, მე მხოლოდ ჩემს თაობას არ ვგულისხმობ, იკარგებიან. ამ თაობებით სერიოზული წარმატებებისთვის უნდა მიგვეღწია. არადა, დამიჯერე, ბევრ ქვეყანაში მითამაშია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში ფეხბურთი მშვენივრად ესმით. თუმცა არ ვეთანხმები აზრს, თითქოს ლეგიონერთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეზე მეტყველებს. ვინც კი პატარა შანსს გამოძებნის, ყველა უცხოეთში გარბის. ამიტომაც გვყავს ლეგიონერები. ამ მხრივ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მართლაც პირველ ადგილზე ვართ. მაგრამ, ფეხბურთი რომ არ ვითარდება, ეს არის მთავარი. კუს ტემპითაც არ იგრძნობა პროგრესი.

მიზეზს რაში ხედავთ?

- ჩვენში გაიგეს, რომ ფეხბურთი დიდი შემოსავლის წყარო გახდა. მაგრამ, სწორი აზრი რომ ვერ გამოიტანეს, ამიტომაც აურიეს ფეხბურთი და ბიზნესი. ჩვენში ადრე ფეხბურთთან ბიზნესის გაერთიანება თუ იყო წარმოუდგენელი, ახლა მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით. ფეხბურთს მხოლოდ ბიზნესად აღიქვამენ. ამიტომაც ეწირება ყველაფერი ანგარებას. მოთამაშის გაზრდასაც აღარ ექცევა ყურადღება. მხოლოდ სატრანსფერო ფაციფუცია - იყიდე-გაყიდე. მაგრამ, ეს ფეხბურთია და არა ქარვასლა. ამიტომაც ვართ საშინელ დღეში.

ალბათ, ამის გამოა, რომ ბოლო დროს ქართველ მოთამაშეთა ფასი დაეცა...

- გეთანხმებით. საერთაშორისო არენაზე ჩვენი ცუდი გამოსვლა არის ქართული ფეხბურთის სარკე. საკლუბო დონით თავს ვერ მოვიწონებთ. მაგრამ, როდესაც ნაკრები წარმატებას მიაღწევს, შიდა პირველობასაც არავინ შეხედავს და ფეხბურთელებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. შემდეგ გამოჩნდებიან უცხოელი ინვესტორებიც. ევროპაში ყველას დეტალურად სწავლობენ და იციან, რომ შემთხვევით ვარსკვლავები არ იზრდებიან. როდესაც ჩვენ კარგად ვერ ვთამაშობთ, ყურადღებასაც აღარ გვაქცევენ. თანაც ხომ იცით, არჩევანს აკეთებს ის, ვისაც მეტი ფული აქვს. ჩვენნაირი იაფი ბაზარი კი ბევრია. ისინიც შედარებით წარმატებულებს არჩევენ.

არადა, იცით, როგორი ინტერესი იყო თავიდან? მენეჯერების ცვენა იყო ჩვენს თამაშებზე. მაგრამ წინსვლას ვერ ხედავენ და უკვე ყურადღებაც შემცირდა. შეიძლება, ევროპელი მოთამაშის დონის ვიყო, მაგრამ მას ათჯერ მეტ ხელფასს აძლევდნენ, ვიდრე ჩვენ, რადგანაც საქართველოდან ვართ. იციან, რომ ღარიბი ქვეყნიდან ვართ და მცირე თანხებს გვაძლევენ. ალბათ, ფიქრობენ, ესეც ეყოფათო. ამიტომაცაა ჩვენი კონტრაქტები ძალიან შეუსაბამო ევროპელებთან შედარებით.

გამოდის, რომ ფინანსურ დისკრიმინაციაში იმყოფებით?

- რა თქმა უნდა! მაგრამ ნაკრები რომ თავის სიმაღლეზე ყოფილიყო, ყველაფერს ეშველებოდა.

შენც გჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო?

- კი, მჯერა... ძალიან სერიოზულად. ამაში ევროპაში თამაშმა და ბევრმა სხვა ფაქტორმა დამაჯერა. სადაც მოვინდომეთ და სწორი მიმართულებით წავედით, გვქონდა კიდეც წარმატება.

ანუ სწორი მიმართულება გვაკლია?

- რა თქმა უნდა. ამიტომაც მჯერა ჩვენი ფეხბურთისა და სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი.

ნაკრებს დავუბრუნდები. შენი აზრით, ჯამარაულის არყოფნა გუნდს დაეტყო?

- და მერე როგორ! ყველაფერი უნდა ეღონათ ნაკრებში გოჩას დასაბრუნებლად, რადგანაც იგი სჭირდებოდა გუნდს. ჯამარაული დიდი ძალაა. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. არის ზოგჯერ შემთხვევა, როდესაც თამაში ჩაიკეტება. ასეთ დროს გოჩას ეხერხება თამაშის თავის თავზე აღება და მეტოქის დაშლა. ეს არის უდიდესი ნიჭი და საფეხბურთო სამყაროში გამორჩეულ ფეხბურთელებს აქვთ ამის უნარი. აი, ასეთი მოთამაშის ნაკრებში არყოფნა დანაშაულია. გოჩა არც თავზეხელაღებული კაცია, არც რეჟიმის დამრღვევი, რომ კლასის მიუხედავად, მასზე უარი თქვა. გოჩა ძალიან დიდი პროფესიონალია და ვერც ვიგებ, რას შეეწირა და რატომ არ არის გუნდში. ამიტომაც ვამბობ, რომ მისი არყოფნა დანაშაულია...

ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რა ძალა დაგვაკლდა. ის მხოლოდ გუნდში კი არა, ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს. მე მწვრთნელების საქმეში არ ვერევი და ხაზგასმით ვამბობ, რომ ჯამარაულს ჩემი სუბიექტური შეხედულებებით ვახასიათებ. მე რომ მწვრთნელი ვიყო, მას ვათამაშებდი. არ ვიცი, ფეხბურთს კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ დარჩენას აუცილებლად ვაპირებ. თუმცა, მე და ჩემი მეგობრები, ვინც ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, ვაპირებთ ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ და გავაკონტროლოთ იქ მიმდინარე პროცესები. სუფთა ხელებით, მჯერა, ბევრს მივაღწევთ.