რატომ ვერ ჩამოვიდა საქართველოში ელტონ ჯონი

რატომ ვერ ჩამოვიდა საქართველოში ელტონ ჯონი

„ისთერ პრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორის კახა კანდელაკის განცხადებით, კომპანია ელტონ ჯონის ჩამოყვანაზე უარი სათანადო თანხების უქონლობის გამო თქვა.

„მოლაპარაკებები ბოლო ფაზაში იყო შესული, მათი მხრიდან იყო შემოთავაზებული კონკრეტული რიცხვი 2012 წლის 6 ივლისი, თუმცა ვერ შეგროვდა სპონსორების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ამ კონცერტს დააფინანსებდა. ჩვენთვის კი, კერძო კომპანიისთვის, ეს ერთი ფესტივალის თანხაა, რისი გადახდაც ფიზიკურად შეუძლებელია". - ამბობს კახა კანდელაკი.

„ისთერნ პრომოუშენის" მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, კონცერტისთვის საჭირო თანხის მობილიზების თხოვნით კულტურის სამინისტროსთვის არც კი მიუმართავთ.

„კულტურის სამინისტროსთვის არ მიგვიმართავს იმ მიზეზის გამო, რომ ელტონ ჯონი ითხოვდა პიაცას, სადაც, მოგეხსენებათ, 2 ათას ადამიანზე მეტი არ ეტევა, ვინაიდან მისი სოლო პიანო არის 2000-2500 კაცზე გათვლილი და ფაქტობრივად, ვიწრო წრისთვისაა. შარშან საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ სტინგის კონცერტზე ყველა არ მოხვდა, ამიტომაც საზოგადოების ამ განსხვავებული აზრის გამო კულტურის სამინისტრო არ შეგვიწუხებია", - აცხადებს კახა კანდელაკი.

თუმცა კანდელაკი აქვე დასძენს, რომ ეს კარგი პიარი და ტურიზმის კუთხით საინტერესო განაცხადი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია, ერთი თვის წინ გაჟღერდა. მაშინ „ისთერნ პრომოუშენის" ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, ეძებდნენ სპონსორს, რომელიც ამ ღონისძიებას დააფინანსებს.