ოფიციალურად ოთხი გარდაცვლილი, ერთი გაცოცხლებული მკვდარი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით ადამიანი და თბილისიდან სხვადასხვა რეგიონებში „გადატყორცნილი“ აქციის მონაწილეები, 38 სასტიკად ნაცემი და საავადმყოფოში მოთავსებული, აქციის ათობით დაკავებული მონაწილე… - აი, 26 მაისის გამთენიის შედეგი. ეს - ოფიციალურად, არაოფიციალურად კი „პრესატვ.გე“-სთან საუბრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
„ჩემი ინფორმაციით, 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი, - აცხადებს უფლებადამცველი ლალი აფციაური, - მეტსაც გეტყვით, ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან დღემდე, ანუ 2004-2011 წლებში უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 900-ს აღწევს, ეს არის ოფიციალური მონაცემები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ სისხლიანი ხელისუფლების დამსახურებაა. ამ სადიზმში სააკაშვილს ხელს უწყობს დიპლომატიური კორპუსი, განსაკუთრებით შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. ეს არის კრიმინალური დაჯგუფების თავშესაფარი. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად გამომიგზავნა ვანო მერაბიშვილის უწყებამ.
ჩემს კითხვას - ვის შემოაქვს საქართველოში ნარკოტიკების ნიმუშები, ანუ ნარკოტესტი, უპასუხა - ნარკოტესტი შემოაქვს აშშ-ის საელჩოს. ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ქვეყანაში ნარკოტიკი საელჩოს არ შეაქვს. როცა მერაბიშვილის უწყების ოფიციალური პასუხი გადავუგზავნე საელჩოს და ორი კითხვა დავსვი - ადასტურებთ თუ არა შსს-ს მონაცემებს და თუ ადასტურებთ მიმითითეთ კანონის ნორმა, რომელიც გაძლევთ ქვეყანაში ნარკოტიკის შემოტანის უფლებას და მეორე - თუ არ ადასტურებთ, მაშინ რა უფლებით გაბრალებთ ვანო მერაბიშვილი ნარკოტრანზიტს?
საელჩომ დღემდე არ გამცა პასუხი, ან რა უნდა მიპასუხონ? მერაბიშვილი ტყუისო - ვერ დაწერენ, და თუ მერაბიშვილი მართალია, რა გამოდის? ეს ის საელჩოა, რომელმაც სააკაშვილს ხელ-ფეხი გაუხსნა და ტაში დაუკრა რუსთაველზე დაღვრილ სისხლს! სისხლს, რომელიც მე და თქვენ წუხელ მორგში ვნახეთ“.
ასათიანზე, ყოფილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ახლა პროზექტურა არის განთავსებული „პრესაგე.ტვ“ ღამის 12 საათზე მას შემდეგ მივიდა, რაც თავისუფლების მოედანთან ორი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ ამ ადამიანებს მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა. მიცვალებულებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, ალტერნატიულ ექსპერტიზაზე ოჯახმა უარი რომ თქვა, ეს „პრესაგე.ტვ“-ს მორგთან მყოფმა დაღუპულის მეგობარმა უთხრა: „როგორც ვიცი, ახლობლები უარს ამბობენ ალტერნატიულ ექსპერტიზაზე. ეგებ, მეუღლემ მოითხოვოს, ვნახოთ რას იტყვის“.
გარდაცვლილების ახლობლების გარდა პროზექტურასთან ლალი აფციაურმა სამოქალაქოტანსაცმლიანი პოლიციელები იცნო. „პრესაგე.ტვ“-სთან საუბრისას ამ ადამიანებმა არ უარყვეს, პოლიციელები რომ იყვნენ და მათი იქ დგომა ასე ახსნეს: „ჩვენ კანონი გვავალებს აქ ყოფნას“. კითხვა - რა ვითარებაში გარდაიცვალა ორი ადამიანი - უპასუხოდ დატოვა როგორც პოლიციამ, ისე - ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა.
„პრესაგე.ტვ“-სთვის ცნობილი გახდა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოში აღმოჩენილ გარდაცვლილთა გვამებს აღენიშნებათ დამწვრობა, რაც არ უკავშირდება შემთხვევით ე.წ. დენის დარტყმას, როგორც ამას ოფიციოზი აცხადებს. მეტიც - გარდაცვლილებს მაჯებზე პლასტმასის ხელბორკილები ედოთ.
„ეს ე.წ. ხელბორკილები ადამიანს ყველაზე დიდი 10 წუთი შეიძლება ეკეთოს. პლასტმასი ისე უჭერს მაჯებს, ადამიანი ხელს ვერ ატოკებს, რაც სისხლის შეგუბებას იწვევს. სისხლის შეგუბებას კი რაც მოყვება, ყველამ კარგად იცის. ხელშეკრული ადამიანი სახლის სახურავზე ვერ ავიდოდა და ისიც ძნელად წარმოსადგენია, რომ ჭერზე მაღალი ძაბვიც სადენები ასე უპატრონოდ „ეყარა“. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები მიიყვანეს უშიშროების უკვე გაუქმებულ „კაპეზეში“ სადაც სასტიკად აწამეს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მათი სიკვდილი უნდოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ვერ გაუძლეს სასტიკ წამებას. მეტიც - არის ინფორმაცია, რომ ყველა დაღუპულის და ნაწამები ადამიანების ოჯახის წევრები დააშინეს, ხმა არ ამოეღოთ. ზოგს პატიმარი ყავს ახლობელი, ზოგს - დაკავებით დაემუქრნენ “, - აცხადებს „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში ლალი აფციაური.
ხალხის დაშინების პარალელურად აშანტაჟებენ და აშინებენ ადვოკატებსაც. უკვე გახმაურებული ფაქტია ადვოკატების მანანა კობახიძის და ნათია კორკოტაძის იზოლატორში სამი საათით გამოკეტვა, რასაც კანონმდებლობით ადამიანისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ეწოდება. უჩავას დაკითხვის მოტივით იზოლატორში გამოძახებულუ ადვოკატი ნათია კორკოტაძე იმდენად ცუდად გახდა (მას აიძულებდნენ ზემოქმედების ქვეშ მყოფი უჩავას ჩვენებას დასწრებოდა), რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდათ.
„გამოსვლისას გვითხრეს, ეს ფაქტი არ გაახმაუროთო. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს მიგრძვნია თავი. რას ქვია, არ გავახმაუროთ, ან როგორ დაფარავთ, სასწრაფო იყო გამოძახებული-მეთქი, შევეკამათე პოლიციელს. ან როგორ დავფარავდი, ქალი ლამის ხელში ჩამაკვდა. ადვოკატებს როცა ასე გვექცევიან, წარმოგიდგენიათ რას გაუკეთებენ რიგით ადამიანებს?!“ - იხსენებს „პრესაგე.ტვ“-სთან მომხდარს ადვოკატი მანანა კობახიძე.
დღეს გვიან „პრესაგე.ტვ“-სთვის ცნობილი გახდა სოსო ჯაჭვლიანის დაკავების დეტალი. ერთ-ერთი თვითმხილველი ასე იხსენებს მომხდარს: შემოცვივდა სპეცნაზი, იქ მყოფები ყვიროდნენ ჩვენ აქციაზე არ ვიყავით, კინოში ვიყავითო. ბილეთები წარმოადგინეთო და, ვინც ბილეთი აჩვენა ისინი გაუშვეს. მიადგნენ გოგი ქავთარაძეს პირდაპირ სახეში ჩაარტყეს ხელკეტი, სოსო ჯაჭვლიანი გაიყვანეს, შაშიაშვილიც... კურტანიძემ, როცა ხელი შეახეს, მაგრად იბრძოლა, სამჯერ დააგდეს ძირს, მაგრამ კურტანიძე ყველას მოერია. ორჯერ წამოდგა, მესამე წამოდგომაზე დაახლოებით 20 სპეცრაზმელი მივარდა და გაათრიეს. გარეთ გაყვანილ ჯაჭვლიანთან ვიღაც მივიდა, სვანურად უთხრა რაღაც, ჯაჭვლიანი გაყვა. მერე გაირკვა, რომ იგი სპეცრაზმმა მცხეთაში წაიყვანა და ის სვანი ვინც ჯაჭვლიანს დაელაპარაკა სპეცრაზმელი იყო“...