ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის იურისტები რეგიონში მოქმედ დროებითი დაკავების იზოლატორებში, 26 მაისს დაკავებულ აქციის მონაწილეებს ეძებენ.
საიას თანამშრომლები ცდილობენ, ჩაერთონ დაკავებულების სასამართლო პროცესებში და აღმოუჩინონ მათ სამართლებრივი დახმარება.
„შემიძლია გითხრათ გვარები იმ პირებისა, რომელთა სასამართლო პროცესებზეც, მარნეულსა და ბოლნისში, ჩვენ შევძელით დასწრება. ესენი არიან: ავთანდილ გურჯიძე, დავით ნეფარიძე, გიორგი ობგაიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ჭანტურია, ცოტნე ჭელიძე, გიორგი ბერიშვილი და თორნიკე ბოჩიტაშვილი. უმრავლესობას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. თითები აქვს მოტეხილი გიორგი ჭანტურიას. ასევე, მას თავზე აღენიშნება ჭრილობები. ჩვენ მოვითხოვეთ გაეწიათ მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ მოთხოვნაზე დაგვთანხმდეს, თუმცა ვერ გეტყვით მოგვიანებით გაეწია, თუ არა მას შესაბამისი მკურნალობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის რთული იყო წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. არ გვაძლევდდნენ დაკავების ოქმებსა და ხშირ შემთხვევაში არ გვეუბნებოდნენ პასუხისმგელი პირის ვინაობას.
რაც შეეხებათ დაკავებულებს მათ 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პიროვნებების გარდა, მარნეულსა და ბოლნისში ვფიქრობთ, რომ იმყოფებიან აქციაზედაკავებული სხვა პირები”- საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი.
მისი ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი აცხადებს, რომ წინადაკავების საკანში მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მათთვის არ მიუყენებიათ. ასევე, მათი ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ აქციაში მონაწილეობას არ იღებდა და ტერიტორიაზე გავლით იმყოფებოდა. ფავლენიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა დაკავებულმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, აქციაზე ყოფნის ფაქტის დადასტურება არჩია.
პრესაგე.ტვ-მ 26 მაისს მიიღო არაოფიციალური ინფორმაცია, რომ აქციაზე დაკავებული პირები გარდაბნის იზოლატორში იმყოფებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
„მე გახლდით გარდაბნის იზოლატორში და იქ განგვიცხადეს, რომ აქციაზე დაკავებული პირები არ ყავთ, მაგრამ სირთულეებს ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. გარდაბნის წინასწარი დაკავების იზოლატორში არა თუ არ შეგვხვდა პასუხისმგებელი პირი, არამედ მისი ვინაობის დასახელებაზეც კი უარი გვითხრეს”- აღნიშნავს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.
ჩვენი ინფორმაცით რუსთავში „სახალხო კრების” ერთი არასრულწლოვანი წევრია დაკავებული. კრების დანარჩენი წევრები ქალაქში არ ბრუნდებიან.
„რუსთავის სახალხო კრებიდან რამდენიმე პიროვნებას დაჭერით და ანგარიშსწორებით აქციების დასაწყებისთანავე ემუქრებოდნენ. ამიტომ, ისინი რუსთავში არ ბრუნდებიან. ხოლო ნაწილი კი, რომლებსაც აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, უკვე სახლებშია და სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის ვერ მიმართავენ, რადგან მორიგი ანგარიშსწორების და დაჭერის ეშინიათ “ – გვითხრა ჩვენმა წყარომ.