ვლადიმერ გუცაევი  ცეზარ ჩოჩელს დაუპირისპირდა

ვლადიმერ გუცაევი ცეზარ ჩოჩელს დაუპირისპირდა

(იბეჭდება შემოკლებით)

თქმა არ უნდა, დიდი ვნებათაღელვა მოუტანა არჩევნებმა საქართველოს - პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მამაზეციერმა თუ იცის, როგორ დასრულდება და ვისი გამარჯვებით ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს სიტუაცია, წილი, ასე თუ ისე, ნაყარია და მართალია მორიგმა არჩევნებმა ერთხელაც აჩვენა, თუ როგორ ჰგავს საქართველოში მიმდინარე „სტაბილიზაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი“ სიზმარას ზღაპარს.

მაჟორიტარული არჩევნებით გულგატეხილი დარჩა ნაციონალისტთა წარმომადგენელი ვლადიმერ გუცაევი - ბატონი ვოვა წარმოშობით ოსია და ბუნებრივიც იყო, რომ ახალგორში მოინდომა კენჭისყრა. იქ ოს ამომრჩეველთა სიმრავლეა და გასაგები მიზეზის გამო, გუცაევს მისცემდნენ ხმას.

მთავრობის ფავორიტი ახალგორელ მაჟორიტართა შორის ახალგორის ყოფილი გამგებელი და ლუდ „ლომისის“ მწარმოებელ-დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი გახლდათ. ბატონი ვოვას თქმით, ადრე მას ღირსეულ კაცად იცნობდა და მასთან ნორმალური ურთიერთობაც ჰქონდა, მაგრამ როცა საქმე არჩევნებზე მიდგა, ჩოჩელი არასწორად მომექცაო...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და საფეხბურთო მენეჯერმა არჩევნებამდე გარკვეული დროით ადრე ახალგორელებთან შეხვედრა დაგეგმა და თან თავისი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მამა-მარჩენალი და პატრონი მიხეილ სააკაშვილი იახლა.

პოპულარული ფეხბურთელი და პოპულარული პოლიტიკოსი ახალგორში ისე ჩავიდნენ და ისე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხელი არავის შეუშლია, ეგ იყო, ჩვენი გამოსვლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავად ითხოვდნენ სიტყვას და ხალხს თავს უქონავდნენო, - ამტკიცებს გუცაევი.

ისე, მართლა დიპლომატიურად მისდგომიან სიტუაციას ახალგორის ხელისუფალნი - სააკაშვილსაც და გუცაევსაც დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ კარგად ვცხოვრობთ, არაფერს ვუჩივით და მაგათ ხმას ვერ მივცემთო...

- 3200 ხმიდან 1000-მდე ჩემი იყო, 2000-ზე მეტი კი ჩოჩელმა აიღო. როგორც ახალგორის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მაუწყა, ჩოჩელის მხარდამჭერებმა კარუსელი დაატრიალეს და ეს ხმები 4200-მდე გაზარდეს. თვალში ნაცარს არავის შევაყრევინებთ. კიდევ მიდის ამ საკითხის გარკვევა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს, - აი, ასე დაიმუქრა ბატონი ვოვა ქართული პრესის წარმომადგენლებთან საუბარში და ვნახოთ, რას იზამს...

სხვათა შორის, ახალგორის მთავარ საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარე კანდიდატ ჩოჩელის ძმა ყოფილა და თუკი ბიულეტენში მისი ძმის გვარი და ნომერი არ იყო შემოხაზული, ბეჭედს არ ურტყამდა.

გუცაევის თქმით, საღამოს 4-5 საათისთვის 1700 ამომრჩევლიდან 500-მდე კაცსღა მიუცია ხმა და რაკი დაინახეს, ეს რაოდენობა საკმარისი არ იყო, ადგნენ და ძალით გარეკეს ხალხი საარჩევნო უბნებშიო. საარჩევნო უბნებში კი სრული განუკითხაობა მეფობდა - არ არსებობდა საარჩევნო კაბინები და ამომრჩევლები ფანჯრის რაფებზე ხაზავდნენ ბიულეტენებს. ბუნებრივია, ვისაც რამე ეშლებოდა, იქვე საჯაროდ „უსწორებდნენ“ და ასე ნელ-ნელა იძირებოდა გუცაევის ავტორიტეტი ჩოჩელის ქარიზმატულობის მორევში.

გუცაევი სინანულით ლაპარაკობს იმ 8000 ამომრჩეველზე, რომელიც ახალგორის საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ნაწილშია თავმოყრილი. წარსულში ცნობილი ფეხბურთელის დაჟინებული რწმუნებით, ამ რაოდენობიდან უდიდესი ნაწილი სწორედ მისი მხარდამჭერია და ჩოჩელის გუნდმა სწორედ ამის გამო უგულებელყო ის ხალხი.

- იცოდნენ, რომ იქ საკუთარ ხმებს ვერ გაბერავდნენ, მოვიგებდით და ამიტომაც საერთოდ არ მიაღებინეს იმ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობა.

დაბოლოს, გუცაევის აზრი პროპორციულ სისტემაზე და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობაში:

- მათ ამ ბოლო ხანს შევუერთდი. იქ იყო ხალხი, რომელიც საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. პარტიულ სიაში ოცეულში გახლავართ და ამჟამინდელი მონაცემებით, პარლამენტშიც გავდივარ.

ღმერთმა ხელი მოუმართოს ვლადიმერ გუცაევს, როგორც ფეხბურთის ლობისტს ახალი მოწვევის პარლამენტში და თუკი ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ლაპარაკობს, თუკი მართლა იმისთვის იბრძოლა, რისთვისაც ბრძოლას აპირებს, დამერწმუნეთ, მომდევნო მოწვევის პარლამენტში ნამდვილად აღარ დასჭირდება საკუთარი ვაგონის ვინმეს ელმავალზე მიბმა და აღარც მიშას ოცეულში შესვლისთვის დაიწყებს ჩალიჩს.