აკაკი ასათიანით პროკურატურა დაინტერესდა

აკაკი ასათიანით პროკურატურა დაინტერესდა

გუშინ, დილით, საზეიმო განწყობით გაღვიძებულმა ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა (იგი 44 წლის გახდა) ორიგინალური საჩუქარი მიიღო - უწყება პროკურატურიდან (ინტერვიუსთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს სთხოვდნენ).

კანონმორჩილი კაცი ვარო, გაუფიქრია იუბილარ აკაკი ასათიანს და პროკურატურისკენ გაუწევია.

იქ კი მისთვის კორუმპირებულთა ვინაობის ჩამოთვლა მოუთხოვიათ. ბატონ აკაკის ამაზე კატეგორიული უარით უპასუხია და უთქვამს:

- მე ინტერვიუში იმათ ვგულისხმობ, ვისაც მთავრობის სხდომებზე პრეზიდენტი გულისხმობსო.

პროკურატურისგან პასუხის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ტრადიციონალისტთა ლიდერს შეუთავაზებია:

- თქვენ მკითხეთ, ვის გულისხმობთ, მე კი დაგიდასტურებთ ან უარვყოფ.

კონტრშეკითხვაზე პასუხისგან პროკურატურას თავი შეუკავებია.

იუბილარი აკაკი ასათიანი კი თავის ოფისში დათქმულ დროს დაბრუნდა.