(იბეჭდება შემოკლებით)
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის პერსონა საქართველოში მეტად აქტუალურია - ამასწინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ციხეებში მასობრივი არეულობების დროს მისი ფიზიკური ლიკვიდაციაც იგეგმებოდა. „ასავალ-დასავალის“ მკითხველს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ პირველი პირისაგან შეიტყოს, რა ხდება ციხის კედლებს მიღმა.
ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. შეესაბამება თუ არა სინამდვილეს?
- ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ გიკვირთ რაიმე?! ციხეში ყოფნისას არაერთხელ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. როცა წინა დღის ნაოპერაციევი, სისხლიან მაისურში ამოთხვრილი დათო მირცხულავა საავადმყოფოდან ციხისკენ გამოაქანეს, ისე, რომ ადამიანს ნორმალურად ნარკოზიდან გამოსვლაც არ აცალეს, როცა დათოს კლინიკური სიკვდილის დროს მორფინი გაუკეთეს, რაც აკრძალულია, როცა თქვენს მონა-მორჩილს ბნელ ოთახში უჭმელ-უსმელს მაწამებდნენ - ზურგზე სიგარეტს მაწვავდნენ, იმის საშუალებასაც არ მაძლევენ, სისხლი ჩავაბარო და ჩ ჰეპატიტზე ვიმკურნალო, როცა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი გაზით იგუდება, მოშიმშილე პატიმრებს დაუნდობლად სცემენ, რა გასაკვირია, რომ ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკური მოწინააღმდეგე სამუდამოდ დაადუმონ?!
ორიოდე დღის წინ მეზობელ საკანში 18 წლის ბიჭი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ერთი საათით ადრე ვისაუბრეთ და უცებ, მოულოდნელად დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ, ასევე გვერდით საკანში 35 წლის კაცს ღორივით გამოსჭრეს ყელი. ასეთი საეჭვო შემთხვევები ხშირია, ამ ყველაფერზე კი ხელისუფლება პასუხს არ აგებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ყველაფერი მათგან მომდინარეობს. ადამიანები ციხეში ქათმებივით იღუპებიან! სულ სხვაა ის რეალობა, რაც პენიტენციარულ სისტემაში არსებობს და რასაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი ლიკვიდაციის საფრთხე მართლაც არსებობს, თუმცა, რა ფორმით და სად იგეგმება, ამას წინასწარ არავინ შემატყობინებს.
ხელისუფლებას მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი რომ სტრასბურგში დასასრულს უახლოვდება ჩემი სასამართლო პროცესი, სადაც საბოლოოდ უნდა გაირკვეს სულხან მოლაშვილის ბრალეულობის საკითხი და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ხელისუფლების ქმედებას. ორად ორი ადამიანი - მე და დათო მირცხულავა დავრჩით, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ვართ დაპატიმრებული. თურმე, ჩვენ დაგვინგრევია ქვეყანა(?!)... სააკაშვილის ხელისუფლებას იმ მარტივი მიზეზის გამო არ აწყობს ჩვენი გარეთ გამოსვლა, რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობთ! გარდა ამისა, მე და დათო არცერთი პოლიტიკური გუნდის თამაშს არ ვთამაშობდით და არ მივიღეთ მაშინდელი ოპოზიციის მაცდური წინადადება - არაკაცობა ჩაიდინეთ და ჩვენს მხარეზე გადმოდითო. პირიქით, რევოლუციის დღეებში საჯაროდ გამოვედი და განვაცხადე, - ჯიშიანი ქართველი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ-მეთქი. ამას მაპატიებდნენ?! სამაგიეროდ, ყველა იმ მინისტრისაგან განსხვავებით, ვინც დღეს ქუჩაში წელში მოხრილი დადის და საკუთარი ცოლ-შვილის დანახვას ერიდება, ჩვენ ბედნიერები ვართ - შვილებს არაკაცობის კი არა, ზნეობისა და ერთგულების მაგალითი მივეცით. ამიტომაც აღმოვჩნდით ორივე მხარისთვის მიუღებელი. ჯორბენაძის მთავრობასთან რეალური დაპირისპირება დღევანდელ მმართველ კლანს კი არა, სულხან მოლაშვილს და დათო მირცხულავას ჰქონდა.
რას გულისხმობთ?
- გაიხსენეთ საღეჭი რეზინის ბიზნესთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები. მაშინ უამრავი კორუფციული ფაქტი ვამხილე. მაგალითად, ის, რომ მედიკამენტების სიაში საღეჭი რეზინიც ჰქონდათ შეტანილი. ჩვენ გამოვააშკარავეთ გაზის პრივატიზაციის საკითხები, განვაცხადეთ იმის შესახებაც, რომ 3 ჰექტარი ტერიტორია (პლეხანოვზე) ბეჟუაშვილებმა სულ რაღაც 130 დოლარად იყიდეს. გაიხსენეთ იუსტიციის სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგებიც, ფინანსთა სამინისტროში აღმოჩენილი 30 მილიონის „პრაკრუტკები“, საგადასახადოს რეფორმების სისტემაში დახარჯული 13 მილიონი დოლარი, რომლის ავანჩავანი კაციშვილმა დღემდე ვერ გაარკვია...
კონტროლის პალატა ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც არის ინფორმაცია დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პოლიტიკური და ფინანსური საქმიანობის, კონკრეტული კორუფციული შედეგების შესახებ, დაწყებული ბეჟუაშვილებით, დამთავრებული ნოღაიდელით, მაჭავარიანით, ბექაურით და ა.შ. ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული...
კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტის პირადი პატიმარი ვარ და დღემდე მისი სურვილით, მისი მითითებით ვიმყოფები ციხეში. რევოლუციის შემდეგ გიგა ბოკერია ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა დასაჭერ ადამიანთა სია. თავისი ნათესავის საშუალებით, რომელიც ჩემთან მუშაობდა, შემომითვალა კიდეც - სულხანი დასაჭერთა სიაშიაო. ამ სიაში შეყვანილნი იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ერთი-ორი კვირით უნდა დაეჭირათ და ისეთებიც, ვის მიმართაც პირადი შუღლი ჰქონდათ და უნდა ეწამებინათ.
ანუ გამორიცხავთ იმას, რომ შეიძლება 2006 წელს ბედმა გაგიღიმოთ და ციხეს თავი დააღწიოთ?! რა შეიცვლება პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენი განთავისუფლების შემთხვევაში?!
- არც მე და არც დათო ამ ხელისუფლებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოვადგენთ. რა უნდა შევცვალოთ ციხიდან გამოსულმა, უფლებააყრილმა, გაპარტახებულმა ხალხმა?!... ერთი რამ შემიძლია გითხრათ, პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული ჩვენი ციხიდან გამოსვლა. მაშინ გაგვათავისუფლებენ, როცა პრეზიდენტი ისურვებს. თუ როდის მოხდება ეს, მის კაცობაზე და ადამიანობაზეა დამოკიდებული!
კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას მინდა, შევეხოთ, რომელიც პატიმრების პროტესტსა და შიმშილობას უკავშირდება. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაცია. საინტერესოა, რას იტყვით თქვენ, რომელიც უშუალოდ ადევნებთ თვალს ციხის შიგნით განვითარებულ მოვლენებს?!
- ეს არ არის ამბოხი და ბუნტი. უბრალოდ, პატიმრები ითხოვენ ელემენტარული სოციალური პირობების შექმნას, რაც მათ გარანტირებული უნდა ჰქონდეთ პატიმრების შესახებ კანონით.
საქართველოს ციხეებში 3 ათას პატიმარზე მეტი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ არ აქვთ ელემენტარული ძილისა და წამოწოლის საშუალება. დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ოთახში ასზე მეტი ადამიანი იმყოფება. ერთ საწოლზე 5-6 პატიმარია მოთავსებული, ერთმევათ ადვოკატთან შეხვედრის უფლებაც. ვარდებით მოსული ხელისუფლება არ ერიდება მოშიმშილე პატიმრების ცემასაც - სიკვდილის პირამდე მიჰყავთ. ასეთი რამ საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი არ ხდებოდა.
რევოლუციის შემდეგ ლამის ფეხით ტენიან ადამიანებს ციხეში! რაც შეეხება ე.წ. კანონიერი ქურდების თემას, ეს არ არის ქურდების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, არამედ ხდება პირადი ანგარიშსწორება კონკრეტული ადამიანების მიმართ. თავად ასახელებენ კონკრეტულ გვარებს, რომლებიც თანაბარ პირობებში და სიტუაციაში მათ არც ინტელექტით, არც ცოდნით და არც ადამიანობით ჩამოუვარდებიან, მაგრამ რას იზამ, დღეს ამ ადამიანების ხელშია ძალა, მიეცათ საშუალება, ასე ბარბაროსულად გაუსწორდნენ თანამოქალაქეებს. თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი გამარჯვებაა, ისევე, როგორც ამას გარკვეულ ეტაპზე ახერხებდა ფაშისტური პარტია. რამდენ ხანს გასტანს მათი პარპაში, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. მინდა იცოდეთ, რომ სულხან მოლაშვილს ასე ადვილად ვერ გატეხენ!