"გივი თარგამაძე გაუპატიურებით იმუქრება"

უკრაინის რეგიონების პარტიის წევრმა ვლადიმირ სინკოვიჩმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სამართალდამცველ ორგანოებს უკრაინის საარჩევნო პროცესში უცხოელების ჩარევის მცდელობის აღკვეთა მოსთხოვა.

განაცხადა, - პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ შეიარაღებული ხალხი მოიწვია საქართველოდანო. "თუმცა, მათ აქაც შეეძლოთ იარაღის შოვნა, - აღნიშნა მან, - იუშჩენკომ ხომ საზღვრები გახსნა და თუ ვინმე დამნაშავე იყო რუსეთში, ყველა აქეთ წამოვიდა". სინკოვიჩმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ბეწვზე გადაურჩა დიდ არეულობასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას. არჩევნების დღეს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ჩარტერული რეისებით უამრავი ქართველი ჩავიდა. ძალიან იყვნენ მონდომებულნი, რომ საარჩევნო უბნებში შეეღწიათ.

"ათას ხუთასი გაურკვეველი პროფესიის ჯანღონიანი ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობდა დარეგისტრირებას, მათ შორის მხოლოდ ერთი ქალი იყო", - ბობოქრობდა დეპუტატი. მან პარლამენტარებს სთხოვა, გასცნობოდნენ ინტერნეტით გამოქვეყნებულ ტიმოშენკოსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბარს, სადაც ტიმოშენკო ვითომდა მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას უკრაინაში გამოგზავნილი "ე.წ. რაზმისთვის". "მათ შორის იყო საქართველოს შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმის ასობით მებრძოლი.

სააკაშვილი კი ირწმუნება, უკრაინაში დამკვირვებლები უკრაინელების თხოვნით და პარტიის თანხმობით ჩავიდნენო. რეგიონების პარტიას კი

მათ ჩასვლაზე თანხმობა არ მიუცია", - ამბობს სინკოვიჩი. მისივე ცნობით, უკრაინის მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარი, სადაც თარგამაძე ქალაქ დონეცკს ომითა და არაბუნებრივი ხერხით გაუპატიურებით ემუქრება.

სინკოვიჩმა სპიკერ ვლადიმირ ლიტვინს ამ ჩანაწერების მოსმენა სთხოვა, მაგრამ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. მაშინ სინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გადაწყვიტა საუბრის გამოქვეყნება, სადაც მერაბიშვილი თარგამაძეს ეუბნება, - 300 სპეც-რაზმელი თბილისიდან გამოფრენას ვერ ახერხებსო და ურჩევს, - იულიას დაურეკე, რათა თავისი თვითმფრინავები გამოგზავნოსო. "მეორე საუბარში თარგამაძე ვიღაც კონსტანტინეს ეუბნება, - "თუ არ დაგვარეგისტრირებენ, მე დონეცკს..." მრცხვენია ამ სიტყვების გამეორება, ამონაბეჭს დაგირიგებთ და თავად წაიკითხავთ.

თარგამაძე ხომ საქართველოში "ვარდების რევოლუციის" დროს მებრძოლებს მეთაურობდა. აი, ასეთ ხალხს გვიგზავნიან საქართველოდან, - დაასკვნა დეპუტატმა და მკაცრად მოსთხოვა შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტების გამოძიება.