რჩეულიშვილმა საარსებო მინიმუმად 35 ლარი დაგვიდგინა

რჩეულიშვილმა საარსებო მინიმუმად 35 ლარი დაგვიდგინა

(იბეჭდება შემოკლებით)

სოცლიდერი აქტიურობს. ახლა მან ოპოზიციასთან ელჩობა დაიკისრა.

ჟვანია-ბურჯანაძის გუნდს დილით მუსრის გავლებას ჰპირდებოდა, საღამოს კი თანამშრომლობა შესთავაზა. „ალია“ ვახტანგ რჩეულიშვილს ესაუბრა.

ბატონო ვახტანგ, 5 ფრაქციას მოაწერინეთ ხელი, რომ ხელახალი კენჭისყრა მომხდარიყო და იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობას მობილიზაცია მოეხდინა, ბიურო საერთოდ ჩაიშალა. ახლა კი ოპოზიციასთან გარიგება გიწევთ. რატომ?

- ახლა, ამ შუა კვირას, ხალხი ქალაქგარეთაა გასული, არ გროვდება კვორუმი, გიკვირთ ამაში რამე?

კვირის დასაწყისია, ბატონო ვახტანგ, როდისღა უნდა იმუშაოთ, აბა?

- მესმის, მაგრამ, აბა, შეკრიბეთ თქვენი რედაქცია, რამდენ დღეს იმუშავებთ ექსტრემალურ რეჟიმში?

ჩვენ სულ ვმუშაობთ...

- ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დაიღალნენ დეპუტატები! დღესაც არ მოვა ბევრი. თან რა სისულელეზე ვმსჯელობთ... განუხორციელებელ სისულელეზე!

მუშაობა თუ არ გინდათ, არავინ გაძალებთ, იყოთ პარლამენტში, წადით სახლში...

- ხალხმა გააკეთა არჩევანი და რა არჩევანიც გააკეთა, ის მოიგო ზუსტად.

დღეს სხდომის დაწყებისთანავე გამოხვალთ ინიციატივით, რომ შეიქმნას სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებულ საკითხზე. ოპოზიციასთან შეთანხმება რატომ დაგჭირდათ?

- ერთობლივი ჯგუფიც არ სჭირდება პრონციპში ამას. ფრაქციის ხელმძღვანელებმა უნდა მოვილაპარაკოთ ერთმანეთში, უნდა გადავწყვიტოთ საარსებო მინიმუმის საკითხი. შეთანხმებას თუ ვერ მივაღწიეთ, ისევ უნდა წავიდეთ ძველი სქემით, სრულად გავაუქმოთ ეს კანონი. მერე ჩვენი ძალებით მივიღოთ პრეზიდენტის კანონი. მე მირჩევნია ეს.

კი გირჩევნიათ, მაგრამ ოპოზიციასთან მორიგების გარეშე მაინც არ გამოგდით არაფერი. ახლა კი ამის დამალვას ცდილობთ...

- კი გამოდის, ოპოზიციასთან მორიგების გარეშეც, მაგრამ გამოდის გაჭიანურებულად. შეიძლება ეს ყველაფერი პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეს. მე არ მინდა პოლიტიკური კრიზისი და ამიტომ ვამჯობინებთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას.

ფაქტია, ჯერ ჟვანიას გუნდის პოლიტიკურ ბლოკადაში მოქცევა მოისურვეთ, ახლა კი ამ გუნდთან მორიგებას ცდილობთ. ასე რომ, თქვენი ლანძღვა-გინება ჟვანიას დედის რძესავით ერგება...

- შეერგოს! შეერგოს! სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის არის, რომ ჟვანია არასოდეს მისმენს მე, მაშინ როცა ამის დროა.

არავინ თუ არ გისმენთ, მაშინ ვისთან აპირებთ მოლაპარაკებას?

- მე დღეს გიგი წერეთელსაც ველაპარაკე. მექნება საუბარი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც. ვნახავთ, რა და როგორ გადაწყდება. რეალურად ოპოზიციაც წამსვლელია შეთანხმებაზე, წივილ-კივილის გარეშე გავაუქმოთ 115 ლარამდე საარსებო მინიმუმის გაზრდა, სანაცვლოდ კი მივიღოთ შესაბამისი გრაფიკი, რაც პრეზიდენტმა წარადგინა. წელს 35 ლარი იქნება საარსებო მინიმუმი, მომავალ წელს - 70 ლარი. ერთი წლის შემდეგ - 100 ლარი. ეს არის საარსებო მინიმუმის ისეთი ზრდა, როცა კანონის განხორციელებაც შესაძლებელია.

პრეზიდენტმა მინიმალური ხელფასი კი განსაზღვრა 35 ლარით, მაგრამ არ ითხოვა რიგგარეშე განხილვა...

- მერე რა, მთავარია, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებულ საკითხზე ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა პროცედურული დარღვევების გამო.