ივანიშვილი კრემლს არ მიეყიდება!

ივანიშვილი კრემლს არ მიეყიდება!

ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. მიუხედავად მცირე დარღვევებისა, საქართველოში შემდგარი არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და, რაც მთავარია, გამოავლინა ქართველი ხალხის ნება. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამიტომაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დიდი აღტაცებით უნდა მივესალმოთ.

საქართველოს არჩევნებზე ბევრი საინტერესო სტატია დაიწერა. ორი კვირის წინ გამოვიდა ჯინ რუბინის სტატია, სადაც ის ივანიშვილს ბრალად სდებდა პუტინის მოკავშირეობას.

ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოს სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. წარსულში ივანიშვილი სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერი იყო. ივანიშვილის "პროპუტინისტობა" იმაში გამოიხატება, რომ მას ესმის - საქართველოს ინტერესებს ავნებს რუსეთის წინააღმდეგ ღია აგიტაცია.

თუკი გეოგრაფიის, ისტორიისა და ეკონომიკური რეალიების აღიარება ვინმეს "პროპუტინისტად" ქმნის, მაშინ ამ ტერმინს ყოველგვარი აზრი ეკარგება. პროამერიკული შეხედულებებით ცნობილმა რადეკ სიკორსკიმ ასევე აირჩია რუსეთთან დაახლოების გზა არა იმიტომ, რომ რუსეთის მარიონეტია, არამედ იმის გამო, რომ აცნობიერებს - პოლონეთის დღევანდელი ინტერესები შეუთავსებადია რუსეთთან ღია კონფრონტაციასთან.

შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ისეთი რთული საკითხის მოგვარებას, როგორიცაა რუსეთთან და დასავლეთთან თანამშრომლობა? საეჭვოა, ვინაიდან გაჭირდება ამის მიღწევა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში დიდ გარღვევას არ უნდა ველოდოთ; ამავე დროს, გაგრძელდება დაძაბულობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ჯერ არ შეგვიძლია იმის თქმა რას იზამს ივანიშვილი, მაგრამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რას არ გააკეთებს: კრემლს არ მიეყიდება! საქართველოში არაპოპულარულია პრორუსული გეზი, თუმცა ფრთხილი პოლიტიკის გატარება ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ტონალობაში იქნება გარკვეული ცვლილება, თუმცა არსებითად არაფერი შეიცვლება: საქართველო განაგრძობს გზას დასავლეთისკენ და რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი კვლავ არ გახდება.

სააკაშვილმა წააგო არა იმიტომ, რომ კრემლმა რამე ძალისხმევა გამოიჩინა რეჟიმის შესაცვლელად, არამედ იმიტომ, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო მისი მმართველობით. თუკი სააკაშვილის წაგების ერთადერთ მიზეზად რუსეთის ზეწოლას განვიხილავთ, მაშინ ამით ვაჭარბებთ რუსეთის გავლენას საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში და არაფრად ვაგდებთ ქართველების როლს არჩევნებში. თუკი ივანიშვილი (ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში) საუკეთესო კანდიდატია, რომელიც რუსეთს შეეძლო შემოეთავაზებინა, მაშინ ГРУ-მ და ФСБ-მ სასწრაფოდ უნდა შეცვალონ გადაბირების ტაქტიკა.

ობამას ადმინისტრაციას ფსონი არავისზე გაუკეთებია, ვინაიდან ეს საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იქნებოდა და დიპლომატიური თვალსაზრისით - დიდი უტაქტობა. ობამას რომ ღიად დაეჭირა მხარი რომელიმე კანდიდატისთვის, დიდი სკანდალი და დიდი შეცდომა იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, ქართველებმა თვითონ გააკეთეს თავიანთი არჩევანი: უარი უთხრეს სააკაშვილს...