“ხალხი რომ დაგვეშალა, გვეტყოდნენ, თქვე მშიშრებო და კურდღლებოო!”

“ხალხი რომ დაგვეშალა, გვეტყოდნენ, თქვე მშიშრებო და კურდღლებოო!”

26 მაისს რუსთაველის გამზირზე დაშლილი აქციის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი თემურ შაშიაშვილიც იყო, რომელსაც თავში ხელკეტი ჩაარტყეს და  წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

- ღამე, დარბევის დროს ადგილზე 5000 კაცი იყო, ამდენი ხალხი 9 აპრილსაც არ ყოფილა. ხალხში საოცარი განწყობა იყო, ვამბობდით, 12 საათის შემდეგ რუსთაველზე ტანკების გარეშე სახალხო ზეიმი დავიწყოთ და ყველა მოვიწვიოთო.  

 

რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც მერიამ ოფიციალურად გაგაფრთხილათ სანქცირებული მიტინგის დროის ამოწურვის შესახებ, რა გაწყვეტილება მიიღეთ?

- სპეცნაზი უკვე შემოსული იყო, ამიტომ მერიის წარმომადგენელის გამოჩენა მხოლოდ ფორმალობა გახლდათ.

 

ანუ, დრო არ გქონდათ ხალხის გასაფრთხილებლად, თორემ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

- რომელ დროზეა საუბარი, მერიის წარმომადგენელი 1-ის 15 წუთზე მოვიდა,

1-ის 20 წუთზე უკვე დარბევა დაიწყო, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვანაირ გადაწყვეტილებას მაინც არ მივიღებდით. მოკლედ, ვკითხულობ მამაო ჩვენოს და როცა უკვე ბოლო სიტყვებს ვამბობ, ცრემლსადენი გაზი წამოვიდა. აქამდე მსგავსში არ მოვხვედრილვარ, ეს რა საშინელება ყოფილა. ხელიდან მიკროფონი გამივარდა და სცენიდან ვვარდებოდი. ხალხს ხველა აუტყდა და საშინელ მდგომარეობაში ჩაცვივდა. ტერიტორია ჯერ წყლის ჭავლით გაწმინდეს და მერე გაზის ბალონებს ისროდნენ. გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. პრაქტიკულად, ყველა ლიდერი დაშავდა. იმ მომენტში სცენასთან გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და მურმან დუმბაძე იყვნენ.  

 

სად იყვნენ დანარჩენები, ან ვინ დაშავდა?

- არ ვიცი, მე იქ სხვები არ მინახავს. ყველა მხრიდან ალყაში ვიყავით და კინოთეატრ “რუსთაველში” შევედით. ისინიც შემოცვივდნენ. ამ დროს უკვე  დარბაზში ვისხედით. როგორ გითხრათ ის სიტყვები, რასაც გვეძახდნენ?! თქვე პუტინის მეგობრებო, სათითაოდ გამოდითო, ყვიროდნენ. კრების საბჭოდან იქ მარტო მე ვიჯექი, ამიტომ ავდექი და მივედი. ტელეფონები ყველას თვალწინ დაუჩეჩქვეს. მათმა უფროსმა მიცნო და დანარჩენებს უთხრა, არ შეეხოთო. მერე მეორე მოვიდა, დაიძახა, როგორ არ შევეხოთო და თავში ხელკეტი ჩამარტყა. მერე ვიღაცას უთხრა, ეს ქვემოთ ჩაიყვანე და ჩააცილეო. ველურები ხალხს ხელკეტებს სულ ფეხებში ურტყამდნენ, ეს რა საშინელება სცოდნიათ. გარეთ გავედით და 100 კაცი მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი, ყველა ერთმანეთზე ელაგა. ამ დროს ჩემთან ერთად არც ერთი ლიდერი არ ყოფილა.

 

ეტყობა, ერთ-ერთს ჩემდამი განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდა, შენ შეჭამე საქართველოო, მიყვიროდა, მერე მეცა, თვალი უნდა ამოგიღოო, მერე ყურს მაჭამდა, არ ვიცი რატომ. ეს უნდა დავიჭიროთ, ეს უნდა ჩავყლაპოთო, ჩემზე ამბობდა, მერე კიდევ დაურეკეს და უთხრეს, გაუშვითო. მესმოდა, ძირს დაწვენილ მამაკაცებს რასაც ეუბნებოდნენ - ახლა უნდა წაგვიყვანოთ, გაგაუპატიუროთო, კალოევს თუ რაღაც გვარს ახსენებდნენ, აი, მაგასთანო. ყურებს არ ვუჯერებდი და ნახევარი საათი საერთოდ ვერ მოვედი აზრზე. ეს საშინელება იყო, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ სიცოცხლე დამთავრდა.

 

დანარჩენების ბედი თუ იცით, ან დაშავებული დაკარგული და დაპატიმრებული რამდენია?

- არაფერი ვიცით დაკარგულებზე. სახალხო კრების ოფისში 3-ის ნახევრისთვის მივედი. მარტო მე ვიყავი, ყველა ლიდერს დავურეკე და ვუთხარი, სასწრაფოდ ბრიფინგი ჩატარებაა საჭირო-მეთქი. დამთანხმდნენ. უცბად, იქაც პოლიცია შემოვარდა. 60 კაცი იყო, ყველაფერი უნდა შევამოწმოთო. მიიარ-მოიარეს და ისევ მოვარდნენ, ეს ბოთლები რატოა აქო. მანამდე მსგავსიც არაფერი გვქონდა ნანახი. ეჭვი არ მეპარება, ეს კოქტეილის ბოთლები თუ რაღაც, ოფისში არ იყო და იმათ შემოიტანეს! ამასობაში უფრო ცუდად გავხდი და 4 საათი, ვიდრე ოფისში ყველაფერს აღრიცხავდნენ, იატაკზე ვიწექი.

 

კრების საბჭოს წევრები განუწყვეტლივ იმეორებდნენ, სააკაშვილი პატრიარქის თხოვნას არ დაემორჩილაო, ამის შესახებ თქვენ საიდან იცოდით?
- მე საერთოდ პატრიარქის შეწუხებაც არ მინდოდა. იგი ამას თავისთავად, ჩვენი თხოვნის გარეშეც გააკეთებდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ინფორმაცია მოვიდა, სააკაშვილს აღლუმი პოლიციის შენობასთან გადააქვსო. ისე, ერთი რამ მინდა გითხრათ - იქიდან ხალხის გაშვება შეუძლებელი იყო. პატრიარქიც რომ მოსულიყო და ეთხოვა წადითო, ის ხალხი მაინც არ დაიშლებოდა.

 

გასაგებია, მაგრამ ლიდერის პასუხისმგებლობა არ გავალდებულებდათ, ხალხისთვის უეჭველი სისხლისღვრა თქვენ მაინც აგერიდებინათ და აქცია რომელიმე შემოთავაზებულ ადგილზე გადაგეტანათ?

- ხალხი მე კი არ გავაჩერე, რომ მეთქვა წადიო, მაინც არავინ წავიდოდა. უბრალოდ, ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა. რაც მოხდა, მაინც არ მჯერა, დღესაც სიზმარი მგონია.  

 

ეს იყო კრების მთავარი მიზანი, ამ შედეგზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი?

- კრების ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, აღლუმი სააკაშვილს არ მიეღო. დღესაც რომ მქონდეს საშუალება, ისევ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ეს არ მომხდარიყო. ხალხი რომ დაგვეშალა, გვეტყოდნენ, თქვე მშიშრებო და კურდღლებოო!

 

სისხლისღვრაზე იმიტომ წახვედით, რომ ამის თქმის შეგეშინდათ

- არა! ვიცოდი, რომ თქმა არაფერს ნიშნავდა, ის ხალხი მაინც არ წავიდოდა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ შეიძლებოდა, ვინმეს შეხებოდნენ. სწორედ ეს იყო ჩვენი შეცდომა - ეს არ გავთვალეთ. პოლიტიკურად კი ფანტასტიკური შედეგი მივიღეთ! მსოფლიო პრესა ნახეთ, დარბევის სურათები - ეს უკვე ისტორიაა. ეს დღე, ისედაც სამარისკენ მიმავალ გზაზე, სააკაშვილისთვის მართლა პოლიტიკური სამარე იყო.

 

ამ ფანტასტიკურ შედეგში დაღუპულ ორ ადამიანსაც ხომ არ ათვლით?! იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რა საჭირო იყო ბურჯანაძის ესკორტის ასეთი სისწრაფით გავარდნა, მით უმეტეს, თუკი ლიდერების გაშვების ბრძანება იყო გაცემული? ან  კრებას რა პოზიცია აქვს ხალხის დაღუპვასთან დაკავშირებით?

- მაშინ რა საჭირო იყო დასარბევად ამდენი ხალხის შემოყვანა და იმის გაკეთება, რაც იქ ხელისუფლებამ მოაწყო? ბურჯანაძე იქ რომ დაეჭირათ, საშინლად სცემდნენ. იქ იმათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ მიცემული. კრებაში ყველა ფიქრობს, რომ მსხვერპლი დიდი უბედურებაა, მაგრამ დღეს მსხვერპლი  მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა. ვიღაცის სიკვდილი, მით უფრო პოლიციელის, სწორედ ხელისუფლებას აძლევდა ხელს.

 

აღლუმი პრეზიდენტმა ჩაიბარა. ახლა რა იქნება თქვენი საპასუხო ნაბიჯი?

- დღეს ველოდებით, როგორი იქნება ხალხისა და პარტიების რეაქცია.  ოქრუაშვილმა და მისმა პარტიამ ზურგში ლახვარი ჩაგვცა, ხელისუფლების თამაში ითამაშა და ეს შედეგიც მის სინდისზეა. ორი დღე დავაკვირდებით და დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თუ როგორ, ამას ნახავთ!